Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”მასტ კერის” გახანგრძლივებისთვის საკანონმდებლო გარანტიებს ითხოვენ


ქვეყანაში მრავალფეროვანი ინფორმაციის გავრცელების კუთხით არსებული შეზღუდვების მოხსნის მიზნით, ”ეს შენ გეხება”-ში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები კამპანიის ახალ ტალღას იწყებენ. ამ ტალღის პირველ ეტაპზე მათ საქართველოს ხელისუფლებას გაუგზავნეს მიმართვა, რომელშიც ორი მოთხოვნაა ჩამოყალიბებული - შეიქმნას გარანტიები”მასტ კერის” და "მასტ ოფერ"-ის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე გასაგრძელებლად და დაუყოვნებლივ მოიხსნას ყადაღა მედიასაშუალებების კუთვნილ სატელიტურ ანტენებზე.

არასამთავრობო სექტორის აქტიურობისა და შემდგომ უკვე ხელისულების გადაწყვეტილების საფუძველზე, ”მასტ კერის” პრინციპი ძალაში არჩევნებამდე 60 დღით ადრე, მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან შევიდა. პრინციპი საქართველოში ავტორიზებულ საკაბელო ოპერატორებს წინასაარჩევნო პერიოდში ყველა საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ტელეარხის ტრანზიტს ავალდებულებს. მიუხედავად იმისა, რომ „მასტ კერი“ ამომრჩეველთა ლიმიტირებულ რაოდენობას შეეხება და ვერ ჭრის მთელი ქვეყნის მასშტაბით ალტერნატიული ინფორმაციის გავრცელების პრობლემას, მან მაინც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ამომრჩეველთა ინფორმირებულობას, - გვითხრა ლევან დოლიძემ, ხელმძღვანელმა პროექტისა ”სამოქალაქო მონიტორინგი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის”.

” ჩვენ ვაკვირდებით „მასთ ქერის“ შესრულებას. გვქონდა მონიტორინგი როგორც კახეთში, ისე აჭარაში, გურიაში, ასევე შიდა ქართლში და შეგვიძლია ვთქვათ, რომ „მასტ კერი“ განსაკუთრებით კარგად მუშაობს ამ რეგიონებში და არსებითი პრობლემები ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანიების სიგნალის გავრცელების კუთხით, ასევე მათი გავრცელების ხარისხის თვალსაზრისით, ჩვენ მიერ დაფიქსირებული ამ ეტაპზე არ ყოფილა”, –
ამბობს ლევან დოლიძე.
ანუ საკაბელო კომპანიებს დაახლოებით 190 000-მდე აბონენტი ჰყავთ და მოსახლეობის ამ ნაწილზე ვრცელდება ეს „მასთ ქერი“ და „მასთ ოფერი“. დაახლოებით 114 კომპანიას აქვს ავტორიზაცია გავლილი მაუწყებლობის ტრანზიტზე, მაგრამ ყველა მათგანი არ ფუნქციონირებს. დაახლოებით 80-მდე კომპანიაა, რომელიც რეალურად მუშაობს და მათ ჰყავთ დაახლოებით 200 000-მდე აბონენტი...
ხატია ყურაშვილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით „მასტ კერის“ სერვისით 190 000 აბონენტი სარგებლობს:

”ანუ საკაბელო კომპანიებს დაახლოებით 190 000-მდე აბონენტი ჰყავთ და მოსახლეობის ამ ნაწილზე ვრცელდება ეს „მასტ კერი“ და „მასტ ოფერი“. დაახლოებით 114 კომპანიას აქვს ავტორიზაცია გავლილი მაუწყებლობის ტრანზიტზე, მაგრამ ყველა მათგანი არ ფუნქციონირებს. დაახლოებით 80-მდე კომპანიაა, რომელიც რეალურად მუშაობს და მათ ჰყავთ დაახლოებით 200 000-მდე აბონენტი”, – გვითხრა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესმდივანმა ხატია ყურაშვილმა.

კამპანია ”ეს შენ გეხებას” წევრი ორგანიზაციების წარმომადგენელთა აზრით კი, მიუხედავად იმისა, რომ „მასტ კერი“ რეალურად მხოლოდ ქალაქის მოსახლეობის პრივილეგიაა და, ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი სარგებლობს, მისმა ამოქმედებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მრავალფეროვან ინფორმაციაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საქმეში. სწორედ ამიტომ სამოქალაქო სექტორი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ კეთილი ნება უნდა გამოავლინოს და შექმნას „მასტ კერისა“ და „მასტ ოფერის“ პრინციპის შენარჩუნების მექანიზმები არჩევნების დღისა და შემდგომი დროის განმავლობაშიც. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე“ თამარ ჩუგოშვილი ორ წელზე მეტი ხანგრძლივობის გარანტიებზე, 2015 წლამდე პერიოდზე საუბრობს:
თამარ ჩუგოშვილი
თამარ ჩუგოშვილი

”ვიდრე ციფრულ მაუწყებლობაზე არ გადავა ქვეყანა, მანამდე მნიშვნელოვანია, რომ ამ პრინციპის მეშვეობით საზოგადოებას ჰქონდეს წვდომა სხვადასხვა ტელევიზიებთან, რომლის წვდომაც იყო შეზღუდული აქამდე. ამიტომ ვინაიდან მიგვაჩნია, რომ „მასთ ქერი“ არის ძალიან სერიოზული მონაპოვარი საზოგადოებისთვის, ეს სიკეთე, ეს მონაპოვარი უნდა გაგრძელდეს არჩევნების შემდგომაც.”


არასამთავრობო სექტორის პათოსს, შეიძლება ითქვას, მხოლოდ ნაწილობრივ იზიარებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი. იგი მიიჩნევს, რომ „მასტ კერის“ გახანგრძლივება მაუწყებლებისა და საკაბელო ოპერატორების გადასაწყვეტი საკითხია:

”თავისთავად ჩარევა ამ სფეროში სამართლებრივად, ანუ სახელმწიფოს მხრიდან, არ არის მიზანშეწონილი. ზოგადად გამოხატვის თავისუფლების სფეროში, ტელევიზიების სფეროში სახელმწიფოს ჩარევა არ არის მიზანშეწონილი. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ არის საარჩევნო კამპანია და არის მეორე ძალიან ღირებული ინტერესი, მოქალაქის ინფორმირება, ამიტომ ჩვენ ეს ორთვიანი ვალდებულება დავაკისრეთ საკაბელოებს. რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, ეს თვითონ საკაბელოებმა უნდა გადაწყვიტონ, თვითონ იმ ტელევიზიებმა უნდა გადაწყვიტონ, ვისაც უნდა ჩართვა და როგორ და რანაირად, შეთანხმდებიან თუ არა ურთიერთობის შემდგომ გაგრძელებაზე.“

მმართველი პარტიის წარმომადგენლების ამგვარი განმარტებების მიუხედავად, სახელმწიფოს მიერ ცალკეული მედიაკომპანიების საქმიანობაში ჩარევის პრეცედენტების გათვალისწინებით, არასამთავრობოები „მასტ კერის“ გაგრძელების საკანონმდებლო გარანტიებს ითხოვენ. არასამთავრობო ორგანიზაციების ყურადღების ცენტრში რჩება ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების კუთვნილი სატელიტური ანტენების დაყადაღების ფაქტი. შესაბამისად, ”ეს შენ გეხებას” ფარგლებში ისინი მოითხოვენ, რომ დაუყოვნებლივ მოიხსნას ყადაღა მედიასაშუალებების კუთვნილ სატელიტურ ანტენებზე, უზრუნველყოფილ იქნეს სატელიტური ანტენების გავრცელების შესაძლებლობა და ხელისუფლებამ, ნაცვლად ყადაღისა, გამოიყენოს მონიტორინგის სათანადო მექანიზმები. საარჩევნო ექსპერტი ირაკლი მელაშვილი, მაგალითად, მიიჩნევს, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის ეგრეთ წოდებული გონივრული ეჭვის შემთხვევაში, რომელიც ანტენების დაყადაღების საფუძველი გახდა, მონიტორინგი უფრო მიზანშეწონილი მექანიზმია, ვიდრე ყადაღა:
ირაკლი მელაშვილი
ირაკლი მელაშვილი

”როდესაც გადაწყვეტილება მიღებულია ეგრეთ წოდებული გონივრული ვარაუდის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ყადაღის ცნებას არ იცნობს გონივრული ვარაუდისადმი. გონივრული ვარაუდის საფუძველზე შეგიძლია მონიტორინგი აწარმოო, რომ ვინმემ ხმის მიცემის სანაცვლოდ ანტენა არ დააყენოს, რაც აბსურდია, მაგრამ იაროს კონტროლის პალატამ და უყუროს, როგორ უყენებენ ანტენებს და სთხოვენ თუ არა ამისთვის ხმის მიცემას.”

მედიასაშუალებების კუთვნილ ანტენებზე ყადაღის მოხსნისა და „მასტ ქერის“ პრინციპის არჩევნების შემდგომ გაგრძელების მოთხოვნით კამპანიის ფკრგლებში არაერთი ღონისძიება იგეგმება. ამ საკითხებზე სასაუბროდ კი ”ეს შენ გეხება” უახლოეს დღეებში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უწყებათშორის კომისიასთან გამართავს შეხვედრებს.
XS
SM
MD
LG