Accessibility links

14 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდა პოლიციელების მიერ ნაცემი ადვოკატის, გიორგი მდინარაძის, სასამართლო პროცესი, რომელზეც სასამართლო ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებებს უსმენდა. მდინარაძეს ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და მისი ადვოკატი, ეკა ქობესაშვილი, იცავენ და აცხადებენ, რომ პროცესზე პოლიციის თანამშრომლები ცრუ ჩვენებებს იძლევიან და ამით ცდილობენ პასუხისმგებლობისგან იხსნან ბრალდებული ლაშა კვირკვაია, ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილების ყოფილი უფროსი, და ამ გზით პასუხისმგებლობა თავად გიორგი მდინარაძეს დააკისრონ. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოუწოდებს მედიას, დაინტერესდეს ადვოკატზე ძალადობის ამ ფაქტით და ყურადღების მიღმა არ დატოვოს მისი სასამართლო პროცესი.

ადვოკატი გიორგი მდინარაძე სასამართლოში საკუთარი უფლებების დაცვას განაგრძობს - მას სურს სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს და დასაჯოს მასზე მოძალადე პოლიციელები. 14 ნოემბერს მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა, რომელზეც ბრალდების მხარის მოწმეები დაკითხეს. როგორც მდინარაძის ადვოკატი, ეკა ქობესაშვილი, აცხადებს, არც 14 ნოემბრის პროცესზე შეცვლილა ტენდენცია - მისი თქმით, ბრალდების მოწმეები არიან დაინტერესებული მოწმეები, შსს-ს მოქმედი თანამშრომლები, რომლებიც ბრალდებული პოლიციელის, ლაშა კვირკვაიას, თანამდებობაზე ყოფნისას სწორედ მას ექვემდებარებოდნენ:

„აშკარად შეინიშნება ამ მოწმეების ჩვენებიდან, რომ ისინი მიკერძოებულად არიან დაინტერესებულნი ლაშა კვირკვაიას საქმით და ისეთ ჩვენებებს იძლევიან, რომ ამ საქმეზე ვერ დადგინდეს სიმართლე. ჩვენ კი მოვითხოვთ, რომ განაჩენი იყოს სამართლიანი, ხოლო ლაშა კვირკვაიამ აგოს პასუხი გიორგი მდინარაძის მიმართ ძალადობის ფაქტზე“.

გავიხსენოთ, რომ ადვოკატი გიორგი მდინარაძე სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში 2015 წლის 8 ნოემბერს მოათავსეს. მდინარაძე აცხადებდა, რომ მას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სცემეს ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში. განყოფილების ყოფილი უფროსი, ლაშა კვირკვაია, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, 2015 წლის ნოემბერშივე დააკავეს, 2015 წლის 29 დეკემბერს კი სასამართლომ ის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა. გიორგი მდინარაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, რომ დღეს ის დამნაშავისათვის კიდევ უფრო მკაცრ სასჯელს მოითხოვს არა უშუალოდ იმ ღამით ჩადენილი დანაშაულის გამო, არამედ იმ ცილისწამებისათვის, რაც მათი მხრიდან უკვე სასამართლო სხომებზე გამოიკვეთა.

„არასრულწლოვანს ვიცავდი და იმ ღამის 4 საათზე წავედი ჩემი უფლებამოსილების შესასრულებლად. შევთანხმდით, რომ დუმილის უფლება უნდა აერჩია და იმ დროს არ უნდა დაკითხულიყო, პოლიციას კი საქმის სწრაფად გახსნა სურდა, უნდოდათ მაშინვე დაეკითხათ და სხვებიც დაესახელებინა. რომელი ადვოკატი დააკითხვინებდა ღამის 4 საათზე ბავშვს? გამორიცხულია. ამაზე განაწყენებულებმა ჩემი პროვოცირება დაიწყეს. იყო იქ უზრდელური შეძახილები, შეურაცხყოფა და როცა წყობიდან მაინც ვერ გამომიყვანეს, ის გააკეთეს, რაც სურდათ. მომაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და, ბოლოს, ბორკილებიც დამადეს და ასე ბორკილდადებულს მცემდა განყოფილების უფროსი“, - ასე იხსენებს დღეს ერთი წლის წინანდელ ამბავს ადვოკატი მდინარაძე.

პოლიციის თანამშრომლები, ბრალდების მოწმეები, რომლებიც მდინარაძის საწინააღმდგო ჩვენებებს აძლევენ, ისე წარმოაჩენენ საქმეს, თითქოს ადვოკატი ძალადობდა პოლიციის განყოფილებაში, თითქოს მან „ყური აუწია“ პოლიციის უფროსს...

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ ნაცემი ადვოკატის, გიორგი მდინარაძის, საამართლო პროცესი არასწორი გზით მიდის - ბრალდების მოწმეები ყველაფერს აკეთებენ, რომ დამნაშავედ პოლიციის უფროსი კი არა, თავად ადვოკატი გამოიყვანონ. ეს გავრცელებული პრაქტიკაა, როდესაც სამართალდამცველების გადაცდომებს თუ დანაშაულს ისევ პოლიცია იძიებს. ალეკო ცქიტიშვილის აზრით, ასეთ დროს გამოძიება, როგორც წესი, არაეფექტიანია და ამის დასტურია მდინარაძის საქმეც. პროკურატურა ან უფრო რბილი მუხლით აღძრავს ხოლმე საქმეს, ან ჩვენებას იძლევიან ისეთი მოწმეები, როგორებიც გიორგი მდინარაძის სასამართლო პროცესზე გამოჩნდნენ:

„პოლიციის თანამშრომლები, ბრალდების მოწმეები, რომლებიც მდინარაძის საწინააღმდგო ჩვენებებს აძლევენ, ისე წარმოაჩენენ საქმეს, თითქოს ადვოკატი ძალადობდა პოლიციის განყოფილებაში, თითქოს მან „ყური აუწია“ პოლიციის უფროსს და სცემა თანამშრომლებს, ფიზიკური დაზიანება კი მას შემდეგ მიღო ,რაც დააკავეს და წინააღმდეგობის გაწევა გადაწყვიტა. ახლა ცდილობენ გაამართლონ ყველანაირი გზით, თუ საიდან ჰქონდა ადვოკატ მდინარაძეს სხეულზე საკმაოდ სერიოზული დაზიანებები ან საიდან გაჩნდა კედლებზე სისხლი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ნაწილობრივ წაშალეს, მაინც დღემდე ეტყობა კედლებს“.

ალეკო ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ეჭვების გასაფანტად და, ზოგადად, გამოძიებისადმი მეტი ნდობის არსებობისათვის აუცილებელია შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომლის შექმნასაც წლებია არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ და რომელიც სწორედ ასეთ საქმეებს დააკვირდება და სწორედ სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელთა დანაშაულებს გამოიძიებს.

14 ნოემბერს სასამართლო სხდომას ესწრებოდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილიც. მისი განცხადებით, პროცესი ძალიან ჭიანურდება - 10 იანვრიდან მხოლოდ 10 მოწმეა დაკითხული, რომ აღარაფერი ვთქვათ თავად პოლიციელების ჩვენებაზე, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა მდინარაძემ თავი თვითონ დაიზიანა:

„ესეც არის კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა, ესეც არის არაჰუმანური და არაადამიანური მოპყრობა, ხოლო რასაც მდინარაძე ამბობს, ის რომ გაიზიაროს სასამართლომ, მაინც არის კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა. ეს არის ფორმულარი, რომელსაც სასამართლო ვერ გასცდება. პოლიციელებს ჰგონიათ, თუ იტყვიან, რომ მდინარაძემ თვითდაზიანება მიიყენა, ეს კარგია. მაგრამ თუ სასამართლო განაჩენს ამ ფორმულარით გამოიტანს, ჩვენ მოვუტრიალდებით იმ ხალხს, ვინც შეგნებულად მისცა ცრუ ჩვენება“.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილიც ადასტურებს ჩვენთან საუბარში, რომ სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება დღემდე პრობლემად რჩება. გამოძიების პროცესი არაეფექტიანად მიდის, ხშირად კი დაზარალებულისათვის ამ სტატუსის მინიჭებაც კი გართულებულია. ამიტომაც ითხოვს არასამთავრობო სექტორი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას, თუმცა, როგორც ანა ნაცვლიშვილიც ამბობს, ჯერჯერობით ხელისუფლება ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებისგან თავს იკავებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG