Accessibility links

logo-print

როდის გადახედავენ ჰეროინისა და მეტადონის მომხმარებელი პატიმრების საქმეებს ხელახლა?


მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის გაზაფხულზე საქართველოს პარლამენტმა ნარკოკანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანა და მეტადონისა და ჰეროინისთვის მცირე დოზები განისაზღვრა, ანუ ”ნაკლებ დანაშაულს - ნაკლები სასჯელი შეეფარდა”, დაინტერესებული საზოგადოება ელოდა, რომ არაერთ პატიმარს, ვინც სწორედ ამ ნარკოტიკების მოხმარებისათვის იხდიდა სასჯელს, განაჩენი შეუმსუბუქდებოდა. საქართველოს პარლამენტის წევრი, კანონპროექტის ავტორი გიგი წერეთელი აცხადებდა, რომ ამ ადამიანების რამდენმე ასეული საქმე ხელახლა გადაიხედებოდა, მათზე სასამართლო იმსჯელებდა და მათ სასჯელი შეუმცირდებოდათ. დაიწყო თუ არ ეს პროცესი?

”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრესკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ „საქართველოს კანონი”, მასში შესული ახალი ცვლილებებით, უკვე მოქმედებს. ერთ-ერთი სადავო ნაწილი ახალ ნარკოკანონმდებლობაში სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილება იყო, რაც მეტადონისა და ჰეროინისთვის მცირე დოზების განსაზღვრას გულისხმობდა. მარტივად რომ ავხსნათ, აქამდე მნიშვნელობა არ ჰქონდა პირს ამ ნივთიერებების რა რაოდენობას აღმოუჩენდნენ - ეს ნებისმიერ შემთხვევაში დამამძიმებელ გარემოებად ეთვლებოდა და, შესაბამისად, ისჯებოდა. ცვლილების შემდეგ კი, როგორც კანონპროექტის ავტორი გიგი წერეთელიც შენიშნავდა, ”ნაკლები დანაშაული ნაკლებ სასჯელს დაიმსახურებს, კანონს უკუქმედების ძალაც მიეცემაო”.
სამართლიანობის პრინციპი იმას გულისხმობს, რომ ვინც ნაკლები დააშავა, ის ნაკლებად დაისჯება და ამ საკითხზე, ალბათ, მალე დავიწყებთ კონსულტაციებს. რაც მთავარია, უნდა გავაანალიზოთ ვისი საქმე უნდა გადაიხედოს ან რამდენი ასეთი საქმე არსებობს...

რადიო თავისუფლების მსმენელებმა გვკითხეს, დაიწყო თუ არა იმ პატიმართა საქმეების გადახედვა, რომლებიც ჰეროინისა და მეტადონის მოხმარებისათვის იხდიან სასჯელს. ამ კითხვით ჩვენ გიგი წერეთელს მივმართეთ:

”სამართლიანობის პრინციპი იმას გულისხმობს, რომ ვინც ნაკლები დააშავა, ის ნაკლებად დაისჯება და ამ საკითხზე, ალბათ, მალე დავიწყებთ კონსულტაციებს. რაც მთავარია, უნდა გავაანალიზოთ ვისი საქმე უნდა გადაიხედოს ან რამდენი ასეთი საქმე არსებობს. გარკვეული პერიოდის წინ ასეთი საქმეები მართლაც ბევრი იყო, - შესაძლოა, რამდენიმე ასეულიც, - მაგრამ მას შემდეგ პატიმრების გარკვეული რაოდენობა შეიწყალეს, ზოგი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს... ვნახოთ, ამ წუთისთვის რამდენი საქმე გადაიხედება - ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს.”

გიგი წერეთელი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე იუსტიციის სამინისტროსთან საკოორდინაციო საბჭოა შექმნილი, არსებობს სამოქმედო გეგმის პროექტი და უახლოეს მომავალში დაიწყება ზემოთ აღნიშნულ საქმეებზე მსჯელობა. ჯერჯერობით გარკვეული არ არის, თუ რამდენ ადამიანს შეუმსუბუქდება სასჯელი. თუმცა მთავარი კრიტერიუმი სასჯელის შემცირებისა უკვე არსებობს - ნარკოტიკული ნივთიერების დოზა, დღევანდელი კანონმდებლობით, 0.2 გრამი:
გიგი წერეთელი

გიგი წერეთელი


”მცირე დოზა დღევანდელი კანონმდებლობით გულისხმობს 0,2 გრამს მეტადონისა და ჰეროინისთვის, რაც, ზოგადად, ნივთიერების საკმაოდ დიდი რაოდენობაა, თუ შევადარებთ იმას, რომ ადრე მცირე დოზა 0,001 იყო, ანუ ნებისმიერი რაოდენობა ნივთიერების, რისი აღმოჩენაც შეიძლებოდა. ამ დოზის ფარგლებში ვისაც აქვს მისჯილი სასჯელი, მათი საქმეები უნდა გადაიხედოს, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ მათ ნაწილს კომბინირებული სასჯელი აქვს მისჯილი, მხოლოდ ჰეროინის მოხმარებისათვის 14 წელი არა აქვთ მისჯილი. ამიტომ საკოორდინაციო საბჭომ უნდა შეისწავლოს ეს საქმეები, რადგან საზოგადოებას ეს საქმეები აინტერესებს.”

კანონპროექტის შემუშავების პროცესში სხვა არასამთავრობოებთან ერთად ჩართული იყო ”ალტერნატივა ჯორჯიაც”, რომლის იურისტი ნინო ბალანჩივაძე ამბობს, რომ მათ თავიდანვე არ მოიწონეს ის ფაქტი, რომ ახალი ცვლილებით მხოლოდ მეტადონსა და ჰეროინს განესაზღვრა მცირე დოზა, რომლის ქვევითაც სისხლის სამართლებრივი დევნა არ მოხდება. არასამთავრობო სექტორისათვის დღემდე კითხვად რჩება, თუ რატომ მოხდა მხოლოდ ამ ორი ნივთიერებისთვის მცირე ოდენობის განსაზღვრა, მაშინ როცა, ნინო ბალანჩივაძის თქმით, საქართველოში დღეს სრულიად განსხვავებული ნარკოსცენაა - ბაზარზე ჭარბობს ამფეტამინები, მეტამფეტამინები და ნაკლებად ჰეროინი და მეტადონი. ნარკოტიკების მომხმარებლები სწორედ კუსტარულ სტიმულატორებს და დეზომორფინს მოიხმარენ, რომელთა მცირე ოდენობა კვლავაც განუსაზღვრელი დარჩა. კანონპროექტის ავტორებისგან, როგორც ნინო ბალანჩივაძე ამბობს, ასეთი არგუმენტი მოისმინეს:

”ერთი არგუმენტი ის იყო, რომ ძალოვანი სტრუქტურები ბოლომდე ამ დათმობაზე არ წარმოვიდნენო. მეორეც, რადგან ეს ნარკოტიკული საშუალებები მეტად მძიმე გავლენას ახდენს ადამიანზე, ჯერჯერობით შესაძლოა უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარება ჯობდესო.”
რეალურად დიდ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. თუ ადამიანს ჰქონდა მისჯილი 260-ე მუხლის მეორე ნაწილით, ახლა ჩაეწერება პირველი ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს 0-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, მეორე ნაწილი კი - 7-დან 14 წლამდე. შეიძლება ძალიან ცოტა ადამიანი იყოს რეალურად ისეთი, ვისაც სასჯელი შეუმცირდება...

ნინო ბალანჩივაძე იმასაც ამბობს, რომ სასამართლოს ვალდებულებაა ყველა მსგავსი საქმე განიხილოს. რაც შეეხება თავად სასჯელის შემცირებას:

”რეალურად დიდ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. თუ ადამიანს ჰქონდა მისჯილი 260-ე მუხლის მეორე ნაწილით, ახლა ჩაეწერება პირველი ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს 0-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, მეორე ნაწილი კი - 7-დან 14 წლამდე. შეიძლება ძალიან ცოტა ადამიანი იყოს რეალურად ისეთი, ვისაც სასჯელი შეუმცირდება ან, თუ დიდი ნაწილი მოხდილი აქვს, შესაძლოა მაგ შემთხვევაში საერთოდ განთავისუფლდეს. გააჩნია საქმეს.”

ხელისუფლებამ ამ ეტაპზე თავი შეიკავა ნარკოკანონმდებლობის მეტი ლიბერალიზაციისა და ფართო მოხმარების ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციისგან. გიგი წერეთელი ფიქრობს, რომ ეს შემდგომი ეტაპია. ჯერ ქვეყანამ მკურნალობის, რეაბილიტაციის და პრევენციის უფრო ეფექტური სისტემა უნდა შექმნას. ჰეროინისა და მეტადონის მოხმარებისათვის გასამართლებულ პირთა საქმეების გადახედვას კი გიგი წერეთელი სექტემბრისათვის ვარაუდობს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG