„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა განცხადებით, დაიწყოს გამოძიება ვიცე-პოლკოვნიკის, გიორგი ცერცვაძის საქმეზე. რუსეთის მიერ ინტერპოლით ძებნილი საქართველოს მოქალაქე, გიორგი ცერცვაძე 15 იანვარს, უკრაინაში დააკავეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ონიანის შეფასებით, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გარდა, იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული უმძიმესი დანაშაული, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის, ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ირწმუნებიან, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვიცე-პოლკოვნიკი ცერცვაძე შეგნებულად არ გააფრთხილა დაკავების საფრთხის შესახებ. რუსეთის სამართალდამცავი სტრუქტურები გიორგი ცერცვაძეს ადანაშაულებენ 2003 წელს მომხდარ მკვლელობაში, თუმცა, ინტერპოლით მისი ძებნა დაიწყო 2016 წლის დეკემბრიდან. საქართველოს შსს-მ 23 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთთან არ ხორციელდება პირდაპირი საპოლიციო თანამშრომლობა და შესაბამისად, არ ხდება არანაირი ინფორმაციის გაცვლა, ამიტომ ქართულ მხარეს არ ჰქონდა არც საკმარისი ინფორმაცია, არც საფუძველი და არც მოტივი გიორგი ცერცვაძის დასაკავებლად, ან თავისუფალი გადაადგილების შესაზღუდად. შსს აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაუშვებელია ქვეყნის მოქალაქის გადაცემა უცხო სახელმწიფოსთვის. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა 23 იანვარს განაცხადა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უკრაინაში დაკავებული გიორგი ცერცვაძე რუსეთს არ გადაეცეს.
რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქის, გიორგი ცერცვაძის უკრაინაში დაკავების გამო განცხადება გაავრცელა საქართველოს პროკურატურამ. მისი ინფორმაციით, უკრაინის პროკურატურას გადაეცა ყველა, შესაბამისი ინფორმაცია გიორგი ცერცვაძის შესახებ და განმარტება, რომ მიზანშეუწონელია მისი გადაცემა ძებნის ინიციატორი მხარისთვის, რადგან რუსეთისთვის საქართველოს მოქალაქის გადაცემით დაირღვევა გიორგი ცერცვაძის ძირითადი უფლებები. „საქართველოს პროკურატურის მიერ გაგრძელდება ინტენსიური კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგებთან, რათა არ განხორციელდეს გიორგი ცერცვაძის გადაცემა მისი ძებნის ინიციატორი სახელმწიფოსთვის” - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, უკრაინაში, მოქალაქე გიორგი ცერცვაძის დაკავების გამო, ხელისუფლება შესაბამისად მოქმედებს და შედეგებს ელოდება. „ჩვენმა სახელმწიფომ ისე, რომ ზოგიერთი, ხმამაღლა მყვირალი ადამიანის მოწოდება არ გვჭირდება, უკვე განახორციელა ნაბიჯები იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქის, ბატონი ცერცვაძის ინტერესები იყოს დაცული უკრაინის ტერიტორიაზე“ - განაცხადა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. იუსიტიის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე დამატებით ვერაფერს იტყვის თავად გიორგი ცერცვაძის ინტერესებიდან გამომდინარე. „მთავრობის სამართალდამცავი ბლოკის უმორჩილესი თხოვნა იქნებოდა, რომ რაც შეიძლება თავი შევიკავოთ აჟიოტაჟისგან, რადგან ეს არ ემსახურება გიორგი ცერცვაძის სასიცოცხლო ინტერესებს“ - განაცხადა თეა წულუკიანმა. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთს გადასცა ინფორმაცია გიორგი ცერცვაძის შესახებ, წულუკიანმა აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მკაცრადაა დაცული თითოეული მოქალაქის, მათ შორის გიორგი ცერცვაძის პირადი მონაცემები და მათზე ხელი არ მიუწვდება არავის, გარდა, კანონით განსაზღვრული შემთხვევისა. „შესაბამისად, არც ერთ პირად მონაცემზე, რომელიც შეიძლება ჩვენს სისტემაში ინახებოდეს, მით უმეტეს, ხელი არ მიუწვდება ოკუპანტ ქვეყანას“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.
დაწერეთ კომენტარი