Accessibility links

logo-print

9 მარტს ცნობილი გახდა, რომ უკრაინელი სამხედრო მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს საქმეზე რუსეთის სასამართლო საბოლოო განაჩენს 21 მარტს გამოიტანს.

სასამართლო სხდომაზე სავჩენკო სიტყვითაც გამოვიდა და უკრაინულ ენაზე განაცხადა, რომ ის კვლავაც გააგრძელებს შიმშილობას, თუ ერთი კვირის განმავლობაში სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ხოლო როდესაც მოსამართლემ სასამართლოს ამცნო, რომ საბოლოო განაჩენი 21 მარტს გამოცხადდება, ნადია სავჩენკომ უკრაინის ჰიმნის შესრულება დაიწყო. რუსეთში გამართული სასამართლო პროცესის პარალელურად, უკრაინასა და მსოფლიოს რამდენიმე დიდ ქალაქში ნადია სავჩენკოს მხარდასაჭერი აქციები გაიმართა. აქციები გაიმართა საქართველოშიც.

„მივმართავ მსოფლიო ლიდერებს. გადაარჩინეთ ჩემი შვილი. მე უკვე 78 წლის ვარ. აღარ მახსოვს, ძილი რა არის. დამეხმარეთ მისი ციხიდან გათავისუფლებაში. 3 მარტს მან მშრალი შიმშილობა გამოაცხადა, რაც ნიშნავს, რომ მას 5-6 დღის სიცოცხლე აქვს დარჩენილი. გთხოვთ, დამეხმარეთ. დაიხსენით ჩემი შვილი საპყრობილიდან. ძალ-ღონე არ დაზოგოთ”.

ეს ნადეჟდა სავჩენკოს 78 წლის დედის ვიდეომიმართვაა, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელდა. ის მსოფლიო ლიდერებს დახმარების თხოვნით მიმართავს. 9 მარტის სასამართლო პროცესის შემდეგ ნადეჟდა სავჩენკოს ადვოკატმა, ნიკოლაი პოლოზოვმა, "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე და წერა, რომ მფრინავს ტემპერატურამ 38 გრადუსამდე აუწია, მედიასთან საუბრისას კი მან განაცხადა:

„თუ რუსეთის ხელისუფლება გარკვევით ეტყვის ნადეჟდას, რომ გადაწყვეტილებას მიიღებს და სამშობლოში დააბრუნებს, დიდი შანსი არსებობს იმისა, რომ ის ამ შიმშილობას შეწყვეტს. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაჩენის გამოტანამდე რჩება თითქმის ორი კვირა, რომელსაც მშრალ შიმშილობაზე მყოფი ადამიანი ვერ გაუძლებს. ის ან იძულებით კვებაზე უნდა გადაიყვანონ, ან მოკვდება“.

ადამიანი სიკვდილის ზღვარზეა, მის მიმართ ხდება უსამართლობა. და ადამიანი, რომელიც ასე მყარად დგას თავის პოზიციაზე, დამოუკიდებელ უკრაინას განასახიერებს, აუცილებლად უნდა იქნეს მხარდაჭერილი...

ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გამართულ აქციებს 9 მარტს თბილისიც შეუერთდა. საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა თავისუფლების მოედანზე აქციაც გამართეს, სადაც საერთაშორისო საზოგადოებისადმი მიმართული დეკლარაცია წაიკითხეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი გაბაშვილმა განაცხადა, საერთაშორისო საზოგადოება მოვალეა მეტად იაქტიუროს და გაზარდოს რუსეთზე ზეწოლაო:

„9 მარტს მთელ მსოფლიოში გაიმართება ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი აქციები. საქართველოს პარლამენტის ფრაქციები ვუცხადებთ მხარდაჭერას გმირ უკრაინელ მფრინავს, ნადია სავჩენკოს, მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მოვუწოდებთ მსოფლიო ლიდერებს მოახდინონ ზეწოლა რუსეთზე და აიძულონ რუსეთი გაათავისუფლოს უკანონო პატიმრობაში მყოფი ნადეჟდა სავჩენკო“.

უმცირესობის კიდევ ერთი წევრი კი, თინათინ ბოკუჩავა, აცხადებს, რომ ნადია სავჩენკოს ბრძოლა თავისუფლებისათვის იქცა ბრძოლად მისი ქვეყნისა და მთელი რეგიონის თავისუფლებისთვის:

„ამიტომ მიმაჩნია, რომ თითოეული ჩვენგანის ვალია მისთვის სოლიდარობის გამოცხადება, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ვაიძულოთ პუტინი, გაათავისუფლოს ნადია სავჩენკო საპყრობილიდან“.

თავისუფალი სამყარო ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ მიხვდა რა ენაზე უნდა ელაპარაკოს პუტინს. და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ნადია სავჩენკო უკვე 20 თვეა უკანონო პატიმრობაში იმყოფება...

დეკლარაციას, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და სხვა ოპოზიციური ფრაქციების წევრებიც. როგორც უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ, განაცხადა, ეს თემა ყველა საერთშორისო შეხვედრაზე უნდა დაისვას:

„ადამიანი სიკვდილის ზღვარზეა, მის მიმართ ხდება უსამართლობა. და ადამიანი, რომელიც ასე მყარად დგას თავის პოზიციაზე, დამოუკიდებელ უკრაინას განასახიერებს, აუცილებლად უნდა იქნეს მხარდაჭერილი“.

ნადია სავჩენკოს მხარდამჭერი აქცია რუსეთის საელჩოსთან 8 მარტს ღამის 12 საათზეც გაიმართა. „გათავისუფლდეს ნადეჟდა სავჩენკო, გულგრილობა კლავს“ - იყო აქციის ლოზუნგი. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ტელეკომპანია „ტაბულას“ დირექტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, სავჩენკოს თავისუფლების დაცვა ყველა თავისუფლებისმოყვარე ადამიანის ვალი და ღირსების საკითხია:

„თავისუფალი სამყარო ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ მიხვდა რა ენაზე უნდა ელაპარაკოს პუტინს. და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ნადია სავჩენკო უკვე 20 თვეა უკანონო პატიმრობაში იმყოფება“.

ევროპარლამენტართა ჯგუფმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინის გადასცა ე.წ. “სავჩენკოს სია“ - ისინი 29 რუსი ჩინოსნის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებას მოითხოვენ. მათ შორის არის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც. 57 ევროპარლამენტარი მოითხოვს ამ ადამიანებისათვის ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას, ევროპის ბანკებში ანგარიშების გაყინვასა და ქონების დაყადაღებას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებაც, რომლითაც აშშ რუსეთს მოუწოდებს უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს და უკრაინაში დააბრუნოს.

ჯონ კერი

ჯონ კერი

„უკვე 20 თვეზე მეტი გავიდა, რაც ის უკრაინის აღმოსავლეთში დააკავეს და რუსეთში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ამ პერიოდში მან დაკითხვები, იზოლატორში ყოფნა და იძულებითი "ფსიქიატრიული ექსპერტიზები" გადაიტანა. მისი სასამართლო პროცესი და დაკავება იმის დემონსტრირებაა, რომ რუსეთი საერთაშორისო სტანდარტებსა და მინსკის შეთანხმებით დაკისრებულ ვალდებულებებს პატივს არ სცემს.
აშშ კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სავჩენკო და დააბრუნოს ის უკრაინაში"
, - ნათქვამია ჯონ კერის განცხადებაში.

ევროკავშირის ლიდერების სახელზე გაგზავნილ წერილს 270-ზე მეტი ცნობილი საზოგადო მოღვაწე აწერს ხელს. უკრაინელი მფრინავი ქალის, ნადია სავჩენკოს, განთავისუფლებას მოითხოვენ ნობელის პრემიის ლაურეატები, მწერლები, მეცნიერები, პოლიტიკოსები, ღია წერილის ინიციატივა კი ეკუთვნით პოლონელ და უკრაინელ ინტელექტუალებს, რომელთა მიმართვამ ერთ დღეში 5 ათასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა.

თავის ბოლო სიტყვაში ნადეჟდა სავჩენკო ამბობს, რომ არ აღიარებს დანაშაულს, არც განაჩენს და არც რუსულ სასამართლოს:

„მინდა მთელმა დემოკრატიულმა ცივილიზებულმა სამყარომ გააცნობიეროს, რომ რუსეთი მესამე მსოფლიოს ქვეყანაა, ტოტალიტარული რეჟიმითა და დიქტატორით მის სათავეში. რუსეთში არ არსებობს სასამართლო სისტემა და გამოძიება. აქ ყველა კრემლის მარიონეტია. და მე ამ ფარსში მონაწილეობის მიღება დროის ფუჭად დაკარგვა მგონია. სწორედ ამიტომ არ ვაპირებ განაჩენის გასაჩივრებას... მე გამოვაცხადებ მშრალ შიმშილობას და რუსეთს ექნება ათი დღე უკრაინაში ჩემ დასაბრუნებლად, ხოლო სანამ ჩემით ივაჭრებენ, მე სიცოცხლესთან ჭიდილში ვიქნები და, საბოლოოდ, რუსეთს მაინც მოუწევს ჩემი დაბრუნება უკრაინაში - ან ცოცხალს, ან მკვდარს, მაგრამ მაინც დამაბრუნებენ“.

ხვალ ჩემს ადგილას, შესაძლოა, მათი შვილები აღმოჩნდნენ. ასე იწყება მაიდნები. გინდათ ეს? თქვენ ხომ ამას ცეცხლივით უფრთხით. ამიტომ კრემლს ურჩევნია დამაბრუნოს უკრაინაში რაც შეიძლება მალე. და ცოცხალი!..

ნადეჟდა სავჩენკო ასევე წერს, რომ ციხის კართან მუდამ იდგება ჯერ მისი დედა, შემდეგ მისი მეგობრები, შემდეგ, უბრალოდ, მისი თანამემამულე უკრაინელები, რომლებსაც უბრალო, პატიოსანი რუსები გაათბობენ და გამოკვებავენ. მათ ესმით, ამბობს სავჩენკო, რომ „ხვალ ჩემს ადგილას, შესაძლოა, მათი შვილები აღმოჩნდნენ. ასე იწყება მაიდნები. გინდათ ეს? თქვენ ხომ ამას ცეცხლივით უფრთხით. ამიტომ კრემლს ურჩევნია დამაბრუნოს უკრაინაში რაც შეიძლება მალე. და ცოცხალი!“

უკრაინელი სამხედრო მფრინავი, უკრაინის ვერხოვნა რადასა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, 34 წლის ნადეჟდა სავჩენკო უკვე ოცი თვეა რუსეთის ფედერაციის ციხეში იმყოფება, ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობასთან კავშირის ბრალდებით. ჟურნალისტები უკრაინის ლუგანსკის ოლქში 2014 წლის ივნისში დაიღუპნენ. ბრალდების მხარე უკრაინელი მფრინავი ქალის 23 წლით პატიმრობას მოითხოვს, თავად სავჩენკო კი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. 3 მარტის სასამართლოს სხდომის შემდეგ, როგორც ცნობილია, სავჩენკომ მშრალი შიმშილობა დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG