Accessibility links

logo-print

უკრაინელმა სამხედრო მფრინავმა ნადია სავჩენკომ, რომელმაც თითქმის ორი წელი დაყო რუსეთის ციხეში და გასულ კვირაში იქნა გათავისუფლებული, პარლამენტარის ფიცი დადო. სავჩენკო უკრაინაში 2014 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა საკანონმდებლო ორგანოს წევრი, თუმცა მაშინ ის უკვე შეპყრობილი ჰყავდათ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს.

35 წლის ნადია სავჩენკო უკრაინის ეროვნული გმირია. მას პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 25 მაისს მიანიჭა უკრაინის გმირის წოდება. თუმცა, ასეც რომ არ ყოფილიყო, სავჩენკოს შეუპოვრობამ, გაბედულმა განცხადებებმა რუსეთის ციხეში ყოფნის თითქმის ორი წლის მანძილზე ის გმირად აქცია ბევრი თანამემამულის თვალში. შესაბამისად, მოსალოდნელი იყო, რომ უკრაინის პარლამენტში მას გამორჩეულად თბილად, გამორჩეული პატივისცემით დახვდებოდნენ და მოსალოდნელი იყო ისიც, რომ სავჩენკოს გამოსვლა ემოციური იქნებოდა.

„მე დავბრუნდი და არ მოგცემთ უფლებას დაივიწყოთ! არ მოგცემთ უფლებას დაივიწყოთ თქვენ, ვინც "ვერხოვნა რადას" ამ სავარძლებში ზის, დაივიწყოთ ის ბიჭები, რომლებიც მაიდანზე დაიღუპნენ და ახლა დონბასში იღუპებიან“, განაცხადა სავჩენკომ, რომელიც „ვერხოვნა რადაში“ (უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში) მივიდა პარლამენტარის ფიცის დასადებად. მან თავის პრიორიტეტად დაასახელა ბრძოლა რუსეთში დაკავებული დანარჩენი უკრაინელების გამოსახსნელად.

„მინდა კიდევ გითხრათ, რომ არაფერი და არავინ არის დავიწყებული. და არაფერია შენდობილი. უკრაინელი ხალხი არ მოგვცემს უფლებას ვისხდეთ ამ სავარძლებში და მათ ვღალატობდეთ“, - გამოაცხადა პარლამენტში ეროვნულმა გმირმა.

პარლამენტარებმა მას არა მარტო მოუსმინეს, არამედ შთამბეჭდავი სიმბოლური ჟესტიც იხილეს: ნადია სავჩენკომ საკუთარი ხელით ჩამოხსნა პლაკატი, თავისივე პორტრეტით - პლაკატი, რომელიც თვეების მანძილზე რჩებოდა უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში, სანამ კიევი ცდილობდა რუსეთიდან ნადია სავჩენკოს გამოხსნას.ახლა თავად სავჩენკომ მიიტანა პარლამენტში პლაკატი, სხვების გამოსახულებით - იმ ადამიანების, ვინც რუსეთის ციხეებში რჩება.

„უკრაინა ყველაფერზე მაღლა დგას. ხოლო იმათთვის, ვინც აქ, ამ დარბაზში, ვსხედვართ, უკრაინა საკუთარ სიცოცხლეზე უფრო მნიშვნელოვანია“, - ასე მიმართა დღეს ნადია სავჩენკომ უკრაინელ პარლამენტარებს და თავისი სიტყვებით თუ უკრაინული ჰიმნის შესრულებით, ალბათ, ცოტას თუ დაუტოვა ეჭვი, რომ მიზნის მისაღწევად თავს არც მას შემდეგ დაზოგავს, რაც 708 დღე დაყო რუსეთის ციხეში და ამ დღეებიდან, პროტესტის ნიშნად, ბევრი დღე იშიმშილა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG