Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნარინჯისფერი რთველი საქართველოში


ყურძნის ნამდვილი რთვლის შემდეგ საქართველოში, როგორც წესი, უკვე ნარინჯისფერი რთვლის შედეგებს ითვლიან ხოლმე. ციტრუსის საექსპორტო პოტენციალზე ქვეყანაში ყოველთვის საკმაოდ დიდი წარმოდგენა ჰქონდათ, თუმცა, რეალურად, დღევანდელი მდგომარეობით, ციტრუსის წილი სოფლის მეურნეობის ექსპორტის მთელ რაოდენობაში 3 პროცენტზე ნაკლებია - ეს იმ პირობებში, როცა სახელმწიფო ამ დარგის წახალისებას სპეციალური სუბსიდირების პროგრამით ცდილობს, კერძოდ:

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას მიიღებენ. საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების უზრუნველსაყოფად, წელს სეზონზე აჭარასა და გურიაში მანდარინის ჩაბარება შესაძლებელია 40-მდე დამახარისხებელ (შემფუთავ) პავილიონში. 2015 წლის 1 ნოემბრიდან ქალაქ ბათუმში შექმნილია ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბი.

ამ სუბსიდირების პროგრამის წყალობით, დღეს სამრეწველო მანდარინის გადამუშავების შედეგად მიღებული შემოსავალი 574 330 ლარს შეადგენს (აქედან სახელმწიფო სუბსიდიის თანხა 286 880 ლარია, ანუ თითქმის ნახევარი).

ამჟამად მანდარინის მიღება-გადამუშავებას სამი ქარხანა აწარმოებს: ქობულეთის მუნიციპალიტეტში - კომპანია ,,Georgian Industrial Asset Management Group" და შპს ,,TCF Georgia", ამბროლაურის მუნიციპალიტეტში - კომპანია ,,GEO-Flowers".

რაც შეეხება სტანდარტულ მანდარინს, სტანდარტული მანდარინის ექსპორტი ძირითადად ხორციელდება შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი - 11 305 ტ. (80.78 %), უკრაინა - 1 586 ტ. (11.33 %), სომხეთი - 489 ტ. (3.49 %), აზერბაიჯანი - 163 ტ. (1.16 %), ყაზახეთი - 256 ტ. (1.83 %), ბელორუსი - 161 ტ. (1.15 %), სხვა ქვეყნები - 34 ტ. (0.24 %).

დღეის მონაცემებით, ქვეყნიდან 2015 წელს ექსპორტირებულია 13 995 ტონაზე მეტი სტანდარტული მანდარინი, ხოლო გადამუშავებულია 2 869 ტონამდე ციტრუსი. შესაბამისად, სტატისტიკა მოწმობს, რომ ციტრუსის საექსპორტო ბაზრად, ძირითადად, რუსეთი რჩება. განსხვავებით ღვინისგან, რომელმაც 2006 წლის რუსული ემბარგოს შემდეგ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია საექსპორტო ბაზრის გაფართოების თვალსაზრისით და დღეს რუსეთი ბაზრის დიდ, მაგრამ არა 80-პროცენტიან, ნიშას ფლობს, ქართული ციტრუსი ვერ აღმოჩნდა კონკურენტიანი საერთაშორისო ბაზარზე.

სწორედ ამიტომ, ექსპერტთა ნაწილი გამოსავლად ამ რეგიონებში მანდარინის სოფლის მეურნეობის სხვა სუბტროპიკული სახეობებით ჩანაცვლებას და არა ამ პროდუქტის სუბსიდირებას მოითხოვს. თუმცა ეს, ცხადია, ეტაპობრივი პროცესია. მანამდე კი ნარინჯისფერი რთვლის შედეგებს საქართველოში უკვე მომავალი წლის თებერვლისთვის დაითვლიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG