Accessibility links

1988 წელს ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილება ლიტერატურული პრემია იმ წელს ფაქტობრივად უცნობი არაბი პროზაიკოსისათვის მიენიჭებინა, ბევრისათვის შოკის მომგვრელი სიახლე აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ არაბ ლიტერატორთაგან, ალბათ, ყველაზე ინტენსიურად ისევ ნაჯიბ მაჰფუზს თარგმნიდნენ და შეისწავლიდნენ დასავლეთში, მაგრამ ეს მწერალი ისეთი პოპულარული მაინც არ ყოფილა, რომ მისთვის ამ უმაღლესი ლიტერატურული ჯოლდოს მინიჭებას შეკითხვებისა და, რიგ შემთხვევაში, სკანდალების გარეშე ჩაევლო.

ნაჯიბ მაჰფუზთან დაკავშირებითაც, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, დაისვა საკითხი ნობელის კომიტეტის მხრიდან პოლიტიკური სიტუაციისა და არა მწერლის რეალური მნიშვნელობისა და დამსახურების გათვალისწინების თაობაზე.

ამ მითქმა-მოთქმას ამძაფრებდა თვითონ არაბულ სამწერლობო ცხოვრებაში წამოჭრილი დისკუსიები, ვის უფრო ეკუთვნოდა ნობელი და ვინ იყო ღირსი, რომ არაბული სამყაროდან ამ პრემიის პირველი ლაურეატი გამხდარიყო.

არადა, ნაჯიბ მაჰფუზი, პოლიტიკისაგან დამოუკიდებლად, სავსებით იმსახურებდა ასეთ დაფასებას და იმსახურებდა იმ მრავალწლიანი მწერლური მოღვაწობით, რის შედეგადაც თანამედროვე არაბული რომანი და, საერთოდ, არაბული პროზა სრულიად ახალი ტიპის, ორიგინალურ მოვლენად წარმოგვიდგა, სადაც ერთმანეთს გემოვნებით ერწყმოდა ევროპული მწერლობის მიღწევები და არაბულ-მუსლიმური კლასიკური მემკვიდრეობის უმდიდრესი ნარატიული ტრადიცია.

არაბისტმა ირმა მახარაძემაც რადიო თავისუფლებასთან ამ თემაზე საუბრისას აღნიშნა:

ირმა მახარაძე

ირმა მახარაძე

"ჩემი აზრით, ნამდვილად იმსახურებდა. ის, რომ სხვა შეიძლება კიდევ უკეთესი იყოს, არ გამორიცხავს იმას, რომ ნაჯიბ მაჰფუზს ეკუთვნოდა ნამდვილად ნობელის პრემია. არც ის არის გამორიცხული, რომ სხვებსაც ეკუთვნოდეს და მარტო ნაჯიბ მაჰფუზი მოხვდა ამ სიაში“.

ასეა თუ ისე, ნაჯიბ მაჰფუზმა მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში შექმნა ეგვიპტური და, საერთოდ, არაბული სამყაროს სულიერი, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ყოფის უბრწყინვალესი მხატვრული მატიანე. მისი რომანები ნობელის პრემიამდეც და ახლაც ინტენსიურად ითარგმნება უცხო ენებზე და, შეიძლება ითქვას, არა მარტო სპეციალისტების, არამედ ჩვეულებრივი მკითხველის დიდ ინტერესს იწვევს.

მაჰფუზს თარგმნიდნენ ქართულადაც და დღემდე სხვადასხვა დროს ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებულია მისი მრავალი მოთხრობა თუ ნოველა, ორი შედარებით ადრეული რომანი "მირამარი“ და "როდოპისიც“ რამდენიმე წლის წინ გამოიცა გამომცემლობა "ინტელექტის“ ნობელიანტების სერიით, მაგრამ ეს ნაწარმოებები მაინც ვერ შეუქმნიდა ქართველ მკითხველს ადეკვატურ შთაბეჭდილებას იმაზე, თუ რა რანგის მწერალთან აქვს საქმე ნაჯიბ მაჰფუზის სახით.

მაჰფუზის მთავარ ნაწარმოებებად, მის ეგვიპტურ ტრილოგიასთან ერთად, რისთვისაც მწერალს ნობელი მიენიჭა, ასევე მიიჩნევენ "ჩვენი უბნის შვილებს“. ახლახან სწორედ ეს რომანი ითარგმნა ქართულად. ის, ისევე როგორც წინა ორი რომანი "მირამარი და "როდოპისი“, არაბული ენის შესანიშნავმა სპეციალისტმა მაია ანდრონიკაშვილმა გადმოიღო და გამომცემლობა "სიესტაში“ დაისტამბა, რომელმაც ბოლო ხანს არა მხოლოდ ნაჯიბ მაჰფუზის, არამედ მეოცე საუკუნის არაბული ლიტერატურის ბევრი სხვა ღირსეული წარმომადგენლის საავტორო უფლება მოიპოვა და, ამდენად, მისგან სასიამოვნო სიახლეებს ამ კუთხით მომავალშიც უნდა ველოდეთ.

რაც შეეხება "ჩვენი უბნის შვილებს“, რომანის შინაარსზე არანაკლებ საინტერესოა თვითონ ხელნაწერის თავგადასავალი - გამოცემამდე მან მეტად თავისებური და წინააღმდეგობრივი გზა გამოიარა.

მაჰფუზმა ამ რომანის წერა გახმაურებული რეალისტური ტრილოგიის შემდეგ დაიწყო, რომლის დასტამბვიდან კარგა ხნის განმავლობაში არაფერი გამოუქვეყნებია, 1950 წელს კი გაზეთ "ალ-აჰრამში“ "ჩვენი უბნის შვილების“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

იმდენად ლაღად იკითხება, რომ, რომ არა უცხო სახელები, შეიძლება შეგრძნება გქონდეს კიდევაც, რომ არა მარტო თემატურად, არამედ ენობრივადაც ამ რეალობაშია დაწერილი და, ვთქვათ, ქართული საზოგადოების და ქართული გარემოს პირმშოა ეს ნაწარმოები...

აქ მაჰფუზმა, ერთი შეხედვით, დათმო რეალისტური სამწერლობო მანერა და სათქმელისათვის იგავური და სიმბოლური ფორმა აირჩია. რომანში კაცობრიობის დიდი სიუჟეტების, უფრო სწორად, აბრაამისტული რელიგიების ნარატივის ახლებური წაკითხვითა და გადამუშავებით, მწერალი, ერთი მხრივ, აანალიზებს ამ რელიგიათა არსს და, მეორე მხრივ, ეხმიანება თანამედროვე სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემატიკას. რელიგიური, მარადიული ღირებულებების შუქზე მკვეთრად აკრიტიკებს საზოგადოების სხვადასხვა ფენაში ფეხმოკიდებულ უამრავ მანკიერებას და საზოგადოების განვითარების სხვადასხვა გზასა და შესაძლებლობებს არა სტატისტის ან სხვა ნებისმიერი სპეციალობის ადამიანის, არამედ მწერლის თვალთახედვით აფასებს.

რომანმა საზოგადოების სხვადასხვა წრის მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია და „ალ-აჰრამის“ რედაქცია იძულებული გახდა ნაწარმოების ბეჭდვა შეეეწყვიტა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ალ-აჰრამში“ რომანის პირველი ფრაგმენტები 1950 წლის 21 სექტემბერს დაიბეჭდა, ხოლო იმავე წლის ნოემბერში, ეგვიპტის რელიგიურ საქმეთა კოლეგიის პროტესტის საფუძველზე, წიგნის ბეჭდვა შეწყდა: კოლეგიამ „ჩვენი უბნის შვილები“ "ღვთის ბუნებისადმი მკრეხელობად“ შეაფასა.

ამავე მიზეზით, კიდევ 8 წელიწადი დასჭირდა იმას, რომ ნაწარმოები ცალკე წიგნად გამოცემულიყო, ოღონდ ეს არა ეგვიპტეში, არამედ ბეირუთში, ლიბანური ლიტერატურული გამომცემლობის ძალისხმევით, მოხერხდა. მწერლის სამშობლოში კი წიგნის გამოცემა მხოლოდ 2006 წელს გახდა შესაძლებელი, როცა "ჩვენი უბნის შვილები“ ამ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გამომცემლობაში, "დარ აშ-შურუკში“, დაისტამბა.

ამის მიუხედავად, 2006 წელს, ეგვიპტეში ყოფნისას, როცა რომანის იმ ეგზემპლარის ძებნას შევუდექით, საიდანაც საბოლოოდ ქალბატონმა მაია ანდრონიკაშვილმა ეს შესანიშნავი ქართული თარგმანი შეასრულა, ჩვენმა ეგვიპტელმა მასპინძლებმა თავდაპირველად შეკითხვა თავაზიანად აიცილეს თავიდან, - მაღაზიებში ვერსად მიაგნებთო, გვეუბნებოდნენ, - მერე კი, როცა აღარ მოვეშვით, გაგვიმხილეს, ეგ წიგნი ათაბას ძველმანებისა და ბუკინისტური წიგნების ბაზრობაზე თუ იქნება, სხვაგან არსადო!

ათაბა კაიროს ერთ-ერთი უბანია და მე და ჩემი მეგობარი, არაბისტი ზვიად ცხვედიანი, იქ მოსაღამოებულზე წავედით. თავიდან ყველა ბუკინისტი უნდობლად შეგვეგება: ხომ იცით, ეგ აკრძალული ლიტერატურაა, აბა, ჩვენ საიდან უნდა გვქონდესო?! - თითქმის ყველა ფარდულის მეპატრონე გაზეპირებულივით ამას გვეუბნებოდა და ჩვენც იმედი გადაგვეწურა, რომ "აულად ჰარათინა“ - "ჩვენი უბნის შვილების“ არაბული დედანი - ოდესმე ხელში ჩაგვივარდებოდა.

არის ხოლმე თარგმანები, როცა მძაფრად გაქვს იმის შგრძნება, რომ ნათარგმნს კითხულობ და ტექსტი არ არის ამ ენაზე დაწერილი. ამ შემთხვევაში ეს მომენტი არ არის...

ის იყო წამოსვლა დავაპირეთ, რომ ყველა ფარდულიდან ჯერ ჩურჩული, მერე კი კაი ღონიერი ძახილი აგვედევნა: "აულად ჰარათინა! აულად ჰარათინა!“ - ბუკინისტები დახლქვეშიდან აძვრენდნენ წიგნის ეგზემპლარებს და შორიდან გვიჩვენებდნენ.

მოკლედ, ასეთი წვალებით მოვიპოვეთ დედანი, მაგრამ ეს ამბავი აქ მხოლოდ ჩვენი სიმარჯვის გასახსენებლად არ მომიყოლია.

შემთხვევა იმ ტრაგიკული სინამდვილის ცოცხალი დასტურია, როცა თვითონ წიგნი ექცევა იმ ფსევდოღირებულებათა ველში, რასაც ამ წიგნის შიგთავსი ამათრახებს და რის გამოც ეს ღირებულებები წიგნსა და მის ავტორს ლამის სამკვდრო-სასიცოცხლოდ უპირისპირდება.

რაც შეეხება თარგმანს, არაბისტმა ირმა მახარაძემ ჩვენთან საუბრისას სავსებით სამართლიანად აღნიშნა:

"არის ხოლმე თარგმანები, როცა მძაფრად გაქვს იმის შგრძნება, რომ ნათარგმნს კითხულობ და ტექსტი არ არის ამ ენაზე დაწერილი. ამ შემთხვევაში ეს მომენტი არ არის. იმდენად ლაღად იკითხება, რომ, რომ არა უცხო სახელები, შეიძლება შეგრძნება გქონდეს კიდევაც, რომ არა მარტო თემატურად, არამედ ენობრივადაც ამ რეალობაშია დაწერილი და, ვთქვათ, ქართული საზოგადოების და ქართული გარემოს პირმშოა ეს ნაწარმოები“.

ასე რომ, ქართველ მკითხველს, რომელიც არაბი მწერლის ამ შესანიშნავად თარგმნილ წიგნს აიღებს ხელში, წინ დიდი სამყაროს აღმოჩენა ელის. ეს სამყარო - ნაჯიბ მაჰფუზის ეგვიპტე - მთარგმნელმა მაია ანდრონიკაშვილმა ჩვენამდე უდანაკარგოდ, დედნისეული სიღრმითა და თრთოლვით მოიტანა.

XS
SM
MD
LG