Accessibility links

წითელი ბარათი ხელისუფლებას


21 მარტს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის მთავარი მოთხოვნა საქართველოს მოქმედი მთავრობის გადადგომა იყო. დედაქალაქის მთავარ მოედანზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს ხელში წითელი ბარათები ეჭირათ, როგორც ხელისუფლების გაფრთხილების სიმბოლო. მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობას უმოქმედობაში, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებასა და ლარის გაუფასურებაში, ასევე ქვეყნის პოლიტიკური კურსის შეცვლის მცდელობაში ადანაშაულებდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების განცხადებით, ისინი მთავრობის შესაცვლელად ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადიან და არც რიგგარეშე არჩევნებს გამორიცხავენ. საქართველოს ხელისუფლებაში კი ფიქრობენ, რომ მსგავსი ტიპის დემონსტრაციებისთვის ზედმეტი ყურადღების მიქცევა არ ღირს. 21 მარტის აქცია ორ საათს გაგრძელდა და მთავრობის კანცელარიასთან მშვიდობიანად დასრულდა.

21 მარტს, დღის ოთხი საათისათვის, „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებმა თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან თავისუფლების მოედანზე მოიყარეს თავი. ათასობით ადამიანმა, წითელი ბარათებით, ასევე საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშებით ხელში, პროტესტი გამოხატა მოქმედი ხელისუფლების მიმართ იმ მძიმე ეკონომიკური ვითარების გამო, რომელიც დღეს, მათი შეფასებით, საქართველოში არსებობს და რაშიც დამნაშავე სწორედ დღევანდელი ხელისუფლებაა. როგორც აქციის დაწყებამდე „ნაციონალების“ ერთ-ერთმა წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ, უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ აქციით ისინი გააგონებენ საკუთარ ხმას მთავრობას და ეტყვიან, რომ ეს მთავრობა, ბევრი მიზეზის გამო, უნდა გადადგეს:

„ამ მთავრობამ მოატყუა ქვეყნის მოსახლეობა, ვერ შეასრულა ვერც ერთი დაპირება და ორი წლის განმავლობაში გააჩანაგა ქვეყნის ეკონომიკა, პრაქტიკულად ქვეყანა მიიყვანა კოლაფსამდე, რის შედეგადაც გაიზარდა სიღარიბე, უმუშევრობა, უამრავ ადამიანს გაუჩნდა პრობლემა, ამიტომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს“.

ქვეყანა უფსკრულის პირას დგას. და აქამდე საქართველო მიიყვანა რუსმა ოლიგარქმა. ყველამ კარგად გავიგეთ, რომ ივანიშვილის ტყუილები არ იჭმევა და რომ ამასობაში, სანამ ის გვარწმუნებს, რომ ყველაფერი კარგადაა, ქვეყანა ღარიბდება და უკან მიდის...

აქციის მონაწილეების ერთი ნაწილის მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყო და თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს შეუერთდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ხალხს თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებული სცენიდან მიმართავდნენ. იქვე დამონტაჟებული ეკრანიდან მოუწოდა ხალხს მოქმედი მთავრობის სახლში გაშვებისაკენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმაც, რომელიც ბრიუსელიდან ჩაერთო.

„ქვეყანა უფსკრულის პირას დგას. და აქამდე საქართველო მიიყვანა რუსმა ოლიგარქმა. ყველამ კარგად გავიგეთ, რომ ივანიშვილის ტყუილები არ იჭმევა და რომ ამასობაში, სანამ ის გვარწმუნებს, რომ ყველაფერი კარგადაა, ქვეყანა ღარიბდება და უკან მიდის. ჩვენ სულ მალე გავათავისუფლებთ საქართველოს ამ უმაქნისი და ბნელი ძალისგან და დავაბრუნებთ ქვეყანას სწორ გზაზე“, - განაცხადა სააკაშვილმა.

აქციის ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ მთავრობის გადადგომის შემდეგ ე.წ. ტექნიკური მთავრობა უნდა დაკომპლექტდეს,რომელიც ანტიკრიზისული პროგრამის განხორციელებას დაიწყებს. მათივე თქმით, სასწრაფოდაა გასატარებელისაარჩევნო სისტემის რეფორმა. „ნაციონალები“ რიგგარეშე არჩევნებზეც ალაპარაკდნენ. მათი ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის, განცხადებით კი, მათ პოლიტიკურ ძალას ქვეყნის გადარჩენის კონკრეტული გეგმა აქვს.

სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ მოახერხეს რამდენიმე ათასი ადამიანის მობილიზება და მოქრთამვა, მაგრამ ეს ძალიან დროებითი ამბავია. ის სისასტიკე და სადიზმი, რაც საქართველოში მათი მმართველობის დროს არსებობდა, არასოდეს აღარ დაბრუნდება...

21 მარტს აქციაზე მისული ხალხი აცხადებდა, რომ მათ მთავრობის მიმართ არაერთი პრეტენზია დაუგროვდათ: „აი, ეს წითელი ბარათი არ შემხვდა და სპეციალურად მოვითხოვე, რომ ჩემთვის მოეცათ, მინდა ვაჩვენო ამ მთავრობას. რისთვის? სავალუტო ჯიხურების აბრებს შეხედეთ და მერე იკითხეთ“.

რაც შეეხება ხელისუფლებას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დილიდანვე აცხადებდნენ, რომ დღევანდელი ხელისუფლება იცავს გამოხატვის თავისუფლებას და რომ ვითარების გამწვავებას და რაიმე სახის დაპირისპირებას არ დაუშვებს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი, რომელიც მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის აღმნიშვნელ ღონისძიებას ესწრებოდა, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამართული აქცია ასე შეაფასა:

„სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ მოახერხეს რამდენიმე ათასი ადამიანის მობილიზება და მოქრთამვა, მაგრამ ეს ძალიან დროებითი ამბავია. ის სისასტიკე და სადიზმი, რაც საქართველოში მათი მმართველობის დროს არსებობდა, არასოდეს აღარ დაბრუნდება“.

ფაქტია, რომ მთელ ქვეყანაში საერთო სულისკვეთებაა იმ მხრივ, რომ მთავრობა ვერ ართმევს თავს არსებულ გამოწვევებს...

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქვიას გამოეხმაურა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია, რომლის თქმით, მართალია, მისი პოლიტიკური გუნდი აქციას არ უერთდება, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე უარყოფითი პროცესები უკვე აშკარაა:

„ეს კონკრეტული პარტიის მიერ ორგანიზებული აქციაა, რომელსაც ჩვენ არ ვუერთდებით, თუმცა ფაქტია, რომ მთელ ქვეყანაში საერთო სულისკვეთებაა იმ მხრივ, რომ მთავრობა ვერ ართმევს თავს არსებულ გამოწვევებს და ერთადერთი გამოსავალი აქედან არის ის, რომ არაფორმალური მართვის ვერტიკალი და სტილი შეიცვალოს და პასუხისმგებლობა კონკრეტულმა ინსტიტუტებმა აიღონ“.

თავისუფლების მოედანზე გამართული აქციის დასრულების შემდეგ, გამაფრთხილებელი წითელი ბარათებით ხელში, აქციის მონაწილეები მთავრობის კანცელარიისაკენ გაემართნენ და პროტესტი იქაც გამოხატეს. 21 მარტის აქცია თბილისში მშვიდობიანდ დასრულდა, თუმცა მისმა ორგანიზატორებმა პირობა დადეს, რომ ამ აქციით მთავრობის შესაცვლელად ბრძოლა მხოლოდ ახლა დაიწყო.

XS
SM
MD
LG