Accessibility links

logo-print

რაში უნდა დარწმუნდეს ქართველი ხალხი 19 აპრილს?


ვანო მერაბიშვილი ნაციონალური მოძრაობის აქციაზე, 2012 წლის 8 სექტემბერი

ვანო მერაბიშვილი ნაციონალური მოძრაობის აქციაზე, 2012 წლის 8 სექტემბერი

”ნაციონალური მოძრაობა” და მისი მხარდამჭერები სხვადასხვა აქტივობით - პოლიტიკური განცხადებებითა თუ საგანგებოდ ამ დღისთვის მომზადებული ვიდეორგოლებით - საზოგადოებას 19 აპრილს დაგეგმილ აქციას ყოველდღიურად ახსენებენ. ამ აქციაზე მოსახლეობა არა მხოლოდ ბევრ სიახლეს უნდა ელოდეს, პირობას დებს „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, არამედ საქართველოში პოლიტიკური ვითარების რადიკალურ შეცვლასაც, თუმცა კონკრეტულად რას და რა ბერკეტების გამოყენებით გეგმავს ამ დღეს ოპოზიცია, უცნობია.
რისი იმედი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მხარდამჭერებს და როგორ აფასებს ოპოზიციის ძალას ახალი ხელისუფლება?

19 აპრილის აქციას ერთი მთავარი და გამოკვეთილი მესიჯი აქვს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეორგოლის მთავარი ლაიტმოტივიცაა - საქართველოს ინტეგრაცია ევროპაში, სწრაფვა დასავლეთისკენ. ამ იდეის ქვეშ უნდა გაერთიანდნენ 19 აპრილს რუსთაველზე დაგეგმილი მიტინგის მონაწილეები. 19 აპრილამდე კი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ საზოგადოებას აქტიურად მიეწოდება ინფორმაცია, რომ ეს დღე შეცვლის პოლიტიკურ რეალობას.

“ქართველი ხალხი 19 აპრილს ძალიან ბევრ სიახლეს გაიგებს, ეს დღე იქნება ბევრი სიურპრიზის მომტანი და ამ დღეს პოლიტიკური სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება”, - სწორედ ეს განაცხადა ”ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა ბაღდათში შუალედური არჩევნებისთვის პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას. აქტიურობს საზოგადოებრივი მოძრაობა, სახელწოდებით ”19 აპრილიც” - სოციალურ ქსელ ფეისბუქში ვრცელდება ვიდეომიმართვები, თუ რატომ უერთდებიან 19 აპრილის აქციას. ამ კამპანიის შემდეგ ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რას აჩვენებს და შეაფასებს 19 აპრილის აქცია და, რაც მთავარია, შეცვლის თუ არა ის, მართლაც, რამეს, როგორც ამას მისი ორგანიზატორები ჰპირდებიან საზოგადოებას? საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრი, დავით დარჩიაშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ხაზს უსვამს, რომ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოხდა მეტად მნიშვნელოვანი რამ - წინა ხელისუფლება კი არ გაქრა, როგორც ეს მანამდე ხდებოდა, არამედ ოპოზიციაში გადავიდა, თუმცა ეს ძალა დღეს სერიოზულ წინააღმდეგობებს აწყდება:
19 აპრილს ჩვენ დავანახვებთ ბიძინა ივანიშვილს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება შეუძლებელია, რა რესურსიც არ უნდა ჩართოს ამაში, როგორ შანტაჟსა და ზეწოლასაც არ უნდა მიმართოს, იმიტომ რომ ”ნაციონალური მოძრაობა”, პირველ რიგში, არის იდეაზე დაფუძნებული პარტია...

”ახალი ხელისუფლების ძალიან ბევრ წარმომადგენელს სურს, რომ ის ტრადიცია გაგრძელდეს, როდესაც ძველი ხელისუფლება უნდა იყოს მარგინალიზებული, დაჭერილი, გაქცეული და ყველაფერი ახალმა ხელისუფლებამ აითვისოს. ეს იქნება დამღუპველი და კიდევ ერთხელ წავალთ საშიშ წრეზე. ხოლო იმისათვის, რომ ეს გაიგოს ამ ხელისუფლებამ, სხვადასხვა აქტივობებთან ერთად ეს მიტინგებიც არის საჭირო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხელისუფლება 19 აპრილის შემდეგ უფრო საღად დაუწყებს ყურებას პოლიტიკურ პროცესებს ქვეყანაში და აღიარებს ჩვენს ლეგიტიმურ როლს ვიყოთ ნორმალური, ევროპული ყაიდის ოპოზიცია”.

19 აპრილი იქნება საქართველოსათვის საზიანო ეიფორიის დასასრული და პრემიერი ბიძინა ივანიშვილი გვიან, მაგრამ მაინც მიხვდება, რომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს თავისი ამომრჩევლის ყოფის გაუმჯობესებას და არა პოლიტიკური ოპონენტების მისი მხრიდან დეკლარირებულ განადგურების პოლიტიკას, - იმედს გამოთქვამს ”ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი წევრი, გიორგი კანდელაკი:

”19 აპრილს ჩვენ დავანახვებთ ბიძინა ივანიშვილს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება შეუძლებელია, რა რესურსიც არ უნდა ჩართოს ამაში, როგორ შანტაჟსა და ზეწოლასაც არ უნდა მიმართოს, იმიტომ რომ ”ნაციონალური მოძრაობა”, პირველ რიგში, არის იდეაზე დაფუძნებული პარტია, რომელიც წარმოადგენს საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვის სიმბოლოს. ჩვენ ვარსებობთ, ვძლიერდებით და ვვითარდებით და ის, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს ოპოზიცია, ეს ორჯერ ორი ოთხია და ”ნაციონალური მოძრაობა”, ბევრის მოლოდინის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილის მიერ დეკლარირებული მიზნის მიუხედავად, არსებობს და ვითარდება”.
სააკაშვილს, მერაბიშვილს და იმ ხალხს, ვისთანაც არის ასოცირებული ”ნაციონალური მოძრაობის” მმართველობა და მარცხი, არა აქვთ საყრდენი საზოგადოებაში და არც ასპარეზი აქვთ, განსხვავებით საპარლამენტო უმცირესობის ბევრი წარმომადგენლისაგან...

კონკრეტულად თუ რა სიუპრიზებს და მოულოდნელობებს უნდა ველოდეთ 19 აპრილის აქციაზე, ამაზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჯერჯერობით საჯაროდ არ საუბრობენ. დღევანდელი ხელისუფლება კი მიიჩნევს, რომ ამ აქციით „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ერთგვარად საკუთარი თავი გაიმხნევოს. უმრავლესობის ერთ-ერთ წევრს, დავით ბერძენიშვილს, არაადეკვატური ნაბიჯი ჰგონია ორი თვით დაანონსებული ეს თავყრილობა, განსაკუთრებით, საგარეო ორიენტაციის შესახებ სლოგანების თანხლებით, მაშინ როდესაც პარლამენტმა საგარეო კურსთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება მიიღო. დავით ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ 19 აპრილი უფრო სააკაშვილის პასუხია ხელისუფლების წევრებისა და კონკრეტულად თავად დავით ბერძენიშვილის განცხადებაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სააკაშვილთან ერთად პერსპექტივა აღარ გააჩნია:

”სააკაშვილს, მერაბიშვილს და იმ ხალხს, ვისთანაც არის ასოცირებული ”ნაციონალური მოძრაობის” მმართველობა და მარცხი, არა აქვთ საყრდენი საზოგადოებაში და არც ასპარეზი აქვთ, განსხვავებით საპარლამენტო უმცირესობის ბევრი წარმომადგენლისაგან. ისინი ოთხი წლით არიან პარლამენტში და სააკაშვილის პრეზიდენტობის დამთავრებასთან ერთად პოლიტიკური ასპარეზიდან წასვლას არ აპირებენ. ამიტომ მთელი ეს კამპანია, ვფიქრობ, უფრო სააკაშვილ-მერაბიშვილ-უგულავას ინტერესებშია, ვიდრე მთელი დეპუტაციის”.

დავით ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ 29 აპრილს სამ ოლქში - ბაღდადში, სამტრედიასა და თბილისში, ნაძალადევის რაიონში - დაგეგმილი არჩევნების შედეგები გამოავლენს, წაადგა თუ არა რამეში რეალურად „ნაციონალურ მოძრაობას“ 19 აპრილის თავყრილობა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG