Accessibility links

logo-print
საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატან ცვლილებათა პროექტს, რომლის საფუძველზეც, ყოფილ თუ მოქმედ სახელმწიფო თანამდებობის პირებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს. გარდა ამისა, გაფართოვდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მოქმედების არეალი, რომელიც თბილისსა და ქუთაისთან ერთად ბათუმსაც მოიცავს. პარლამენტის გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ასევე შევიდა ცვლილება (332-ე 1-ელი მუხლი), რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს პროცესების აუდიო-ვიდეოჩაწერა.

საქართველოს პარლამენტმა კანონის პროექტი, რომლის გაცხადებული მიზანი ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის გაძლიერებაა, უმრავლესობისა და უმცირესობის მიერ წარმოდგენილ წინადადებათა შეჯერებით მიიღო. დავით უსუფაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე:

„კენჭი ეყრება საქართველოს კანონის პროექტს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მესამე მოსმენით - ნაფიცი მსაჯულები და სასამართლო პროცესების საჯაროობა. 90 მომხრე, ერთი წინააღმდეგი. გადაწყვეტილება მიღებულია“.

კენჭისყრის შედეგად პარლამენტმა მხარი დაუჭირა იუსტიციის სამინისტროს მთავარ ინიციატივას, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ მთავრობის ინიციატივის ქვაკუთხედი უწოდა:
რა თქმა უნდა! კანონი ამოქმედდება ახლავე იმ მუხლის გამოკლებით, რომელშიც სასამართლოების მიერ ტექნიკური პრობლემების მოგვარებაზეა ლაპარაკი ...

„ლაპარაკია იმაზე, რომ ფართოვდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობა თანამდებობის პირებზე, თანამდებობის პირთა ჩამონათვალი კი განისაზღვრება კანონით „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონით“, ასევე სხვა პირებზე, რომლებიც ამ თანამდებობის პირებთან იყვნენ ერთ საქმეზე ბრალდებული“.

კანონპროექტის აღნიშნული მუხლის განხილვისას დეპუტატებმა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს დაეტოვებინათ დათქმა, რომლის მიხედვითაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავდა მხოლოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს. პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების თანხმად, სასამართლომ ასევე უნდა უზრუნველყოს პროცესების აუდიო-ვიდეოჩაწარა, რისთვისაც საჭიროა ტექნიკური გადაიარაღება, რომელიც უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2013 წლის 1 ივნისისა, თუმცა, როგორც უმცირესობის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა და კანონპროექტის ავტორიც დაეთანხმა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ 1 ივნისამდე სასამართლო პროცესებზე აუდიო-ვიდეოჩაწერა შეუძლებელი იქნება.

„ეს რედაქცია არ უკრძალავს „საზოგადოებრივი მაუწყებელს“ შეუზღუდავად განახორციელოს ფოტო-ვიდეო და აუდიოგადაღებები“, განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ უპასუხა:
ეს თემა არ ყოფილა შეთანხმების საგანი (და არც შეიძლება ყოფილიყო), ვინაიდან ამ კანონპროექტში ამ თემაზე საუბარი არ არის ...

„რა თქმა უნდა! კანონი ამოქმედდება ახლავე იმ მუხლის გამოკლებით, რომელშიც სასამართლოების მიერ ტექნიკური პრობლემების მოგვარებაზეა ლაპარაკი. ცხადია, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ამგვარი ტექნიკური პრობლემები არ აქვს“.

საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა იმაზეც შეთანხმდნენ, რომ პირის უფლება, დაკითხულ იქნეს მხოლოდ სასამართლოს მიერ, ამოქმედდება 2013 წლის 1-ელი სექტემბრიდან, ნაცვლად წინა მოწვევის პარლამენტის მიერ განსაზღვრული 2013 წლის 1 დეკემბრისა. ოდნავი გაუგებრობა გამოიწვია საკითხმა, რომელიც შეეხება ბრალდებულის უფლებას, უარი თქვას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მოთხოვნას მომხდარიყო აღნიშნულ საკითხზე პრინციპული შეთანხმება, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ასე უპასუხა:

„ეს თემა არ ყოფილა შეთანხმების საგანი (და არც შეიძლება ყოფილიყო), ვინაიდან ამ კანონპროექტში ამ თემაზე საუბარი არ არის! ამ კანონის მიღების შემდეგ ეს თემა რჩება ისე, როგორც იყო დღემდე 226-ე და სხვა მუხლებით დარეგულირებული. რა იქნება ხვალ, ზეგ ან სამი წლის შემდეგ, ამაზე, ცხადია, უნდა ვიმსჯელოთ ხვალ, ზეგ ან სამი წლის შემდეგ“.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლით, გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, საქმე განიხილოს ნაფიცმა მსაჯულებმა თუ პროფესიონალმა მოსამართლემ, იღებს არა ბრალდებული, არამედ განსახილველი საქმის მოსამართლე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG