Accessibility links

ნაზარბაევი მეხუთე ვადით რჩება პრეზიდენტად


​ნურსულთან ნაზარბაევი

​ნურსულთან ნაზარბაევი

ნურსულთან ნაზარბაევი მეხუთე ვადითაც დარჩება ყახაზეთის პრეზიდენტად. როგორც მოსალოდნელი იყო, მან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 26 აპრილის არჩევნების შედეგად. ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია შთამბეჭდავ მონაცემებს ავრცელებს, თუმცა ნაზარბაევის ტრიუმფს ჩრდილს აყენებს ეუთოს კრიტიკული შეფასება.

ყაზახეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთოს სამეთვალყურეო მისიის შეფასებით, ელექტორატს შეზღუდული არჩევანი ჰქონდა. სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელმა კორნელია იონკერმა 27 აპრილს ასტანაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არჩევნებისათვის მზადება კარგად იყო ორგანიზებული, მაგრამ არ განხორციელებულა რეფორმა ნამდვილი დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად.

„მოქმედი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის, დომინანტურმა პოზიციამ და ნამდვილი ოპოზიციის არარსებობამ შეზღუდა ელექტორატის არჩევანი, ისევე როგორც შეზღუდულმა მედიაგარემომ, საჯარო დებატებისა და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობამ“, განაცხადა ეუთოს წარმომადგენელმა.

75 წლის ნაზარბაევი მეოთხედ საუკუნეზე მეტია მართავს ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ყაზახეთს. მის მორიგ გამარჯვებაში ეჭვი, ალბათ, არავის ეპარებოდა, მაგრამ მოქმედი პრეზიდენტისადმი მხარდაჭერის მაჩვენებლები იმდენად მაღალია, რომ ნაზარბაევმა იხუმრა კიდეც 27 აპრილს გამართულ ბრიფინგზე: ბევრი ქვეყნის მეთვალყურეებს, პარლამენტარებს ბოდიში მოვუხადე არჩევნების შედეგებისათვის, რომლებიც მიუღებელი იქნებოდა სუპერდემოკრატიული ქვეყნებისთვისო. ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ნაზარბაევს ხმა მისცა ამომრჩევლების 97,7%-მა. ამასთან, არჩევნებში მონაწილეობდა ელექტორატის 95,22%, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე ნაზარბაევმა „ყაზახეთის პოლიტიკურ კულტურაზეც“ ისაუბრა:

„ჩვენ მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ, რომ ყაზახეთის პოლიტიკური კულტურა ნიშნავს პოლიტიკურ ერთობას, პასუხისმგებლობას. ყველა მოვიდა საარჩევნო ყუთებთან თავისი პრეზიდენტის, ე.ი. თავისი მომავლის, ასარჩევად და მოვიდნენ, რათა ხმა მიეცათ საკუთარი მომავლისთვის - თითოეული თავისი იმედით, რომლის გამოხატვაც სურდა და გამოხატა კიდეც. დიდი მადლობა, ქედს ვიხრი ყველა უბრალო ყაზახეთელის წინაშე“.

ნაზარბაევმა ისიც თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა თავისი დიდი უპირატესობის შესაზღუდად „არადემოკრატიული ქმედება იქნებოდა“. ამ დროს კი, ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ნაზარბაევი სწორედ არადამკორატიული მეთოდებით ინარჩუნებს ძალაუფლებას - დევნის ოპონენტებს, ზღუდავს მედიას, უკანონოდ აქვს შეცვლილი კონსტიტუცია.

როგორც ეუთოს სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელმა კორნელია იონკერმა აღნიშნა, რამდენიმე ცნობილი ადამიანი, ვინც ყაზახეთის ხელისუფლება გააკრიტიკა, ან დაპატიმრებულია, ან ემიგრაციაში ცხოვრობს. ეუთო იუწყება ასევე, იყო შემთხვევები, როცა ამომრჩევლებზე ახდენდნენ ზეწოლას, დასწრებოდნენ წინასაარჩევნო კამპანიას და ხმა მიეცათ ნაზარბაევისათვისო. აღირიცხა ასევე სერიოზული დარღვევები კენჭისყრის დროს.

„არჩევნების დღემ, მთლიანობაში, წესრიგით ჩაიარა, მაგრამ სერიოზული პროცედურული ნაკლოვანებები და დარღვევები აღირიცხა კენჭისყრის, ხმების დათვლისა და აღრიცხვა-დახარისხების დროს“, განაცხადა ეუთოს წარმომადგენელმა.

ეუთოსაგან განსხვავებით, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამეთვალყურეო მისია ხოტბას ასხამს ყაზახეთში ჩატარებულ არჩევნებს, როგორც ამას ჩვეულებრივ აკეთებს ხოლმე რუსეთთან დაახლოებულ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში არჩევნების დროს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიეკუთვნებოდა პირველებს უცხოელ ლიდერთა შორის, ვინც ნურსულთან ნაზარბაევს მიულოცა საპრეზიდენტო არჩევნებში - უკვე მეხუთე საპრეზიდენტო არჩევნებში - გამარჯვება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG