Accessibility links

საქართველოს პარლამენტი განიხილავს "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტს, რომლის საფუძველზეც, ყოფილ თუ მოქმედ თანამდებობის პირებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები ნაფიც მსაჯულთა განსჯის სფეროში შევა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მოწონებული პროექტის მიხედვით,
შესაბამის საქმეებს, თბილისის გარდა, ქუთაისისა და ბათუმის სასამართლოები განიხილავენ. გარდა ამისა, მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან
ამოქმედდება მოწმის დაკითხვის ახალი წესი, რომელიც ითვალისწინებს მოწმის მიერ ჩვენების მიცემას მხოლოდ მოსამართლის წინაშე.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები ცვლილებების შეჯერებულ პროექტზე შეთანხმდნენ. კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის თქმით, უმრავლესობამ არ გაითვალისწინა ფრაცქია „ნაციონალური მოძრაობის“ მხოლოდ ის ინიციატივა, რომელიც ნაფიც მსაჯულთა განსასჯელი საქმეების ჩამონათვალის კიდევ უფრო მეტად გაფართოებას ითვალისწინებს:

„მუხლების დამატებაზე - უარი, რაც შეთანხმებულია. ბათუმში ნაფიცი სასამართლოების გამართვაზე - თანხმობა, დაკითხვის ახალი მექანიზმის 1 სექტემბრიდან ამოქმედებაზეც - თანხმობა. და ჩავწეროთ, რომ ძალაში შედის მიღებისთანავე“.

საპარლამენტო უმცირესობა ალტერნატიული პროექტის სახით ითხოვდა ნაფიც მსაჯულთა განსასჯელი საქმეები არ შემოფარგლულიყო მხოლოდ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობებითა და ყოფილი თუ მოქმედი სახელმწიფო მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულებებით. აი, რა განაცხადა კომიტეტის სხდომის დაწყების წინ უმცირესობის წევრმა დავით საყვარელიძემ:
არსებობს გარკვეული კითხვები, ზოგჯერ უსაფუძვლო, ზოგჯერ გარკვეულ საფუძველზე დამყარებული, რომ შესაძლოა ეს პირები პოლიტიკურ დევნას განიცდიან ...

„ეს შეეხება ყაჩაღობის, ძარცვის, ქურდობის საქმეებს და ა.შ. ჩვენ გვინდა ამ მიმართულებით უფრო საფუძვლიანად და სიღრმისეულად ვიმუშაოთ. მხარს დავუჭერთ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერებას“.

ნაფიც მსაჯულთა განსასჯელი საქმეების მასშტაბურ გაფართოებაზე უარი შესაბამისი კვალიფიკაციის კადრებისა და მატერიალური სახსრების სიმწირის გამო ითქვა. ამასთან, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, რომ ყოფილი თუ მოქმედი სახელმწიფო მოხელეების საქმეების განხილვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოებში ეჭვების გაფანტვის მიზნითაა საშური:

„არსებობს გარკვეული კითხვები, ზოგჯერ უსაფუძვლო, ზოგჯერ გარკვეულ საფუძველზე დამყარებული, რომ შესაძლოა ეს პირები პოლიტიკურ დევნას განიცდიან. იმისათვის, რომ ეს ეჭვი იყოს საბოლოოდ გაქარწყლებული და საზოგადოებამ მიიღოს პასუხი კითხვაზე, მართლა განიცდიან თუ არა ყოფილი მოხელეები პოლიტიკურ დევნას, ყველაზე ეფექტიანად ამას გააკეთებს სასამართლო, რომლის ნდობაც გააჩნია საქართველოს მოსახლეობას“.
არ გამოვიდეს ინკვიზიციის მაგვარი რამ რომელიმე კონკრეტული პირის მიმართ. ამიტომ ბრალდებულს უნდა დარჩეს არჩევის საშუალება ...

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობამ გაიზიარეს ოპოზიციის ზოგიერთი მოთხოვნა, მათ შორის, სასამართლო პროცესების საჯაროობისა და მოწმეთა დაკითხვის ახალი მექანიზმის ამოქმედების ვადის შემცირების შესახებ, თუმცა ოპოზიციის ნაწილი, აკაკი მინაშვილის სახით, უკმაყოფილო დატოვა ამ ვადის 1 დეკემბრიდან მხოლოდ 1 სექტემბრამდე გადმოწევამ:

„ჩვენ ვითხოვდით ამ პრინციპის შემოტანას დაუყოვნებლივ, მაგრამ მათ განაცხადეს, რომ ამ პრინციპს შემოიტანენ 1 სექტემბრის შემდეგ, ანუ ისინი თვლიან, რომ სექტემბრამდე დაასრულებენ პოლიტიკურ დევნას და მხოლოდ შემდეგ განახორციელებენ ცვლილებას“.

საპარლამენტო ოპოზიცია ასევე მოითხოვდა ბრალდებულს დარჩენოდა უფლება, თავად აერჩია ან უარი ეთქვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე. უმცირესობის წევრის გიორგი ღვინიაშვილის თქმით, ამგვარი არჩევანის საშუალება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომელთა მიმართაც უკვე მიმდინარეობს სამართალწარმოება და შექმნილია გარკვეული საზოგადოებრივი აზრი:

„არსებობენ ადამიანები, რომელთა მიმართაც გარკვეული შეხედულება უკვე ჩამოყალიბებულია. ხმამაღლა ნათქვამად არ მინდა ჩამითვალოთ, მაგრამ არ გამოვიდეს ინკვიზიციის მაგვარი რამ რომელიმე კონკრეტული პირის მიმართ. ამიტომ ბრალდებულს უნდა დარჩეს არჩევის საშუალება“.

თუმცა გიორგი ღვინიაშვილის ამ განცხადებასთან დაკავშირებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ითქვა, რომ განსახილველი ცვლილება არ ეხება აღნიშნულ საკითხს და რომ ის რეგულირდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, საქმე განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა თუ მოსამართლემ, იღებს განსახილველი საქმის მოსამართლე (უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით) მხარის შუამდგომლობის შემდეგ და არა ბრალდებული, როგორც ამას საპარლამენტო ოპოზიცია მიზანშეწონილად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG