Accessibility links

logo-print

„ესაა სასწაული, ზღაპარში მოვხვდი ერთი-ორი საათით...“ – ისმის დარბაზში დამთვალიერებელთა ხმები...

ბაღდათის რაიონის სოფელ ოფჩის ყოფილი ღვინის ქარხნის ტერიტორია სავსეა ხალხით. მათ შორის არიან საგანგებოდ ქალაქიდან ჩამოსული სტუმრებიც. კედლებზე ნაჭრის ნაკუწებისგან შექმნილი პანოებია გამოფენილი. მაგრამ, სანამ ოფჩის ღვინის ქარხნის ცარიელი და ნახევრად ჩამონგრეული კედლები ერთი დღით ჭრელი ნაკეთობებით გაფერადდებოდა, იყო ექვსთვიანი მზადება და ახალი ხელსაქმის შესწავლის პროცესი.

ორგანიზაცია „არქეიდის“ დამფუძნებლებმა პირველი სახელოვნებო პროექტი და რეგიონის გამოცოცხლების საქმე თავისი სოფლიდან, ბაღდათის რაიონის სოფელ ობჩიდან დაიწყეს.

თბილისიდან ორი არტისტი ჩავიდა, საზაფხულო რეზიდენციის ფარგლებში, ტექსტილის სახელოსნო შექმნეს, ჩაიტანეს საკერავი მანქანები, ფერადი ნაჭრები და სოფლის ბავშვებისთვის ქვილთის ტექნიკის შესწავლა დაიწყეს.

ეს ნაკუწების ხელოვნებააო – ამბობს ნატა ბურჯანაძე – ის ორგანიზაცია „არქეიდის“ წევრი და ქვილთის სპეციალისტია. ირა ლავრინენკოსთან ერთად, თვეების განმავლობაში, სწორედ ის ასწავლიდა ბავშვებს ქვილთის ტექნიკას.

ნატა ქვილთის შექმნის პროცესზე საუბრობს:

„ქვილთი ძალიან რთული ტექნიკაა, პლუს მზა პროდუქტის დადება არის რთული,რადგანაც ამას უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ მხატვრული სახე, არამედ უნდა იყოს ტექნიკურად შესრულებული და როგორც შემოქმედებითი, ისე უტილიტარული გამოყენების საგნები უნდა იყოს დასრულებული სახით წარმოდგენილი.

ამას მსოფლიოში ძალიან ბევრი ქვეყანა აკეთებს და ბევრი მიმდევარი ჰყავს და თუ ოდნავ მაინც შეიძლება რაღაც ხიბლი ამას ქართულად შეუნარჩუნო, ეს არ არის იოლი საქმე. ეს ბროწეული არის უამრავი ნაკუწისგან შედგენილი და არ არის ერთი მთლიანი ნაჭერი, ეს ქმნის ფერწერას. ახლა ვუყურებ და მე თვითონ ვარ გაკვირვებული, ამ გამოფენის მასშტაბი არის დაუჯერებელი. თან ბავშვები აღმოჩნდნენ სრულიად არაჩვეულებრივები. მოკლედ, გააკეთეს შეუძლებელი“.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, თავიდან პროექტში მონაწილეობის სურვილი ცოტამ გამოთქვა.შემდეგ ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე, პატარებს უფროსები და ასე შეიკრიბა ახალი საქმის შესწავლის მსურველი ოცდაათამდე სოფლის მოსახლე.

მათგან ერთისთვის გამოფენა განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. თექვსმეტი წლის იულია ეგუტიძის ნამუშევარი ობჩიდან ნიუ-იორკის გამოფენაზე მოხვდება. როგორც ნატა ბურჯანაძემ გვითხრა, პროექტს თვალს ადევნებდა ასოციაცია, ამერიკული ქვილთის დამფუძნებელი, რომელმაც ნაჭრებისგან შეკერილი წითელი ყვავილები თანამედროვე ხელოვნების ნიმუშად მიიჩნია და ნიუ-იორკის გამოფენაში მონაწილეობისთვის შეარჩია. იულიამ ნამუშევარი საკუთარი ესკიზის მიხედვით შექმნა, აპირებს მომავალშიც გააგრძელოს ეს საქმე და ახალი ნახატები გადაიტანოს ნაჭერზე:

იულია ეგუტიძე

იულია ეგუტიძე

„ჩემი დახატული სურათები ვაჩვენე ქალბატონ ნატას და ამოვარჩიე ვარდები, იმიტომ რომ, ვარდებს რომ დაინახავ, აღიქვამ სილამაზეს, მინდოდა ისეთი ეფექტი დამეტოვებინა, როგორც ცოცხალ ვარდებს მინდორში, ბოლო დღემდე ღამეებს ვათენებდი ბისერების დაწებებაზე, ძალიან დიდი დრო მიაქვს იმას, რომ ხარისხიანად იყოს გაკეთებული. სახლში კიდე ავიღებ ნამუშევრებს, რომელიც დამაინტერესებს და გავაკეთებ მარტივს. სახლში ტექნიკა არ მაქვს, სპეციალური "მაშინკა" უნდა. თუ გაგრძელდა ეს პროექტი, ძალიან მოხარული ვიქნები და სტუდენტობის პერიოდშიც ვაპირებ რომ ჩავერთო ქვილთში“.

პროექტის დირექტორ ნინო მაჭარაშვილის თქმით, პროექტის მიზანიც სწორედ ეს იყო. რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები ჩაერთნენ საქმეში და უნდათ, რომ ახალი ნამუშევრები შექმნან:

„დღეს აქ წარმოდგენილია ორმოცდაათამდე ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევარი. ამ გამოფენით ეს კონკრეტული პროექტი დასრულდა, თუმცა ვგეგმავთ, რომ გაგრძელდეს და უკვე აქვთ ის უნარ-ჩვევები, რომ დამოუკიდებლად იმუშაონ. ჩვენი მიზანიც ეს იყო, რომ რეგიონში შეგვეტანა სიახლე და მიგვეცა ხალისი ახალგაზრდებისთვის, რომ დარჩნენ აქ და აკეთონ თავის საყვარელი საქმე“.

ამ გამოფენამ მხოლოდ ახალგაზრდები არ გაახალისა, ასაკოვანი სტუმრებიც ინტერესით ჩერდებოდნენ თითოეულ ნამუშევართან. ამბობდნენ, რომ სასიხარულო შეკრების მიზეზი არც თუ ისე ხშირია სოფელში, ეს დღე კი, შეხვედრის კარგი საბაბია. სოფლის მაცხოვრებელი ცისანა მაჩიტიძე მეზობლებთან ერთად თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს:

„მეზობლების ერთი ჯგუფი ვართ აქ და კმაყოფილები ვართ ძალიან…

გახალისდა ჩვენი კუთხე“…

„გააცოცხლა ნატომ, მოხუცებულები, რომლებიც სახლიდან ვერ გამოვდივართ, ახლა ვეგებებით სუყველას, ამან გამოგვაფხიზლა ყველა, რომ ჩამოვსულიყავით და გვენახა. პირველი რამ გაკეთდა ახლა, ესეთი ღონისძიება ჩვენთან არასდროს ჩატარებულა“...

„თუკი გაკეთდება, დაბრუნდება ხალხი და სოფელიც შეივსება. მეორე – ობჩას ეკუთვნის ეს ტერიტორია და მოკლებული ვართ სოფლის მოსახლეობა ყველაფერს. თუკი იქნება ასეთი რამ, ახალგაზრდებისთვის ძალიან კარგია“.

პროექტის გაგრძელების იმედი ნატა ბურჯანაძესაც აქვს, რათა მასალები და ინვენტარი სოფელში დარჩეს და ახალგაზრდებმა მუშაობა განაგრძონ.

„არქეიდი“კი მომავალში საერთაშორისო პროექტებს გეგმავს, ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ოთარ კახიძე მომავალ პროექტებსა და ხელნაკეთი ნამუშევრების პოპულარიზაციაზე საუბრობს:

„ჩვენ ვქმნით ქსელს, რადგან ოცდამეერთე არის ქსელების საუკუნე, ჩვენ გვაქვს ათი არტისტის ქსელი საქართველოში, რომელიც შეიძლება რომ გაიზარდოს.გვყავს სამი არტისტი ავღანეთში, ოცი არტისტი ინდოეთში. ეს არის ახალი ინიციატივა, რომელიც იქნება კონცენტრირებული იმაზე, რომ ნამდვილი არტი და პროდუქცია შეიქმნას და ადგილობრივ მოსახლეობაში ცვლილება რომ შევიტანოთ, გაკეთდეს ამის ყიდვა-გაყიდვა ინტერნეტით, ანუ ამით უკვე ხდება საერთაშორისო და გლობალური. ხელით ნაკეთი დეკორატიული ხელოვნების ნიმუშები უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ არის მხოლოდ ხელოვნების ნიმუში, არამედ არის პროდუქტი. ვიღაც რომ მოქსოვს რაიმეს ობჩაში ან ვინმე ავღანეთში დაქვილთავს რაღაცას, ხალიჩას რომ გააკეთებს, ჩვენ ამას ვებმაღაზიის მეშვეობით გავუშვებთ, რომ გამოიფინოს ინტერნეტ სივრცეში, ვიღაცამ რომ იყიდოს, ვთქვათ, საფრანგეთში ან ამერიკაში“.

საიტი მზადების პროცესშია და როგორც ორგანიზატორები ამბობენ, სულ მალე ონლაინ მაღაზიის პლატფორმა საშუალებას მისცემს ნიჭიერ ადამიანებს, სოფლებიდან და ქალაქებიდან გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები ინტერნეტის საშუალებით საერთაშორისო ბაზარზე გაიტანონ, მათ შორის, იქნება სოფელ ობჩის გამოფენაზე წარმოდგენილი საუკეთესო ნიმუშებიც.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG