Accessibility links

logo-print

დიდი ლილოს მოსახლეობა: გაიტანეთ ნაგავსაყრელი


არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე და დიდი ლილოს მოსახლეობა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე და დიდი ლილოს მოსახლეობა.

დიდი ლილოს მოსახლეობა და გარემოსდამცველთა ნაწილი თბილისის საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის დახურვას მოითხოვს, თუმცა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე აღმოჩენილი დარღვევებით არ იკვეთება „ნაგავსაყრელის“ დახურვის წინაპირობა. გამოვლენილი დარღვევების გამო პოლიგონის მმართველი კომპანია „თბილსერვის ჯგუფი“ 5 ათასი ლარით დაჯარიმდა და, გარდა ამისა, სამთვიანი ვადა მიეცა ექსპლუატაციის დროს აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად. რა პირობებში უწევს ცხოვრება დიდი ლილოს მოსახლეობას და რას ფიქრობენ თბილისი საკრებულოში საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის დახურვის შესახებ?

დიდი ლილოსა და ნორიოს მოსახლეობა მათი დასახლებების მახლობლად საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის გახსნას წლების განმავლობაში აპროტესტებს. დიდი ლილოს მკვიდრის, კობა არსოშვილის თქმით, 2010 წელს გახსნილი პოლიგონი გამოუსწორებელ ზიანს აყენებს როგორც პირადად მას, ასევე დიდი ლილოს დასახლებაში მცხოვრები შვიდასივე ოჯახის წევრთა ჯანმრთელობას.

„ვერ გაძლებ! გამორიცხულია, რომ აქ იცხოვროს ნორმალურმა ადამიანმა! თუ გინდათ, წამობრძანდით ჩემს ოჯახში, სუფრას გაგიშლით, მაგრამ თუ თქვენ იქ ლუკმის გატეხას შეძლებთ, რაც გინდათ, ის მითხარით! აქ ცხოვრება შეუძლებელია. უნდა დაიხუროს და გადავიდეს სხვაგან“, უთხრა კობა არსოშვილმა რადიო თავისუფლებას.

პოლიგონის დახურვასა და სხვაგან გადატანას მოითხოვენ საგანგებოდ შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრები. გიორგი გაბათაშვილის თქმით, პოლიგონის მშენებლობისას დაშვებული შეცდომები შეუძლებელს ხდის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრებას: პოლიგონი აშენებული იქნა საარჩევნოდ, დაჩქარებულად, ისე, რომ არ იქნა სათანადოდ განხილული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა:

„მოსახლეობაში ინტენსიურად მატულობს თავის ტკივილები, გულისრევის შეგრძნებები... ერთი სიტყვით, ცხოვრება გახდა გაუსაძლისი. შეგიძლიათ რუკაზე ინტერნეტის საშუალებით ნახოთ, რომ დარღვეულია ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობები. პოლიგონი არ არის სათანადო მანძილით დაშორებული დასახლებული პუნქტებიდან. ტერიტორიის გამოყოფის პროცესში იყო 5 ალტერნატივა, მაგრამ მიღებული იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება. არჩევნების წინ გლდანელთა გულის მოსაგებად სასწრაფოდ გადაიტანეს ნაგავსაყრელი. ერთადერთი არგუმენტი ის იყო, რომ თბილისიდან არ იყო დაშორებული დიდ მანძილზე და ამის გამო ტრანსპორტირების ხარჯი მცირდებოდა 2 მილიონი ლარით“.

პირველი შენიშვნა: არ იყო მოწყობილი გამწმენდი ნაგებობა. ასევე არ იყო გაკეთებული უჯრედები, სადაც უნდა იყოს განთავსებული ეს ნარჩენები. პირობითად, უნდა ყოფილიყო 14 ჰექტარზე, მაგრამ გაკეთდა 7 ჰექტარზე...
საპროტესტო აქციებისა და საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნების საფუძველზე, მიმდინარე წლის 26 თებერვალს გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტმა, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მოწყობის მიზნით 2010 წლის 24 მარტს თბილისის მერიაზე გაცემული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი პირობების შესრულების მდგომარეობა შეისწავლა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის ნელი კორკოტაძის თქმით, შემოწმების შედეგად გამოვლინდა ნაგავსაყრელის ექსპლუატაციის როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ტექნოლოგიური ციკლის მნიშვნელოვანი დარღვევები:

„პირველი შენიშვნა: არ იყო მოწყობილი გამწმენდი ნაგებობა. ასევე არ იყო გაკეთებული უჯრედები, სადაც უნდა იყოს განთავსებული ეს ნარჩენები. პირობითად, უნდა ყოფილიყო 14 ჰექტარზე, მაგრამ გაკეთდა 7 ჰექტარზე. ასევე იყო რადიაციული დეტექტორების დაყენების აუცილებლობა და პორტალური მონიტორებით უნლა ყოფილიყო ყოველდღიური შემოწმება, არის თუ არა გამოსხივება მომატებული. ასევე უნდა ჩამოეყალიბებინათ ემისიების მონიტორინგის სისტემა, როელიც ეხება გაზის და მიწისქვეშა წყლების მონიტორინგს და იმ შემთხვევაში, თუ გადააჭარბებდა, უნდა განხორციელებულიყო სტაბილიზაციის ღონისძიებები“.

გარემოს დაცვის სამინისტროს არაფერი დაუწერია იმის შესახებ, რომ ნაგავსაყრელი უნდა დაიხუროს. ჩვენ ვერანაირ ზომებს ვერ მივიღებთ გარდა იმისა, რომ დაგეგმილი გვაქვს გამწმენდი ნაგებობის დაყენება, პირველი უჯრედის დახურვა...
აღნიშნული დარღვევების გამო „თბილსერვის ჯგუფს“ 5 ათასი ლარის ჯარიმა დაეკისრა, ხარვეზების აღმოსაფხვრელად კი 90 დღე მიეცა. ნელი კორკოტაძის თქმით, თუ მორიგი შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ ვითარება არ გამოსწორებულა, მმართველი კომპანია სამმაგი ოდენობის თანხით, ანუ 15 ათასი ლარით, დაჯარიმდება. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის თორნიკე შიოლაშვილის თქმით, კომპანიამ გაითვალისწინა გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მიცემული შენიშვნები, მაგრამ იმის გამო, რომ დასკვნაში არაფერი იყო ნათქვამი ნაგავსაყრელის დახურვის შესახებ, ამ ეტაპზე პოლოგონის გაუქმებას არც არავინ უნდა ელოდეს.

„გარემოს დაცვის სამინისტროს არაფერი დაუწერია იმის შესახებ, რომ ნაგავსაყრელი უნდა დაიხუროს. ჩვენ ვერანაირ ზომებს ვერ მივიღებთ გარდა იმისა, რომ დაგეგმილი გვაქვს გამწმენდი ნაგებობის დაყენება, პირველი უჯრედის დახურვა და შემდეგ მეორე უჯრედის მშენებლობა და ა.შ. ამ ყველაფერზე დიდი თანხა უნდა დაიხარჯოს. ვიმეორებ, ამ ეტაპზე ნაგავსაყრელის დახურვა არ იგეგმება“, უთხრა თორნიკე შიოლაშვილმა რადიო თავისუფლებას.

დიდი ლილოს დასახლებაში მდებარე ნარჩენების პოლიგონის დახურვასა და გადატანას აქტიურად ითხოვდა თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ნაწილი, თუმცა გულიკო ზუმბაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება-თბილისელების“ თავმჯდომარე, ამბობს, რომ დღესდღეობით დედაქალაქის ბიუჯეტი მხოლოდ ხარვეზების აღმოფხვრას თუ გასწვდება:

„მთლიანობაში, ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი12-13 მილიონი ლარი იმისათვის, რომ მოწესრიგდეს ის, რაც აბინძურებდა ჰაერსა და წყალს. გათვალისწინებულია სპეციალური დანადგარების მოწყობა. დაწყებულია უჯრედის მშენებლობა, რომელიც ჰაერის დაბინძურებას შეუშლის ხელს“.

თუმცა დიდი ლილოს მოსახლეობას ამგვარი პასუხი არ აკმაყოფილებს. საინიციატივო ჯგუფის წევრები მთავრობას პოლიგონის გაუქმებასა და მის ნაცვლად სხვა ადგილზე ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას სთხოვენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, მთავრობამ ყურად უნდა იღოს დიდი ლილოს მოსახლეობის გულისტკივილი.

„პრესკონფერენციაზე მოვისმინეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან, რომ საქართველოში უნდა გაკეთდეს 100 საწარმო. კარგი იქნება, თუკი ამ 100 საწარმოს შორის იქნება ნარჩენების გადამამუშავებელი თანამედროვე ქარხანა. უცხოეთში ასეთი ქარხნები ქალაქებშიც კი შენდება და მათი ზემოქმედება გარემოზე არის მინიმალური“, უთხრა ნიკოლოზ მჟავანაძემ რადიო თავისუფლებას.
XS
SM
MD
LG