Accessibility links

logo-print

სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ემზადება, თუმცა, გასული წლების მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, სიფრთხილეს იჩენს და ჯერჯერობით არ კონკრეტდება დაგეგმილ ღონისძიებათა დეტალები. 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია და უფლებადამცველთა ჯგუფი ხელისუფლებას 17 მაისისთვის უსაფრთხოების ზომების გატარებისკენ მოუწოდებს. ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და შეერთრთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა.

„იმედს გამოვთქვამთ, რომ 2015 წელს მაინც საქართველოს ხელისუფლება შეძლებს ეფექტიანად დაიცვას საკუთარი მოქალაქეების გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, მიუხედავად მისი სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა”, – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც 19 ორგანიზაცია აწერს ხელს და მათ შორის არიან, მაგალითად: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ორგანიზაცია „იდენტობა“ და „კონსტიტუციის 42–ე მუხლი“. ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ წელს აუცილებლად უნდა აღინიშნოს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე საქართველოში, სადაც, უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო, ეს ვერ მოხერხდა 2014 წელს, ხოლო 2012–სა და 2013 წლებში ლგბტ თემსა და მათ მხარდამჭერებს „არ მიეცათ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა“, მათზე განხორციელებული ძალადობის გამო. რადიო თავისუფლება შეეცადა გაერკვია, აპირებს თუ არა უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას და კონკრეტულად რას გეგმავს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

ამ დღეს, კიდევ ერთხელ, მხარს ვუჭერთ ყველა ადამიანის თანასწორობასა და ღირსებას და ვადასტურებთ, რომ ადამიანის უფლებები უნივერსალურია. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ მისი პოტენციალი სრულად იყოს რეალიზებული. არავინ უნდა იყოს ძალადობის ან დისკრიმინაციის მსხვერპლი...

ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ წერილობით განცხადებაში ძალადობასა და დისკრიმინაციას გმობს შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში. რიჩარდ ნორლანდი შეგვახსენებს, რომ უფლებების ჭრილში არ არსებობს განსხვავებები ადამიანებს შორის:

„ხვალ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის მე-11 წლისთავი აღინიშნება. ამ დღეს, კიდევ ერთხელ, მხარს ვუჭერთ ყველა ადამიანის თანასწორობასა და ღირსებას და ვადასტურებთ, რომ ადამიანის უფლებები უნივერსალურია. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ მისი პოტენციალი სრულად იყოს რეალიზებული. არავინ უნდა იყოს ძალადობის ან დისკრიმინაციის მსხვერპლი, მიუხედავად მათი სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა. ვუერთდებით ყველას, ვინც საქართველოში ამ დღის მშვიდობიანი აღნიშვნისათვის შრომობს“.

ის, ვინც 17 მაისს საქართველოში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას გეგმავს, ბევრისთვის ნათელია, რომ საკმაოდ დიდ რისკზე მიდის და ამას გასული წლების მოვლენებიც ადასტურებს. შესაბამისად, სიფრთხილის გამო, 16 მაისს სამოქალაქო საზოგადოება და ლგბტ თემის უფლებათა აქტივისტები არ აკონკრეტებენ დეტალებს, თუ რას მოიმოქმედებენ ისინი 17 მაისს.

შეიძლება, იმ ფორმითა და ხანგრძლივობით ვერ გამოვდიოდეთ ის ადამიანები, ვინც მხარს უჭერს ლგბტ თემს და ის ადამიანები, ვინც ვართ ამ თემის წევრები, მაგრამ არსებობს ასევე სხვა ფორმები...

უშუალოდ კვირის გეგმებს წინასწარ არც ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი ამხელს, რომლის ინიციატივითა და ორგანიზებითაც ბოლო დღეებში მიმდინარეობს სოციალური კამპანია, სახელწოდებით „ეს ქუჩა დაკავებულია“. კამპანიის მხარდამჭერები, პლაკატებით ხელში, იღებენ ფოტოებს სხვადასხვა ქუჩაზე და ავრცელებენ სოციალურ ქსელში. როგორც ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის დირექტორი ნათია გვიანიშვილი ამბობს ჩვენთან საუბრისას, ეს პროცესი საჯარო სივრცისთვის ბრძოლის გამოხატულებაა:

„შეიძლება, იმ ფორმითა და ხანგრძლივობით ვერ გამოვდიოდეთ ის ადამიანები, ვინც მხარს უჭერს ლგბტ თემს და ის ადამიანები, ვინც ვართ ამ თემის წევრები, მაგრამ არსებობს ასევე სხვა ფორმები, რა ფორმებითაც შეგიძლია საჯარო სივრცე თუნდაც ცოტა ხნით მაინც დაიკავო. ჩვენ რეალურად ვარსებობთ და იქ, სადაც ჩვენ ვართ, არ არის ჰომოფობიისა და ტრანსფობიის ადგილი. დიდი აგრესიაა საზოგადოებაში... და ესეც უკვე მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც იმ დროით, რაც პლაკატების გაშლასა და ფოტოს გადაღებას სჭირდება, გამოვიდეთ ოთხი კედლიდან, სადაც ასე ძალიან ცდილობენ, რომ შეგვყარონ“.

2012 და 2013 წლების 17 მაისს კონსტიტუციური უფლების რეალიზაციის სურვილით შეკრებილი ადამიანების მიმართ განხორციელდა სიძულვილით მოტივირებული ძალადობრივი ქმედებები...

2015 წლის 17 მაისის მოვლენათა ყურადღებით მეთვალყურეობას გეგმავს სახალხო დამცველის აპარატი და 16 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ასეთი სიფხიზლის საფუძველიც არის ახსნილი. სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს:

„2012 და 2013 წლების 17 მაისს კონსტიტუციური უფლების რეალიზაციის სურვილით შეკრებილი ადამიანების მიმართ განხორციელდა სიძულვილით მოტივირებული ძალადობრივი ქმედებები, პოლიციამ კი ვერ შეძლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა“.

ამასთან, სახალხო დამცველისთვის უკიდურესად სამწუხაროა ის ფაქტი, რომ „არც ერთ ძალადობის ფაქტზე არ დამდგარა სამართლებრივი შედეგი“. ამ ფონზე სახალხო დამცველი დიდ გამარჯვებად მიიჩნევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებას საქმეზე "იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ". სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 17 მაისს სახელმწიფომ დაარღვია კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) მუხლები მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) მიმართებით. გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფო უნდა იყოს მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტი და ასევე სახელმწიფოს ეკისრება სიცოცხლესა და ჯანმრთელობის დაცვის პასუხისმგებლობა ამა თუ იმ პირის მხრიდან ამ უფლებათა რეალიზების პროცესში.

სწორედ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საზოგადოებისა და ხელისუფლებისთვის გაცნობას გეგმავენ არასამთავრობო ორგანიზაციები 17 მაისს, თუმცა სად და როდის, ჯერჯერობით არც ეს არის ცნობილი. „ჩვენი მიზანია გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელოვნების თაობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება“, – ვკითხულობთ მათ ერთობლივ განცხადებაში.

პარალელურად, 15 მაისს საღამოს საპატრიარქომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ წელს არ ჩატარდება „ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებები. გავიხსენოთ, რომ, 2013 წლის 17 მაისის ხმაურიანი მოვლენების შემდეგ, ასეთი დღესასწაული საპატრიარქოს მიერ 2014 წელს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის ერთგვარ საპირწონედ დაწესდა. წელს საზეიმო ღონისძიებათა გადადების მიზეზად დასახელდა საპატრიარქოს გადაწყვეტილება, რომ 16–17 მაისს „ლოცვითი მსვლელობებით და მსახურებით“ აღნიშნოს აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის „დედაქალაქში შემობრძანება“. სწორედ ამ მსვლელობის გამო, 16 მაისს გადაკეტილი იყო რუსთაველის გამზირი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG