Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არის Mustang wanted?


Mustang wanted - ასე უწოდებს თავს კიეველი ახალგაზრდა, სახელად გრიგორი, რომელიც, უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის ფონზე, სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს. ის მაღალსართულიან შენობებზე, ამწეებზე, ინსტალაციებზე ძვრება და ფოტო და ვიდეოაპარატებით იღებს თავის თავგადასავლებს, რომლებსაც მილიონობით მნახველი ჰყავს ინტერნეტში. მისივე გადაღებულია ფილმი, რომელზეც აისახა სისხლისმღვრელი დაპირისპირება კიევში დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის. რამდენიმე დღის წინ მუსტანგ უონტიდმა ისევ მიიპყრო ყურადღება...

მიმდინარე თვეში ვიუწყებოდით ერთობ სახიფათო და ორიგინალურ აქციაზე, რომლითაც მოსკოვში უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს. ეს აქცია გამოიხატა მოსკოვის ცენტრში მდებარე საბჭოთა პერიოდის ცნობილ შენობაზე უკრაინის დროშის აფრიალებით და ამავე შენობის შპილზე წამოცმული ვარსკვლავის უკრაინის დროშის ფერებად შეღებვით.

არავინ იცოდა, ვინ აცოცდა სახიფათო სიმაღლეზე უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოსახატავად, მაგრამ პოლიციის ცნობით, მოსკოვის ოთხი მკვიდრი დააკავეს, ცოცვისთვის საჭირო აღჭურვილობით.

მე ვარ ის ადამიანი, რომელიც, ჭეშმარიტად პატრიოტული გრძნობებით შთაგონებული, ავძვერი კოტელნიჩესკის სანაპიროზე მდებარე მრავალსართულიანი სახლის სახურავზე და მისი შემამკობელი ვარსკვლავი ჩვენი მშობლიური უკრაინული დროშის ფერებად გადავღებე, შემდეგ კი იქვე აღვმართე დამოუკიდებელი უკრაინის დროშა...
Mustang Wanted

ამ გახმაურებული ამბიდან რამდენიმე დღეში ინტერნეტში გავრცელდა, ასე ვთქვათ, აღიარებითი ჩვენება. აი, ნაწყვეტი Mustang Wanted-ის რუსულენოვანი პოსტიდან, რომელიც სოციალურ ქსელ ფეისბუკში გამოქვეყნდა:

„ძვირფასო თანამემამულენო, პატივცემულო რუსებო, აგრეთვე ქალაქ მოსკოვში მართლწესრიგის მამაცო დამცველნო! მე, გრიგორი (იგივე Mustang Wanted), უკრაინის მოქალაქე, იძულებული ვარ ვაღიარო - არა ლამაზი სიტყვებისთვის, არამედ იმისათვის, რომ დავეხმარო რუსეთის უდუნაშაულო მოქალაქეებს, ხულიგნობაში ბრალდებულ პირებს, რომლებსაც აქვთ ყველანაირი შანსი, გახდნენ თავისი სამართლიანობით საყოველთაოდ ცნობილი რუსული მართლმსაჯულების მსხვერპლნი. მე ვარ ის ადამიანი, რომელიც, ჭეშმარიტად პატრიოტული გრძნობებით შთაგონებული, ავძვერი კოტელნიჩესკის სანაპიროზე მდებარე მრავალსართულიანი სახლის სახურავზე და მისი შემამკობელი ვარსკვლავი ჩვენი მშობლიური უკრაინული დროშის ფერებად გადავღებე, შემდეგ კი იქვე აღვმართე დამოუკიდებელი უკრაინის დროშა, რის შესახებაც მაქვს ფოტო და ვიდეომტკიცებულებები“.

თავის ტექსტში (გარდა იმისა, რომ მოითხოვს შინაპატიმრობიდან გამოუშვან მოსკოვის თავზე უკრაინის დროშის აფრიალებაში უსამართლოდ ბრალდებული ხალხი) Mustang wanted გამოთქვამს მზადყოფნას, რუსეთში სასამართლოს წინაშე წარდგეს ნადეჟდა სავჩენკოს ნაცვლად. სავჩენკო არის უკრაინელი პილოტი, რომელიც რუსეთში - ვორონეჟში - იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, ლუგანსკთან ორი რუსი ჟურნალისტის დაღუპვასთან დაკავშირებული ბრალდებით. კიევი ამტკიცებს, რომ ნადეჟდა სავჩენკო უკრაინის ტერიტორიაზე დააკავეს სეპარატისტებმა, რის შემდეგაც ის რუსეთის მხარეს გადასცეს.

მაგრამ დავუბრუნდეთ კიეველ გრიგორის, იმავე Mustang wanted-ს.

ინტერნეტპორტალ იუტუბზე რამდენიმე მილიონჯერ არის ნანახი მისი თავბრუდამხვევი ტრიუკები, მათ შორის, სიარული, ცოცვა, ხტომა ამწეებსა თუ მრავალსართულიან შენობებზე - დამცავი ჩაფხუტის ან თოკების გარეშე.

„სახურავებზე არ მეშინია. მეიდანზეც - ვერ ვიტყოდი, რომ მეშინოდა. უბრალოდ, მძიმე იყო იმის ყურება, როგორ იხოცება ხალხი“, - იხსენებს კიეველი ახალგაზრდა ინტერვიუში, რომელიც ჩაწერა წელს, ივნისში, ჩვენი რადიოს რუსული სამსახურის რედაქტორმა დმიტრი ვოლჩეკმა.

Mustang wanted არა მარტო უყურებდა, არამედ ვიდეოზე იღებდა სისხლისღვრას კიევში - თებერვალში მომხდარ დაპირისპირებას ევრომაიდანზე შეკრებილებსა და უკრაინის პოლიციის სპეცდანიშნულების შენაერთ „ბერკუტს“ შორის.

„200-მეტრიანი დისტანციიდან ავტომატებით ისროდნენ. ხალხი კი არ ჩერდებოდა. მაინც მიდიოდნენ. ჩანდა, რომ იქ უკვე ათობით გვამია და მაინც არავინ ჩერდებოდა. ყველა წინ მიდიოდა - წინ, წინ... ჯარისკაცებიც კი ყოველთვის ასე ვერ მიიწევენ ხოლმე“, - იხსენებს გრიგორი.

მაიდანზე დაპირისპირებისას თებერვალში ათობით ადამიანი დაიღუპა. ვიდეომასალა, რომელზეც ეს სისხლისღვრა არის ასახული, კანის კინოფესტივალზეც აჩვენეს.

ბოლოხანს Mustang wanted აღმოსავლეთ უკრაინაში იყო ჩასული - იქ, სადაც უკრაინის ჯარები აწარმოებენ, კიევის შეფასებით, ანტიტერორისტულ ოპერაციას რუსეთის მომხრე სეპარატისტების წინააღმდეგ.

„ხალხს არ უნდა რუსეთში, მოსახლეობის უმრავლესობას არ უნდა. მეამბოხეები კი ახლა მთელ მილიციას აკონტროლებენ. ხალხს ყველაფერს ართმევენ, მანქანებს ართმევენ“, - ამბობს Mustang wanted. მისი აზრით, კონფლიქტი არ გადაიზრდება რუსეთთან სრულმასშტაბიან ომში.

„რუსეთს უფრო დიდი არმია ჰყავს, ბირთვული იარაღი აქვს, მაგრამ ხალხს არ გააჩნია იდეა... რა, დედარუსეთისათვის იბრძოლონ და დახოცონ უკრაინელები, რომლებიც ამ სიტუაციაში აშკარად არ არიან აგრესორები?“ - ასეთ შეკითხვას სვამს კიეველი გრიგორი Mustang wanted, რომელიც არ აპირებს შეწყვიტოს სახიფათო სიმაღლეზე ცოცვა და, მეტიც, თავისი აქციების სახიფათო ტერიტორიაზე ჩატარება.

მან ამ კვირაში გამოაცხადა, რომ 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, აცოცდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ შენობაზე.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG