Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჯილდაო ნაგავი


თბილისის მერია და „თბილსერვისჯგუფის“ თანამშრომლები რამდენიმე დღეა ვერ ახერხებენ საყოფაცხოვრებო ნარჩენების მოქმედ პოლიგონზე გატანას. საქმე ის არის, რომ ნაგავსაყრელთან მისასვლელი გზა ბლოკირებული აქვს დიდი ლილოსა და სოფელ ნორიოს მოსახლეობას, პოლიგონის გაუქმების მოთხოვნით. თბილისის მერიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გზის გახსნა მოსთხოვა, მაგრამ პასუხად მთავრობამ პოლიგონზე გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლები მიავლინა არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის შესასწავლად. რატომ აპროტესტებს დიდი ლილოსა და ნორიოს მოსახლეობა პოლიგონის მუშაობას და რა როლს თამაშობს პოლიტიკური დაპირისპირება ნაგავსაყრელის ბლოკირებაში?

დიდი ლილოსა და ნორიოს მოსახლეობა მათი დასახლებების მახლობლად საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის გახსნას წლების განმავლობაში აპროტესტებს. მათი თქმით, 2010 წელს გახსნილი პოლიგონი გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ახლომახლო სოფლებში მცხოვრებ ადამიანთა ჯანმრთელობას.

„ასე ნაუცბათევად ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. აქ სოფელი უნდა გაშენებულიყო და არა ნაგავსაყრელი. ყველამ კარგად იცის, რა საშინელებაცაა ნაგვის წვის შედეგად გამოყოფილი კვამლი. ერი და ბერი ერთად ვიდგებით და ამ საქმეს არ დავუშვებთ“, განაცხადა აქციის ერთმა მონაწილემ, მეორემ კი შენიშნა: „ეს ნაგავსაყრელი თუ კარგია და სასარგებლო, მაშინ წაიღონ და ვაკეში გააკეთონ. აქ ამ მიწით ვსარგებლობთ და ვსულდგმულობთ“.

თუმცა მშენებლობის შემდეგ პოლიგონის პროექტის ავტორმა ვახტანგ გვახარიამ განაცხადა, რომ ნაგებობა სავსებით უპასუხებს მაღალ ეკოლოგიურ სტანდარტებს:

„ნაგავსაყრელი დაპროექტებულია და აშენებულია თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებით, რაც გულისხმობს ნარჩენების სორტირებას, შეფუთვას და განთავსებას ისეთნაირად, რომ გარემოზე არანაირი ზეგავლენა არ მოახდინოს“.
სამი ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა: სუნი, რომელიც არ უნდა იყოს, თუ ოპერირება სწორად წარმოებს. სუნი ნიშნავს იმას, რომ ჰაერი იწამლება ...
ნინო ჩხობაძე

ნათქვამის საწინააღმდეგოდ, ნაგავსაყრელის გახსნიდან ორი წლის თავზე, დიდი ლილოსა და ნორიოს მოსახლეობის მსგავსად, გარემოსდამცველებიც აღნიშნავენ, რომ პოლიგონი საფრთხეს უქმნის როგორც სოფლების მოსახლეობას, ასევე მახლობლად მდებარე აეროპორტიდან აფრენილი თვითმფრინავების მგზავრებს. საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ხელმძღვანელის ნინო ჩხობაძის თქმით, დარღვეულია რამდენიმე ძირითადი პირობა, რომლის შესრულებაც თავის დროზე ეკოლოგიურმა ექსპერტიზამ მშენებლობის ნებართვის გასაცემად მოითხოვა.

„სამი ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა: სუნი, რომელიც არ უნდა იყოს, თუ ოპერირება სწორად წარმოებს. სუნი ნიშნავს იმას, რომ ჰაერი იწამლება. მეორე პრობლემა: ფრინველები, რომელთა რაოდენობა აუარებელია ნაგავსაყრელზე. ფრინველი საერთოდ არ უნდა იყოს, რადგანაც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ნორმებიდან გამომდინარე, ნაგავსაყრელი მდებარეობს ძალიან ახლოს: დაშორება უნდა იყოს 12 კილომეტრი და აქ არის 7 კილომეტრი. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ფრენებისთვის არის საფრთხე. იქ უნდა ყოფილიყო სპეციალური ფრინველთა დამაფრთხობელი მოწყობილობები, რაც არ არის გაკეთებული და, მესამე პრობლემა: წყლის გაწმენდა, რაც არ წარმოებს, რადგანაც აქვთ ერთი სალექი, ნაცვლად იმისა, რომ ჰქონდეთ გამწმენდი“, განუცხადა ნინო ჩხობაძემ რადიო თავისუფლებას.

დიდი ლილოს პოლიგონზე გარკვეული სახის პრობლემების არსებობას არც თბილისის მერიაში უარყოფენ, თუმცა დასუფთავების სამსახურის უფროსი თორნიკე შიოლაშვილი მოქმედების დასაწყებად გარემოს დაცვის სამინისტროს ექსპერტიზის დასკვნას ელოდება:

„გარემოს დაცვის სამინისტრო ჩაერთო ამ საკითხში და მათი ექსპერტები გამოიკვლევენ, თუ არის რამე დარღვევა, და ამის შემდეგ ვიმსჯელებთ დეტალურად, თუ რისი გაკეთება შეიძლება. რა თქმა უნდა, ამ ნაგავსაყრელს ალტერნატივა არ აქვს. ის არის ერთადერთი თბილისში“.
ასეთია ხალხის განწყობილება და არანაირი პოლიტიკური მითითება, რომ ასე მოიქეცით, არ ყოფილა. ნაგავსაყრელის ტერიტორიის გადაკეტვით არ მოსულა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ ...
გულიკო ზუმბაძე

ის გარემოება, რომ თბილისის ერთადერთი ნაგავსაყრელი რამდენიმე დღეა ბლოკირებულია და პოლიცია მის გასახსნელად არაფერს აკეთებს, თბილისის მერს აფიქრებინებს, რომ მოსახლეობის პროტესტი პოლიტიკურადაა მართული. აი, რა განაცხადა გიგი უგულავამ 30 იანვარს ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ ეთერში:

„შესასვლელში დადგმულია რამდენიმე კარავი, რაც ორკესტრირდება საკრებულოს წევრი ქალბატონის მიერ და პრაქტიკულად 1,5 მლნ-იანი ქალაქი მძევლად არის აყვანილი. თუ ეს ასე გაგრძელდა, სატრანსპორტო კოლაფსის პარალელურად, ჩვენ შეიძლება მივიღოთ სანიტარული პრობლემები. ამ ფონზე პოლიცია თითს თითზე არ ადებს და საერთოდ არ ერევა ამ საკითხში“.

31 იანვარს თბილისის მერიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურად მიმართა და მოითხოვა, აღნიშნულმა უწყებამ გაატაროს მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობა და აღადგინოს მოძრაობა საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონთან მისასვლელ გზაზე. გიგი უგულავას მიერ ტელევიზიით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-თბილისელების“ წარმომადგენელი გულიკო ზუმბაძე, რომელმაც იქით დასდო ბრალი მერიას პრობლემის პოლიტიზებაში.

„ასეთია ხალხის განწყობილება და არანაირი პოლიტიკური მითითება, რომ ასე მოიქეცით, არ ყოფილა. ნაგავსაყრელის ტერიტორიის გადაკეტვით არ მოსულა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“. არჩევნების გზით დავამარცხეთ „ნაციონალური მოძრაობა“ და ასევე ვაპირებთ ადგილობრივ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ნარჩენების დამარცხებას. გეკითხებით, პირველივე შემთხვევაში რატომ უნდა მივარდეს პოლიცია და დაშალოს ეს პიკეტი? მთავარია დასკვნა დავდოთ და ამის შემდეგ გავუშვათ მანქანები, მოვხსნათ პიკეტირება. ხალხმა თქვა კიდევაც გუშინ, თუკი მოვლენ ვითარების შესასწავლად და დაიწყება სასიკეთო პროცესები, ჩვენ შევწყვეტთ პიკეტირებასო“, უთხრა რადიო თავისუფლებას გულიკო ზუმბაძემ, რომლის თქმითაც, ნაგავსაყრელთან მისასვლელი გზის პიკეტირება საგანგებო კომისიის მუშაობის დასრულებისა და გამოვლენილ პრობლემებზე რეაგირების დაწყებისთანავე დასრულდება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG