Accessibility links

logo-print

14 რეგიონალური ტელევიზია მაუწყებლობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად ერთობლივი ძალებით ემზადება


საქართველოში მოქმედი მულტიპლექსის მფლობელი 14 რეგიონალური ტელევიზია ქსელის სახით ერთიანდება. მათი მიზანია ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში ტექნიკური მხარე შეერთებული ძალებით ეფექტურად დაგეგმონ და საკუთარ მაყურებელს უსასყიდლოდ შესთავაზონ კარგი ხარისხის მაუწყებლობა. იმისათვის, რომ აუდიტორიას საინტერესო პროდუქტი მიაწოდონ, 14-ვე რეგიონალური ტელევიზია გადაცემების შინაარსობრივ მხარეზე ერთად იმუშავებს, – აცხადებს საქართველოს რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრაშვილი.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში რეგიონალურ ტელევიზიებში შექმნილ პრობლემებზე საუბრობს ტელეკომპანია „ბორჯომის“ განვითარების მენეჯერი. ტრისტან ცუცქირიძე ამბობს, რომ პროცესი დიდ ძალისხმევასა და, რაც მთავარია, ფინანსურ მხარესთან არის დაკავშირებული. მისივე განმარტებით, ყველა რეგიონალურ მაუწყებელში გასაახლებელია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. გარდა ამისა, აუცილებელია თანამშრომელთა გადამზადება და არხის შინაარსობრივ მხარეზე ზრუნვა.

მიუხედავად რეგიონალურ ტელევიზიებში შექმნილი პრობლემებისა, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას მათი ხელმძღვანელები მნიშვნელოვან ფაქტად მიიჩნევენ. საქართველოს რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარე რამაზ გამეზარდაშვილი, რომელიც, ამავე დროს, ჭიათურის ტელეკომპანიის ხელმძღვანელის პოსტს იკავებს, განმარტავს, რომ რეგიონებში, სადაც სატელევიზიო სიგნალის ხარისხიანი მიწოდება ხშირად პრობლემაა, მიმდინარე წლის 17 ივნისიდან სიტუაცია გამოსწორდება.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად ემზადება ახალციხის ტელეკომპანია ,,მე-9 არხი“. იმ 14 ტელევიზიას შორის, რომლებიც საერთო საქმისთვის ერთიანდებიან, ახალციხის „მეცხრე არხი“ ერთ-ერთია. არხის ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ 2015 წლის 17 ივნისიდან ტელეკომპანია მაუწყებლობას განახლებული ეთერითა და შეცვლილი ფორმატით დაიწყებს. დაახლოებით 3 თვეში მაყურებელი სატელევიზიო მაუწყებლობას არა ანალოგიური, არამედ ციფრული სიგნალების საშუალებით მიიღებს.

XS
SM
MD
LG