Accessibility links

იმერეთში რეგიონალური ნაგავსაყრელის მოწყობა ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს


იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური ნაგავსაყრელის მოსაწყობად თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია მზადდება. ნარჩენების განთავსება რამდენიმე ათეული ჰექტარი მიწის ნაკვეთზე 2018 წლიდან დაიწყება.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლების ჭოგნარის, გოდოგნისა და ოდილაურის მცხოვრებნი სოფლების მიმდებარედ ნაგავსაყრელის აშენებას ეწინააღმდეგებიან. ადგილობრივებმა, სოფლებიდან 5 კილომეტრის დაშორებით პოლიგონის გადატანის მოთხოვნით, რამდენჯერმე საპროტესტო აქცია გამართეს. მოსახლეობა შიშობს, რომ დიდი რაოდენობით ნარჩენის სოფლების მიმდებარედ განთავსება უარყოფითად იმოქმედებს გარემოზე, დააბინძურებს სოფლის წყაროებს და ჭებს, რომლებითაც ოჯახები აქტიურად სარგებლობენ.

სოფელ ჭოგნარის მცხოვრებთა თქმით, ტერიტორია, რომელიც ნაგავსაყრელის პოლიგონად უნდა მოეწყოს, ამ დრომდე საძოვრებად გამოიყენება და ნაგავსაყრელის პოლიგონის აშენების შემდეგ მოსახლეობას ეკონომიკური პრობლემები შეექმნება, რადგან პირუტყვის გამოკვებას ვეღარ შეძლებს.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობის საპასუხოდ, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ხელმძღვანელი გიორგი შუხოშვილი განმარტავს, რომ ეჭვები უსაფუძვლოა, რადგან ნარჩენები სტანდარტების დაცვით დამუშავდება და დამონტაჟდება წყლისა და ჰაერის ფილტრები.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის თეიმურაზ ჯაფარიძის ინფორმაციით, „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ წარმომადგენლები თავად აცნობენ სოფლების მოსახლეობას პროექტს, რაც მათ ინფორმირებულობას გაზრდის და კომპანიასა და ადგილობრივებს შორის შეთანხმების მიღწევას შეუწყობს ხელს.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში, ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე, მყარი ნარჩენების განთავსებისთვის ნაგავსაყრელის მოწყობა 2010 წელს გადაწყდა, მას შემდეგ, რაც ქუთაისის გარეუბანში, ნიკეის ქუჩაზე, პოლიგონის დახურვის საჭიროება შეიქნა. პროექტის მიხედვით, რეგიონალური ნაგავსაყრელის მოწყობა 2018 წელს უნდა დასრულდეს. სამუშაოებისთვის 28 მილიონ ევროს გერმანიის განვითარების ბანკი გამოყოფს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG