Accessibility links

logo-print
ირანი წითელ ხალიჩებს ამზადებს სტუმრებისთვის, რომლებიც 4 აგვისტოს დანიშნულ პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრებიან. თუმცა, მაშინ როცა ირანის მედია ინაუგურაციას მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებად წარმოსახავს, მაღალჩინოსანი სტუმრების წინასწარი სია მაინცდამაინც შთამბეჭდავად არ გამოიყურება.

ირანში ჰასან როჰანის პრეზიდენტად ინაუგურაციისთვის ემზადებიან.

გავრცელებული ცნობებით, 4 აგვისტოს დანიშნულ ცერემონიალზე მოსაწვევები მთელ მსოფლიოში დაეგზავნათ ლიდერებს. როგორც იუწყებიან, ღონისძიებას 200 ჟურნალისტი გააშუქებს, მათ შორის 50 უცხოეთის 16 ქვეყნიდან იქნება.

თუმცა თანდათან, როცა ღონისძიებამდე სულ რაღაც დღეები რჩება, ირკვევა, რომ ინაუგურაციაზე დამსწრე პირების სია დიდად შთამბეჭდავად არ გამოიყურება. მეტიც - როგორც ჩანს, ირანის ზოგიერთი ახლო მოკავშირეც კი უარს ამბობს ინაუგურაციაზე ქვეყნის პირველი პირების გაგზავნაზე.

ირანის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მოწვევაზე თანხმობა, სულ მცირე, 40-მა ქვეყანამ განაცხადა და მათგან 10 პრეზიდენტი და სამი პრემიერ-მინისტრი ჩავა ირანში.

ინაუგურაციაზე ჯეროვნად იქნებიან წარმოდგენილი შუა აზიის ქვეყნები. რეგიონის ხუთი პრეზიდენტიდან ირანში ოთხი ჩავა - ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის და ყაზახეთის ლიდერები. მეზობელი ავღანეთი და პაკისტანიც თავიანთ ლიდერებს გაგზავნიან, ისევე როგორც აფრიკის ქვეყნები ტოგო და გვინეა-ბისაუ. სია ასევე მოიცავს სომხეთის პრეზიდენტს, მნიშვნელოვანი პარტნიორის - ლიბანის - ლიდერს და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს.

თუმცა ირანის ზოგიერთი ახლო მოკავშირე ქვეყნის ლიდერები ცერემონიას არ დაესწრებიან - მათ შორის, რუსეთისა და სირიის პრეზიდენტები.

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი, რომელსაც შინ სამოქალაქო ომი აქვს, აცხადებს, რომ ინაუგურაციაზე მიავლენს თავისი მთავრობის პრემიერ-მინისტრს, ვაელ ნადერ ალ-ჰალყის.

პრეზიდენტ პუტინის ჩასვლას ირანში მომავალ კვირებში ელიან, თუმცა ინაუგურაციას ის არ დაესწრება. ცერემონიაზე რუსეთის სახელით მივლენ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელი სერგეი ნარიშკინი და, შესაძლოა, ირანში რუსეთის ელჩი.

ირანის სხვა მოკავშირეებს - ბელორუსიას, ვენესუელას და ბოლივიას - ჯერჯერობით არ უთქვამთ, ვის გაგზავნას აპირებენ ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე.

ცხადია, როგორც მოსალოდნელი იყო, ცერემონიას არ დაესწრებიან აშშ და ისრაელი, რომლებისთვის მოსაწვევიც არ გაუგზავნიათ. ცერემონიის მიმართ, როგორც ჩანს, დისტანციას ინარჩუნებენ ევროპის სახელმწიფოებიც - ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ევროკავშირი შეთანხმდა, რომ ღონისძიებას მხოლოდ ირანში განთავსებული დიპლომატები დაესწრებიან.

თუმცა, ამასთან, მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ინაუგურაციის სტუმრებს შორის შეიძლება იყვნენ ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეკ სტრო და ევროკავშირის ყოფილი საგარეოპოლიტიკური ლიდერი ხავიერ სოლანა.

საკუთრივ ირანში პარლამენტარებს შორის უთანხმოების საგანია ის, თუ ვინ უნდა იყოს მიწვეული ცერემონიაზე.

ზოგიერთი პარლამენტარი გამოთქვამს აზრს, რომ შეიძლება მიზანშეწონილი არ იყოს ყოფილი რეფორმატორი პრეზიდენტის, მოჰამედ ხათამის დაპატიჟება. თუმცა სხვა კანონმდებლები ფიქრობენ, რომ ინაუგურაციის სტუმრებს შორის ყველა ყოფილი პრეზიდენტი უნდა იყოს.

ინაუგურაციის ცერემონია ირანში პარლამენტის შენობაში იმართება და, როგორც წესი, მას ოფიციალური პირები და ირანში მომუშავე უცხოელი დიპლომატები ესწრებიან. ინაუგურაციის ცერემონია მოსახლეობისთვის ღია არ არის.

რაც შეეხება საქართველოს, როგორც რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ინაუგურაციის ცერემონიაზე დელეგაციას საქართველოც მიავლენს, თუმცა დელეგაციის შემადგენლობაზე მუშაობა კვლავაც მიმდინარეობს და მისი წევრების საბოლოო სია ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
XS
SM
MD
LG