Accessibility links

სამოქალაქო საზოგადოება ახალ მთავრობას ნარკოპოლიტიკის გადახედვისა და კანონმდებლობის ლიბერალიზაციის თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართავს. „ზიანის შემცირების“ საქართველოს ქსელი, რომელიც ნარკოდამოკიდებული ადამიანების უფლებების თემაზე მომუშავე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, ხელისუფლებას ურჩევს უფრო აქტიურად ჩაებას ნარკოდამოკიდებული ადამიანების პრობლემების მოგვარებაში - სახელმწიფო იყოს გარანტი იმისა, რომ მათ კი არ დასჯიან, უმკურნალებენ.

ირინა, რომელიც წლების განმავლობაში მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებებს, რის გამოც მოხვდა ციხეში და, ასიათასლარიანი ჯარიმა რომ გადაეხადა, უსახლკაროდ დარჩა, დღეს იმ ადამიანების უფლებებს იცავს, ვისაც იგივე პრობლემები აქვს, რაც თავად მას ჰქონდა წლების წინ. უკვე სამი წელია ირინა ნარკოდამოკიდებული აღარ არის და არც ამ თემაზე ლაპარაკის ერიდება. თუმცა მაშინ, როცა ყველაფერი გართობისა და თამაშის მიზნით, წამხედურობით, სისულელით, როგორც ის თავად ამბობს, იწყებოდა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ერთ დღეს მიხვდებოდა - ნარკოტიკი აღარ იყო მხოლოდ გართობა.

”ადრე თვეში ორჯერ ან სამჯერ შეიძლება მომეხმარა. დრო გავიდა და 39 წლისა გავხდი მთლიანად დამოკიდებული ნარკოტიკზე. ხელს ისიც მიწყობდა, რომ ჩემი ქმარიც მომხმარებელი იყო და მასთან რომ მოჰქონდათ, მეც მქონდა საშუალება, მომეპარა. ღიად ამას ვერ ვაკეთებდი, მისგან ნებართვა არ მქონია. მე სულ ვმალავდი ამას. 2010 წელს დამაკავეს და ძალიან მკაცრად დამსაჯეს... 100 000 ლარი ჯარიმა გადამახდევინეს და ამის გამო მთელი ჩემი ოჯახი დარჩა ქუჩაში”.

ხუთთვიანი პატიმრობის შემდეგ იყო ხანგრძლივი პერიოდი დეპრესიის, შემდეგ კი, ნელ-ნელა, - საზოგადოებაში ისევ დაბრუნების, იხსენებს ირინა. ახალი ცხოვრება, ნარკოტიკების გარეშე, ორგანიზაცია ”ახალი ვექტორიდან“ დაიწყო:

”აქ მივხვდი, რომ იკრიბება ხალხი, ვისაც ერთი პრობლემა აერთიანებს. ვცდილობთ, რომ სხვებს დავეხმაროთ, განსაკუთრებით ქალების მოზიდვაა რთული, ეს სტიგმა დღემდე არსებობს. მეც ასე ვიყავი. თუ ვინმე გიწყებს ჭკუის სწავლებას, უკვე ღიზიანდები. ეს ძალიან ფრთხილად უნდა გააკეთო, რადგან გინდება გაიქცე ასეთი ადგილიდან. ვინც მოდის, ვუხსნით, თუ რა ზიანი შეიძლება ამ ყველაფერმა მიაყენოს მათ ორგანიზმს. თუ დავითანხმეთ, ვცდილობთ დავაწვინოთ საავადმყოფოში“...

დაავადებული ადამიანების მიმართ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა გამოსავალი არ არის - ეს იქნება მთავარი მესიჯი სოციალური ვიდეორგოლისა, რომელსაც „ზიანის შემცირების“ საქართველოს ქსელი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ამზადებს და რომელიც მალე გავა ტელეეთერში.

18 თვიანი პროექტი, რომელმაც გასული წლის იანვარში აიღო სტარტი, ყველა იმ აქტივობას მოიცავს რომლებიც მის საკმაოდ გრძელ სახელწოდებაშია ჩამოთვლილი: ”ზიანის შემცირება - რეპრესიული თუ მტკიცებულებებზე დამყარებული ჩარევა, თემის გაძლიერება, საზოგადოების ინფორმირება და დიალოგის ხელშეწყობა”.
მაშინ არც მოხმარების დეკრიმინალიზაცია მომხდარა, არც მომხმარებელი და გამსაღებელი გამიჯნეს და, რაც მთავარია, არ არსებობს საბიუჯეტო წყაროები, რაც ნარკოდამოკიდებული ადამიანების მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე წავიდოდა. განსაკუთრებით უჭირს მომხმარებელს ციხეში ...

პროექტის მენეჯერი თეა კორძაძე გვეუბნება, რომ შექმნილია თვითდახმარების ჯგუფები, რომლებშიც შედიან ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლები, ყოფილი მომხმარებლები და მათი ოჯახის წევრები. სოციალური ტრენინგების გავლის შემდეგ ისინი მთელი ექვსი თვის განმავლობაში მართავდნენ შეხვედრებს მათთვის საინტერესო საკითხების თაობაზე და დღეს უკვე საადვოკაციო სტრატეგიაზე მუშაობენ. ეს ის ხალხია, ვინც ამავე პროექტის ფარგლებში საკუთარი თავის რეალიზებაც მოახერხა და დღეს უკვე სხვების ცნობიერების ამაღლებას ცდილობს. უფრო კონკრეტულად, ამას ემსახურება სპეციალური ბიულეტენი, ”ზიანის შემცირება”, რომელშიც, პირადი ისტორიების გარდა, ნარკოდამოკიდებულებისათვის მნიშვნელოვანი სხვა მასალაც იბეჭდება. ამას ემატება სპეციალური ბლოგი www.druginfo.ge და აქტივობა სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“.

თეა კორძაძის განცხადებით, ნარკოტიკების მოხმარება არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანების, არამედ მთელი საზოგადოების პრობლემაა, თუნდაც ინფექციების გავრცელების თვალსაზრისით. ამიტომ მისი პრევენცია ადამიანების ციხეში ჩასმით კი არა, კანონის ლიბერალიზაციით და ამ ადამიანების მკურნალობის გზით უნდა მოხდეს. მისივე თქმით, 2012 წლის მაისში კანონში შესული ცვლილებების მიუხედავად, ნარკოკანომდებლობა კვლავაც შორს დგას ლიბერალურისგან და ეს „ზიანის შემცირების“ ქსელისა და ციხის საერთაშორისო რეფორმის მიერ ერთობლივად ჩატარებულმა გამოკვლევამაც აჩვენა:

”მაშინ არც მოხმარების დეკრიმინალიზაცია მომხდარა, არც მომხმარებელი და გამსაღებელი გამიჯნეს და, რაც მთავარია, არ არსებობს საბიუჯეტო წყაროები, რაც ნარკოდამოკიდებული ადამიანების მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე წავიდოდა. განსაკუთრებით უჭირს მომხმარებელს ციხეში. დასჯა ავადმყოფს არ შველის, ის მაინც მოიხმარს ნარკოტიკს. გაეროს სააგენტოების გამოკვლევებიდან ვიცით, რომ თითქმის ყველა ადამიანი ციხიდან გამოსვლიდან ერთ წელიწადში კვლავ უბრუნდება ნარკოტიკების მოხმარებას”.

თეა კორძაძის განცხადებით, დღეს არსებული სტატისტიკა, რომელიც არ არის სრულყოფილი, ასე გამოიყურება: საქართველოში დღეს 200 000 ნარკომომხმარებელია, რომელთაგან დაახლოებით 40 000 ნარკოტიკს ინექციური გზით იღებს.
აქ სტომატოლოგთან დავდივარ, ფსიქოლოგებიც ჰყავთ და მათი მომსახურებითაც ვსარგებლობ. ორი თვის წინ გამოკვლევა ჩაგვიტარდა, ანალიზები აგვიღეს და პასუხები რომ გავიგე, მას შემდეგ ჩემი თავი შევზღუდე ...

ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც ნარკოდამოკიდებულების უფლებებს იცავს და მათ რამდენიმე უფასო სერვისსაც სთავაზობს, ”ახალი ვექტორია” - ეს ის ადგილია, სადაც მომხმარებლებს ერთ სივრცეში - ე.წ. „დროპ ინ ცენტრში“ - შეუძლიათ ისარგებლონ სტომატოლოგის მომსახურებით, ჩაერთონ შპრიცების გაცვლის პროგრამაში, გაიარონ ტესტირება, მიიღონ კონსულტაციები, ისარგებლონ ზოგადი პროფილის ექიმისა და ფსიქოლოგის დახმარებით. მომსახურება უფასოა და ანონიმური. ადამიანები აქ ძნელად, მაგრამ მაინც მოდიან. დღეს ამ ცენტრში რეგულარულად 400 ადამიანი დადის.
ერთ-ერთია ლაშაც:

”აქ სტომატოლოგთან დავდივარ, ფსიქოლოგებიც ჰყავთ და მათი მომსახურებითაც ვსარგებლობ. ორი თვის წინ გამოკვლევა ჩაგვიტარდა, ანალიზები აგვიღეს და პასუხები რომ გავიგე, მას შემდეგ ჩემი თავი შევზღუდე, იგივე სასმელის დალევის მხრივ, და ვიცი, ექიმთან რომ მივალ, რისთვის უნდა ვიყო მზად და ფული რამდენი დამჭირდება და ა.შ.”.

ლაშა დღეს მეტადონის პროგრამით სარგებლობს, რომელსაც სახელმწიფო ნაწილობრივ აფინანსებს, თუმცა ფიქრობს, რომ ის 150 ლარიც, რომლის გადახდა მომხმარებლებს უწევთ, თუ ზოგად სოციალურ ფონს გავითვალისწინებთ, არ არის ადვილი.

”ახალი ვექტორის” ხელმძღვანელი კოკა ლაბარტყავა ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში განხორციელებული შპრიცების გაცვლის პროგრამამ უკვე მოიტანა დადებითი შედეგები შიდსის და B და C ჰეპატიტის პრევენციის თვალსაზრისით. თუმცა ის, რასაც არასამთავრობო სექტორი საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ახერხებს, პრობლემას სრულად ვერ ჭრის:

”ერთი ადამიანის ციხეში შენახვა სახელმწიფოს უჯდება ათჯერ მეტი, ვიდრე მისი სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამაში ჩართვა და ამ სერვისის შეთავაზება, რომლის ეფექტურობა საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია. დღეს მთელ მსოფლიოში აქცენტი სწორედ მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდების დანერგვაზე კეთდება. ეს არის ზიანის შემცირების პროგრამები, რომლებიც ემსახურება სხვადასხვა ინფექციის გავრცელების პრევენციას და არის სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამების მხარდაჭერის მუდმივი დეკლარირება გაეროს მაღალი ტრიბუნებიდან... ადამიანებს უნდა მივცეთ დაშვებული შეცდომების გამოსწორების საშუალება”...

ცოტ ხნის წინ „ზიანის შემცირების“ ქსლის წევრმა ორგანიზაციებმა საქართველოს პრეზიდენტს და ახალ მთავრობას კიდევ ერთხელ მიმართეს წერილით, რომელშიც ნარკოტიკების მოხმარების დარგში ეფექტური კანონმდებლობის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფორმირების პროცესში ჩართვის სურვილი გამოთქვეს და შესაბამისი რეკომენდაციებიც დაურთეს.

პარლამენტს კი ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა კობა დავითაშვილმა უკვე მიმართა ნარკოკანონმდებლობის გადახედვის ინიციატივით. დავითაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა ნარკოტიკის მოხმარებისათვის 60 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას და 3500 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, ოღონდ ჯარიმის თანხა ნარკოდამოკიდებულების რეაბილიტაციას მოხმარდება. თუმცა, როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძე განმარტავს, კანონპროექტის განხილვა პარლამენტს ჯერ არ დაუწყია და მასში შესაძლოა არაერთი ცვლილება შევიდეს. რაც მთავარია, ამბობს გუგული მაღრაძე, ახალი კანონი იქნება უფრო ლიბერალური, ვიდრე აქამდე:

”მომხმარებელი არ ჩაითვლება დამნაშავედ და ჩაითვლება ავადმყოფად, ამიტომ შეიცვლება კანონი, რომ, ბოლოს და ბოლოს, გაიმიჯნოს ერთმანეთისგან მომხმარებელი და გამსაღებელი. ამ უკანასკნელზე სანქციები ისევ დარჩება, შესაძლოა გავამკაცროთ კიდეც. რაც შეეხება მომხმარებელს, მის მკურნალობაზე რამდენი გამოიყოფა, როგორი იქნება მკურნალობის ეს კურსი, ჯერ ვერ გეტყვით, თუმცა გვინდა, რომ მათ მკურნალობაზე სახელმწიფომ მეტად იზრუნოს”.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG