Accessibility links

logo-print

სხვადასხვა ტიპის ნარჩენების მართვა საქართველოში კვლავ ერთ-ერთი გადაუჭრელი პრობლემაა. ეს განსაკუთრებით ზაფხულში იქცევს ხოლმე ყურადღებას, როცა მოუწესრიგებელი ნარჩენები ყოველდღიურად გვხვდება თბილისსა თუ, უფრო მეტად, მის მიღმა ქუჩებში.

ნარჩენების მოწესრიგების ფუნქცია საქართველოში მუნიციპალიტეტებსა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს შორის არის გადანაწილებული, არასამთავრობო ორგანიზაციები კი, როგორც წესი, აკვირდებიან იმას, თუ როგორ ართმევს თავს ხელისუფლება თავის ფუნქციებს.

ამჯერად, 2015-2016 წლებში, ორგანიზაციებმა ICMA-მ და CENN-მა კახეთსა და აჭარაში ნარჩენის მორფოლოგიური შემადგენლობის სეზონური კვლევა ჩაატარეს.

კვლევამ ამ ორ რეგიონს შორის მსგავსი და განსხვავებული ტენდენციები გამოავლინა. ერთ-ერთი მთავარი განსხვავება ისაა, რომ აჭარაში ნარჩენების გადამუშავების პრაქტიკა შედარებით უკეთ აქვთ ათვისებული, ვიდრე კახეთის რეგიონში.

CENN -ის ინფორმაციით, კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ ორგანული მასალა, ქაღალდი და პლასტმასი ნარჩენების ის ძირითადი ნაკადებია, რომელიც სამიზნე რეგიონებში წარმოიქმნება. მათი პროცენტული შემადგენლობა მნიშვნელოვნად აღემატება ამ რეგიონებში წარმოქმნილ სხვა ტიპის ნარჩენებს. პროცენტული თანაფარდობა ნარჩენების ნაკადებს შორის ასე გამოიყურება: - 42.72 % - კახეთი, 36.61 % - აჭარა.

არსებული ინფორმაციით, კახეთის რეგიონის ნაგავსაყრელებზე ქვეყანაში მოქმედ საწარმოთა წარმომადგენლები პერიოდულად პლასტმასის, პოლიმერული ნაწარმის, პლასტმასის პეტ ბოთლებისა და მუყაოს ნარჩენებს აგროვებენ და გადამამუშავებელ საწარმოებს აწვდიან. პლასტმასის რესურსი რეგიონში საკმაოდაა და მისი ნედლეულად გამოყენების შემთხვევაში ნაგავსაყრელზე მინიმუმ 10-15 %-ით შემცირდება პლასტმასის მოცულობა. აღსანიშნავია ასევე, რომ არაორგანიზებულად და სათანადო წესებისა და ნორმების დარღვევით ხდება მინის ტარის (კახეთი - 5.95 %, აჭარა - 5.02 %) შეგროვება და მეორადი გამოყენება.

რაც შეეხება ქაღალდისა და მუყაოს ნარჩენს (კახეთი -11.19 %, აჭარა - 14.7 %), ის ნაგავსაყრელზე თავსდება და იმარხება. აჭარაში მუყაოს ნაწილი კომერციულ ობიექტებსა და ბაზრობებზე გროვდება, იპრესება და ექსპორტზე გადის, ხოლო ქაღალდის ძალიან მცირე ნაწილი ადგილზე მუშავდება. კახეთში ადგილზე, სამწუხაროდ, არც ერთი გადამამუშავებელი საწარმო არ არსებობს.

გადამამუშავებელი სექტორის კუთხით, შედარებით განსხვავებული სიტუაციაა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. რეგიონში მოქმედებს შვიდი მცირე წარმადობის მეორადი ნედლეულის გადამამუშავებელი საწარმო, რომლებიც ძირითადად მუნიციპალური ნარჩენებიდან არაორგანიზებულად შეგროვებულ მეორად ნედლეულს ამუშავებენ და ექსპორტზე გააქვთ, რაც ცალკეულ კომპონენტთა საერთო მოცულობის 20-30 %-ს შეადგენს. როგორც მკვლევარები ამბობენ, ახლანდელი სეზონური კვლევის პასუხები უახლოვდება საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ, სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მუნიციპალური ნარჩენების შემადგენლობას.

ამ კვლევებზე დაყრდნობით, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით აუცილებელია განხორციელდეს საჭირო აქტივობები და სხვადასხვა სახეობისა და მახასიათებლის ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოები შეიქმნას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG