Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მზექალა შანიძე და სინური ხელნაწერების თავგადასავალი


მზექალა შანიძე
მზექალა შანიძე

2016 წლის იანვარში 90 წელი შეუსრულდა ცნობილ ქართველ ენათმეცნიერსა და ფილოლოგს მზექალა შანიძეს, რომლის აღზრდილია ქართველ ფილოლოგთა არაერთი თაობა და რომელიც ავტორია მრავალი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომისა. ასაკის მიუხედავად, მზექალა შანიძე აქტიურ საზოგადოებრივ და სამეცნიერო საქმიანობას განაგრძობს. 10 მარტს მწერალთა სახლში მან წაიკითხა საჯარო ლექცია „სინის მთის ქართული ხელნაწერების თავგადასავალი", რომლის მსვლელობისას მეცნიერმა ვრცლად ილაპარაკა წინარეათონური პერიოდის სინის მთის ქართულ ხელნაწერებზე.

მზექალა შანიძე მონაწილეობდა 1996 და 2001 წლებში მოწყობილ სინის მთის ქართულ ექსპედიციებში, რომელთა შედეგად მომზადდა და გამოქვეყნდა "1975 წელს სინას მთაზე ახლად აღმოჩენილი ქართული ხელნაწერების კატალოგი".

საქართველოს მწერალთა სახლში გამართული საჯარო ლექცია დიდი ინტერესითა და ყურადღებით მოისმინეს არა მხოლოდ საქართველოს წარსულითა და კულტურული მემკვიდრეობით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა, არამედ თავად მზექალა შანიძის კოლეგებმა და მოწაფეებმა, რომლებიც ასევე სახელოვანი მეცნიერები და პედაგოგები არიან. მსმენელთა შორის იყო პროფესორი შუქია აფრიდონიძე.

„მეხუთე კურსზე მქონდა ბედნიერება, მამა-შვილი, ორივე, მასწავლიდა ძველ ქართულსა და ქართველურ ენათა ჯგუფს, ქალბატონი მზექალა კი ქართული ენის ისტორიას, რაც დიდი გამართლება და ბედნიერებაა. ქალბატონი მზექალა ჰგავს იმ დიდ მოღვაწეებს, რომლებიც ძალიან მრავალმხრივები იყვნენ და მათი მოღვაწეობაც მრავალწახნაგოვანი იყო. ისეთი მკვლევარია, ისე გადმოსცემს ურთულეს მასალას, რომ მოგინდება ამ სირთულეებში შენც შეჰყო თავი და შენც გაჰყვე ამ გზას“, უთხრა შუქია აფრიდონიძემ რადიო თავისუფლებას.

დღეს მონასტერში რომ შეხვალთ, სადმე საცავში, სულ ხელებში გიყურებენ, რომ ისე ვაგლახათ არ გადაფურცლო რამე. ავალიშვილი კი თვითონ წერს თავის მემუარებში, რომ მეხვეწებოდნენ ბერები, წაიღეო... ნეტა წამოეღო, მაგრამ ცოტა წამოიღო...
გიორგი ავალიშვილი

ლექციის შინაარსმა, დიდი მეცნიერის თხრობის სიღრმემ და მრავალფეროვნებამ მართლაც მონუსხა აუდიტორია. მზექალა შანიძემ ლექციის შესავალი მთლიანად დაუთმო ხელნაწერების ზოგად განმარტებასა და მნიშვნელობას. საქართველოში 1705 წლამდე, ვიდრე არჩილ მეფე მოსკოვში დაბეჭდავდა ფსალმუნს, მხოლოდ ხელნაწერებით ვრცელდებოდა სასულიერო თუ საერო ტექსტები, თუმცა ვითარება დიდად არც მას შემდეგ შეიცვალა, რაც 1709 წელს ვახტანგ მეექვსემ თბილისში სტამბა დააარსა. მზექალა შანიძის თქმით, საქართველოში ხელნაწერები მეოცე საუკუნის დასაწყისშიც კი იქმნებოდა. რაც შეეხება სათავეებს, მეცნიერის თქმით, გადარჩენილი ყველაზე ძველი ქართული ხელნაწერები მეექვსე საუკუნისაა. ხელნაწერთა ნაწილის ანდერძებში მითითებულია გადაწერის დრო და ადგილი:

„ასე არის დაწერილი, მაგალითად, ჩვენი ცნობილი პირველი თარიღიანი ხელნაწერი, სინური მრავალთავი, რომელიც პალესტინაში გადაიწერა და რომელიც სინის მთას შესწირეს 864 წელს“.

თუმცა მეექვსე საუკუნის ქართული ხელნაწერების სახით სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მზექალა შანიძის თქმით, უანდერძო ხელნაწერების შექმნის თარიღი განისაზღვრება კალიგრაფიის მიხედვით, რომელიც იცვლებოდა ეპოქების ცვლილებასთან ერთად. მზექალა შანიძემ ნიმუშად მოიტანა ერთი ძველი ხელნაწერი და აუდიტორიის ყურადღება გაამახვილა „ა“ ასოს ქვედა ნაწილის მოყვანილობაზე, რომელიც პრინციპულად განსხვავდება სხვადასხვა ეპოქაში:

„რაც უფრო ძველია, მით უფრო წააგავს კვადრატს, მით უფრო ნაკლებად არის ჩამოგრძელებული და იმ ეპოქის ყველა გადამწერისა ასე იქნება. მაშასადამე, დროთა განმავლობაში ის შეიცვლის თავის ფორმას და ასეთი შეცვლილი ფორმა აქვს თითქმის ყველა ასოს. აი, ამის მიხედვით ვათარიღებთ ჩვენ ხელნაწერებს. ამის მიხედვით ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ გვაქვს საკმაოდ ბევრი ძალიან ძველი ხელნაწერი მეექვსე საუკუნისა, რომელიც, სამწუხაროდ, მოსულია, უმთავრესად, ე. წ. პალიმფსესტების სახით“.

რაც შეეხება სინის ქართულ ხელნაწერებს, მათ პირველად ახსენებს მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში გიორგი ავალიშვილი, რომელმაც ახლო აღმოსავლეთში იმოგზაურა:

„დღეს მონასტერში რომ შეხვალთ, სადმე საცავში, სულ ხელებში გიყურებენ, რომ ისე ვაგლახათ არ გადაფურცლო რამე. ავალიშვილი კი თვითონ წერს თავის მემუარებში, რომ მეხვეწებოდნენ ბერები, წაიღეო... ნეტა წამოეღო, მაგრამ ცოტა წამოიღო“.

როდესაც პალესტინიდან წამოვიდნენ ქართველი ბერები სინაზე, თან წამოიღეს ეს ძველი წიგნები და ძველი ტრადიციები, ესე იგი ქრისტიანობის იმ უძველესი ტრადიციებისა და უძველესი ფენების ამსახველი ლიტერატურა, რომელიც შემდგომ თვითონ ბერძნულ წყაროებში ხშირად დაკარგულია...
მზექალა შანიძე

მზექალა შანიძის თქმით, სინური ხელნაწერები ქართველთაგან პირველად1883 წელს ნახა ალექსანდრე ცაგარელმა, მანვე შეადგინა კატალოგი, 1902 წელს კი სინაზე ჩასულ ნიკო მარს და ივანე ჯავახიშვილს ცაგარელის კატალოგში დასახელებულ ხელნაწერთაგან რამდენიმე ადგილზე აღარ დახვდათ; შემდგომში ზოგიერთის ბედი გაირკვა: მონასტრიდან მოპარული თუ გაყიდული ზოგი ხელნაწერი ევროპასა და ამერიკაში აღმოჩნდა მუზეუმებსა და კერძო პირთა მფლობელობაში, ნაწილის ბედი კი კვლავ უცნობია. სინური ხელნაწერების შესწავლისათვის საეტაპო აღმოჩნდა 1950 წელი, როცა ბელგიელი ქართველოლოგის ჟერარ გარიტის მიერ გადაღებული ფოტოპირები კონგრესის ბიბლიოთეკამ შეიძინა, ექვსი წლის შემდეგ კი, როგორც მზექალა შანიძე იხსენებს, მოხერხდა მათი ასლების საქართველოში ჩამოტანა:

„აკაკი შანიძემ, რომელიც ძალიან ენერგიული კაცი იყო, ქვა გახეთქა და მოახერხა ის, რომ კონგრესის ბიბლიოთეკიდან ეს პირები ჩამოიტანა. მაშინათვე დაიწყო მუშაობა ამაზე. 1956 წელს ჩამოვიდა ფირები, 1959 წელს კი ჩვენი პირველი თარიღიანი ხელნაწერი, „სინური მრავალთავი“, რომელიც ენის, კულტურისა და მწერლობის უდიდესი ძეგლია და დაბეჭდილი სახით არის 400 გვერდი, სტამბური წესით გამოვიდა“.

მზექალა შანიძის თქმით, ასევე ძალზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა 1975 წელს ხელნაწერთა აღმოჩენა სინის მონასტრის ერთ-ერთ მიტოვებულ საცავში. ამ ხელნაწერთა შორის იყო ქართულიც. ზოგიერთმა მათგანმა უკვე ცნობილ ხელნაწერთა დაკლებული ადგილები შეავსო (864 წლის სინური მრავალთავის ორი ფურცელი), ზოგიერთი კი აქამდე სრულიად უცნობი აღმოჩნდა. ახლად აღმოჩენილ ხელნაწერთა შესწავლა ქართველმა მეცნიერებმა 1990 წლიდან დაიწყეს, 2005 წელს კი ათენში გამოაქვეყნეს სამენოვანი აღწერილობა. მზექალა შანიძის თქმით, სინის ქართულ ხელნაწერებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადრეული ქრისტიანობის სახის შესასწავლად:

„როდესაც პალესტინიდან წამოვიდნენ ქართველი ბერები სინაზე, თან წამოიღეს ეს ძველი წიგნები და ძველი ტრადიციები, ესე იგი ქრისტიანობის იმ უძველესი ტრადიციებისა და უძველესი ფენების ამსახველი ლიტერატურა, რომელიც შემდგომ თვითონ ბერძნულ წყაროებში ხშირად დაკარგულია. დღეს, იმისათვის რომ ადრეული ქრისტიანობის სახე წარმოიდგინონ, ძალიან ხშირად უნდა ქართულ წყაროებს მიმართონ“.

მზექალა შანიძის თქმით, ამის გამო ევროპაში დღეს მახლობელი აღმოსავლეთის ქრისტიანული ქვეყნებიდან ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ქართულ სასულიერო მწერლობას. ცნობილი მეცნიერი მოუწოდებს ახალგაზრდებს დაინტერესდნენ ქართული ხელნაწერებით და მათი წაკითხვა-გამოკვლევა აირჩიონ პროფესიად, რომელიც რთული, მაგრამ უაღრესად მიმზიდველია:

„ხელნაწერზე მუშაობა არის სენი. ერთხელ რომ შეეყრება ადამიანს, ამისგან მისი განკურნება აღარ შეიძლება, იმიტომ რომ გიზიდავს. ის ხომ ადამიანის გაკეთებულია. შეიძლება ითქვას, რომ მისი სული ამ წიგნში რჩება. მერე ისეთი გულისმომკვლელი ანდერძები გვხვდება ამ ხელნაწერებში, რომ მეტი არ შეიძლება: მე დავწერე ეს, მე არ შემეძლო, მე უკვე მოხუცებული ვიყავიო. “ფრიად ხაშმსა და თუალმორიდებითსა დამიჩხრეკიან წიგნი ესეო... დიად ხაშმმან და დიად უღონომან დავჩხრიკე ესო“, წერს იოანე ზოსიმე, გამიხსენეთ მეო. მერე ასეთი ფორმულაც არსებობს: ხელი მწერლისა მიწასა შინა ლპების, ხოლო ნაშრომი მისი ჰგიეს. ყოველი ხელნაწერი არის უნიკალური და მას რომ ერთხელ მოჰკიდებ ხელს, ვეღარ გაუშვებ“.

ქალბატონი მზექალა შანიძე თაობების აღმზრდელია, მაგრამ ის აღმზრდელია არა მხოლოდ იმ მხრივ, რომ მრავალ ფილოლოგსა თუ არაფილოლოგს ასწავლა ქართული ენა, არამედ ის მასწავლებელი იყო იმისაც, თუ როგორ უნდა საქმის ერთგულება. იყო და არის მასწავლებელი იმისა, თუ რა არის საქმის და სიტყვის ერთგულება...
მერაბ ღაღანიძე

მზექალა შანიძის ამ მოწოდებამ დარბაზში მყოფი ბევრი ახალგაზრდა დააინტერესა, მათ შორის, ნინო დათაშვილიც, ილიას უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ცენტრის ასისტენტ-თანამშრომელი:

„მე თვითონ ხელნაწერებზე ვმუშაობ, მზექალა შანიძე არის ჩემი უდიდესი ვირტუალური მასწავლებელი. დღევანდელი ლექციაც ძალიან საინტერესო იყო, ბევრი დამატებითი ინფორმაცია მივიღე და ბევრი სხვადასხვა ინტერესიც გამიჩნდა, ლექციიდან გამომდინარე“.

ლექციის დასრულების შემდეგ აღფრთოვანებას ვერ მალავდა მზექალა შანიძის კიდევ ერთი მოწაფე, პროფესორი მერაბ ღაღანიძე:

„ქალბატონი მზექალა შანიძე თაობების აღმზრდელია, მაგრამ ის აღმზრდელია არა მხოლოდ იმ მხრივ, რომ მრავალ ფილოლოგსა თუ არაფილოლოგს ასწავლა ქართული ენა, არამედ ის მასწავლებელი იყო იმისაც, თუ როგორ უნდა საქმის ერთგულება. იყო და არის მასწავლებელი იმისა, თუ რა არის საქმის და სიტყვის ერთგულება და, ამავე დროს, უშურველი გაცემა სიკეთისა ხალხისათვის, ქვეყნისათვის, საზოგადოებისათვის. ამ მხრივ, ქალბატონი მზექალა დღემდე მასწავლებლად რჩება“.

როგორც მასწავლებელი, მეცნიერი და ქვეყნის მომავლით დაინტერესებული მოქალაქე, მზექალა შანიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარშიც ამბობს, რომ სინის ხელნაწერების შესწავლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს არამხოლოდ მეცნიერული თვალსაზრისით.

„სინის ხელნაწერებში თავმოყრილია სასულიერო მწერლობის ძეგლები. საეროსი არ არის, მაგრამ სასულიერო მწერლობა ეს არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, ეკლესიის ისტორიის ნაწილი, ხოლო ეკლესიის ისტორია ჩვენი ისტორიაა. ამ ხელნაწერების, როგორც ძველი ქართულის ძეგლების, კვლევა ენის შესწავლის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. დაბოლოს, რაც მთავარია: ჩვენი კულტურული წარსულის გარეშე, დღევანდელ ცხოვრებას სწორად ვერ განვსაზღვრავთ, ვერ წარვმართავთ“, უთხრა მზექალა შანიძემ რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG