Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნადია სავჩენკოს ბრალდება დაუმძიმდა


ნადია სავჩენკოს მხარდამჭერი ბანერი
ნადია სავჩენკოს მხარდამჭერი ბანერი

რუსეთში ბრალდება დაუმძიმეს წინასწარ პატიმრობაში მყოფ უკრაინელ სამხედრო მფრინავს, ნადია სავჩენკოს. ახლა მას ბრალად წაუყენებენ უშუალო მონაწილეობას ორი რუსი ჟერნალისტის მკვლელობაში, როცა ისინი შარშან უკრაინაში კონფლიქტის გასაშუქებლად მუშაობდნენ. სავჩენკო უარყოფს ბრალდებებს და ამტკიცებს, რომ რუსეთს არა აქვს მისი არც დაკავების და არც გასამართლების უფლება.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანმა ვლადიმირ მარკინმა 7 ივლისს გააკეთა განცხადება უკრაინელი სამხედრო მფრინავი ქალის, ნადია სავჩენკოსათვის ახალი ბრალდების წაყენებაზე. ეს ბრალდება დაემატება მკვლელობის მცდელობისა და რუსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლის ბრალდებებს.

თუ აქამდე სავჩენკოს ადანაშაულებდნენ ქალაქ ლუგანსკში ჟურნალისტების, იგორ კორნელიუკის და ანტონ ვოლოშინის, მკვლელობაში თანამონაწილეობაში, ახლა მას ბრალად წაუყენებენ უშუალო მონაწილეობას. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

სავჩენკო 2014 წლის ივლისიდან იმყოფება რუსეთში წინასწარ პატიმრობაში მას შემდეგ, რაც, როგორც თავად ამბობს, აღმოსავლეთ უკრაინაში შეიპყრეს რუსეთის მომხრე მეამბოხეებმა და მათვე გადაიყვანეს რუსეთის ტერიტორიაზე. ის ყველა ბრალდებას უარყოფს. რუსეთში თავისი დაპატიმრების გასაპროტესტებლად სავჩენკომ შიმშილობაც გამოაცხადა და, ცნობების თანახმად, 80 დღეზე მეტი გაძლო. შიშობენ, რომ შიმშილობის შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა მის ჯანმრთელობას. უკრაინა და დასავლეთის ქვეყნები ნადია სავჩენკოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

სავჩენკოზე არის საუბარი მსოფლიოში ადამიანის უფლებების შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაშიც, რომელიც გასული თვის ბოლოს, 25 ივნისს, გამოქვეყნდა.

„ამასობაში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უარყოფს (უკრაინის) კონფლიქტში თავის მონაწილეობას, მას კვლავაც დაკავებული ჰყავს უკრაინელები რუსეთის ტერიტორიაზე. ბევრისთვის არის ცნობილი, რომ რუსეთს დაკავებული ჰყავს უკრაინელი პილოტი და პარლამენტის წევრი ნადია სავჩენკო. რეალურად, შესაძლოა გაცილებით მეტი ასეთი შემთხვევა იყოს. ყველა შინ უნდა დაბრუნდეს“, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ტომ მალინოვსკიმ ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის პრეზენტაციაზე.

მაგრამ მოსკოვი, არაერთი მოწოდების მიუხედავად, არათუ არ აპირებს სავჩენკოს გათავისუფლებას, - როგორც უკვე ითქვა, მას ბრალდებას უმძიმებს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის ვლადიმირ მარკინის განმარტებით, კომიტეტმა დაასრულა გამოძიება და საქმე სასამართლო განხილვისათვის მოსამზადებლად პროკურატურას გადაუგზავნა.

მოსკოვში 7 ივლისს გამართულ ბრიფინგზე მარკინმა სავჩენკოს საქმის გარშემო „ისტერიის“ ატეხაში დაადანაშაულა უკრაინის ლიდერები:

„მთელი ამ ისტერიის მიუხედავად, გამომძიებლებმა მშვიდად მიიყვანეს გამოძიება თავის ლოგიკურ დასასრულამდე, მოაგროვეს რა მტკიცებულებების მთელი საჭირო კომპლექსი. გარწმუნებთ, რომ ეს მტკიცებულებები საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ სასამართლომ მომხდარი ობიექტურად შეაფასოს და, ბუნებრივია, სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს“.

მარკინის ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე რუსეთის ხელისუფლებამ უარყო სავჩენკოს მიმართვა, მისი საქმე განეხილა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს. სავჩენკოს ადვოკატების ინფორმაციით, სასამართლოში საქმის წინასწარი განხილვა ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისშია მოსალოდნელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG