Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესხი ფერმერები ემზადებიან ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად


თამაზ კაპანაძე ერთ-ერთია იმ მესხ ფერმერებს შორის, ვინც ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად ემზადება. იგი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში ცხოვრობს და 24 წელია ფერმერულ მეურნეობას მისდევს. ამ დროისათვის სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთარი ხელით აშენებულ საკალმახეს ფლობს და ხუთ ტონამდე თევზსაც უვლის. ფერმერის მიზანი პროდუქციის ევროპის ბაზარზე გატანაა. სწორედ ამიტომ, საქმიანობის გაფართოება გადაწყვიტა და დამატებით 30 აუზის აშენებას აპირებს.

თამაზ კაპანაძის აზრით, სოფლის მეურნეობა იმ შემთხვევაში განვითარდება, თუ გლეხებს სახელმწიფო ხელს შეუწყობს. საკალმახე მეურნეობის გარდა, იგი მეფუტკრეობასაც მისდევს. 57 წლის ფერმერი დღეისათვის ორ ტონამდე თაფლს აწარმოებს. საქმიანობის გაფართოებას იგი ამ კუთხითაც გეგმავს. კარგად ესმის, რომ პროდუქციის საზღვარგარეთის ბაზარზე გასატანად ფეხი თანამედროვე მოთხოვნებსა და ახალ რეგულაციებს უნდა აუწყოს.

ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად ემზადება ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარაში მცხოვრები გიორგი ჩილაშვილიც. ახალგაზრდა ფერმერი 40 სულ მსხვილფეხა პირუტყვს უვლის და ყველსა და რძეს აწარმოებს. მესაქონლეობის განვითარებით დაინტერესებულ ახალგაზრდას ეეჭვება, რომ ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის გატანა მესხმა ფერმერებმა ინდივიდუალურად შეძლონ.

ევროკავშირის ბაზრის დაინტერესებას მესხი მეღვინეც ცდილობს. გიორგი ნათენაძემ ასპინძაში მესხური ტერასების აღდგენა გადაწყვიტა, რათა ტერიტორიაზე უძველესი 24 ჯიშის ადგილობრივი ვაზი დარგოს და ტრადიციული მეთოდებით მოუაროს. მიუხედავად იმისა, რომ შედეგი მხოლოდ სამ წელიწადში იქნება, გიორგი ნათენაძე იმედოვნებს,რომ ევროპის ბაზარზე მესხური ღვინო საპატიო ადგილს დაიკავებს.

მესხეთს აქვს იმის პოტენციალი, რომ ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქცია გაიტანოს, – ამბობენ სამცხე-ჯავახეთის სასოფლო-საკონსულტაციო სამსახურში. მამუკა თამარაძე ადგილობრივებს საკუთარი საქმიანობის გაფართოებასა და პროდუქციის ბრენდირებას ურჩევს.

ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების უმნიშვნელოვანეს ნაწილს „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმება წარმოადგენს. იგი საქართველოს ევროკავშირის შიდა ბაზრის გახსნის საშუალებას აძლევს. მესხი ფერმერები ფიქრობენ, რომ ამ პროცესში მათი წვლილი აუცილებლად აისახება: ევროპის ბაზარზე ადგილობრივ პროდუქციას ერთ-ერთი პირველები გაიტანენ და ამით სხვა ფერმერებსაც სტიმულს მისცემენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG