Accessibility links

logo-print

30 აპრილს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა დავით ბაქრაძემ ბრიფინგი გამართა და პარტიის წინასაარჩევნო სიის ფორმირების პროცესი წარმოადგინა. მისი თქმით, სიაში ის ხალხი შევა, ვინც წინა არჩევნებზე მაღალი რეიტინგი აჩვენა. საუბარია პარტიულ სიებზე. ამასთან, ბაქრაძემ ახალი სახეების მოზიდვაზეც ილაპარაკა.

როგორც დავით ბაქრაძემ განაცხადა, პარტიული სიების დაკომპლექტებისას ძირითადი კრიტერიუმი ის იქნება, თუ რომელმა რეგიონმა რა შედეგი აჩვენა წინა არჩევნებზე. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება პროცესის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს და ბოლომდე ხალხის ნდობაზე იქნება დაფუძნებული, რადგანაც სიაში სწორედ ის პირები მოხვდებიან, რომელთაც წინა არჩევნებზე მოსახლეობა ყველაზე მეტად ენდო:

„ასე რომ, ყველა რეგიონს ეცოდინება, მისი წარმომადგენლობა სიებში დამოკიდებული იქნება ხალხის ნდობაზე და იმ ხმების რაოდენობაზე, რომელიც მათ მოიპოვეს და იმ ხალხის რაოდენობაზე, რომელიც მათ ენდო. ხაზს ვუსვამ, ეს არ ეხებათ მაჟორიტარებს მხოლოდ, ეს ეხება პარტიულ სიებსაც“.

რაც შეეხება პარტიის გადახალისებას, დავით ბაქრაძეს კონკრეტული სახელები არ დაუსახელებია, მაგრამ თქვა, რომ მათ გუნდსა და პარტიულ სიაში ბევრ ახალ სახეს იხილავენ, რომელთა მიზანი, მისივე თქმით, ჩიხში შესული ქვეყნის გადარჩენა იქნება:

„ჩვენ წარმოგიდგენთ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც იდგება კომპეტენტურობაზე და საზოგადოების მხარდაჭერაზე. ამიტომ თქვენ იხილავთ ამ გუნდში ძალიან ბევრ ახალ სახეს, ადამიანებს, რომლებიც არიან წარმატებული, ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი კვალიფიკაციით კარგად იცნობს ჩვენი საზოგადოება. სიახლე იქნება ის, რომ ეს ადამიანები წარმოადგენენ პარტიას პარტიულ სიაში“.

გარდა იმისა, რომ შიდადემოკრატია უნდა განვითარდეს იმ მხრივ, რომ ის ადამიანები უნდა იყვნენ წარმოდგენილი სიებში, ვისაც მაღალი ნდობა აქვს და პროფესიონალია, ასევე მნიშვნელოვანია ეს სიები გენდერულად იყოს დაბალანსებული...

რამდენად იმოქმედებს ეს სიახლე არჩევნების შედეგებზე? პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმატება უფრო იმის ხარჯზე თუ გაიზრდება, რამდენად დაკარგავს „ქართული ოცნება“ პოპულარობას. რაც შეეხება პარტიის გადახალისებას, შარაშენიძე ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს საჭიროება უდგას, მაგრამ გასაკეთებლად ადვილი არ არის:

„თუ განაახლებენ სიას, ეს კარგი იქნება მათთვის, მაგრამ, მეორე მხრივ, სიის განახლება შეიძლება ასე მარტივი არ იყოს. იმ ადამიანებს, ვინც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პარტიაში დარჩა და არ გაიქცა,დაფასება სჭირდება და ამიტომ, ვფიქრობ, განახლება მათთვის საკმაოდ რთული იქნება. ვნახოთ, რას იზამენ“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საარჩევნო პროექტის კოორდინატორი ირმა პავლიაშვილი კი ამბობს, რომ, მართალია, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ ინიციატივაში საუბარია დემოკრატიულ ღირებულებებზე, მაგრამ აქაც გამოტოვებულია ერთი კომპონენტი, კერძოდ, საკითხის ამგვარი გადაწყვეტით გამოვა, რომ პარტიული სია გენდერული თვალსაზრისით ისეთივე დაუბალანსებელი იქნება, როგორიც წინა არჩევნებში იყო:

„გარდა იმისა, რომ შიდადემოკრატია უნდა განვითარდეს იმ მხრივ, რომ ის ადამიანები უნდა იყვნენ წარმოდგენილი სიებში, ვისაც მაღალი ნდობა აქვს და პროფესიონალია, ასევე მნიშვნელოვანია ეს სიები გენდერულად იყოს დაბალანსებული“.

დავით ბაქრაძის თქმით, საბოლოო სიას პოლიტსაბჭო დაამტკიცებს და ის, შესაბამისი წესით, საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარედგინება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG