Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსწავლეებისათვის ხელმისაწვდომი თამბაქო და ალკოჰოლი


გამოკვლევის პრეზენტაცია
გამოკვლევის პრეზენტაცია

რამდენად ხშირად მოიხმარენ მოზარდები ალკოჰოლს, თამბაქოსა და სხვადასხვა ნივთიერებებს, ეს საკითხი იკვლიეს ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკის მოხმარების შემსწავლელი ევროპის სასკოლო გამოკვლევის ავტორებმა. გამოკვლევა ოთხ წელიწადში ერთხელ, ევროპის 35-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება და მასში საქართველო 2015 წელს პირველად ჩაერთო. გამოკვლევაში 190 სკოლის მეათე კლასელებმა მიიღეს მონაწილეობა. რა ტენდენციები აჩვენა კვლევამ?

თამარ მამსიკაშვილი 64-ე საჯარო სკოლის დირექტორია. ის ამბობს, რომ სკოლის ტერიტორიაზე – როგორც შენობაში, ისე ეზოში, მოსწავლეები არც სიგარეტს ეწევიან და არც ალკოჰოლურ სასმელს სვამენ. თუმცა, მან ისიც კარგად იცის, რომ სკოლის მოსწავლეები თამბაქოსა და ალკოჰოლს სკოლის გარეთ მაინც მოიხმარენ. ამისათვის თამარი პერიოდულად ერთგვარ პრევენციულ ღონისძიებას მიმართავს:

გადმოწერა

„მე თავად გავესაუბრე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მაღაზიების გამყიდველებს, შევახსენე კანონმდებლობა კიდევ ერთხელ, რომ არ მიეყიდათ თამბაქო თუ ალკოჰოლური სასმელი სკოლის მოსწავლეებისათვის. საბედნიეროდ, ამ ბოლო პერიოდში, სკოლის ტერიტორიაზე ნამდვილად არ ყოფილა თამბაქოს მოხმარების შემთხვევა. გარდა ამისა, სისტემატურად ვატარებთ სკოლის ექიმის დახმარებით საგანმანათლებლო შეხვედრებს მოსწავლეებთან, თუ რამდენად მავნებელია თამბაქო თუ ნარკოტიკული საშუალებები“.

მართალია, შეგვიძლია თავი დავიმშვიდოთ იმით, რომ საერთო ევროპულ მაჩვენებლებს დიდად არ ვცილდებით, მაგრამ თუნდაც ის მცირე ცვლილება, რომ ჩვენი ბიჭები უფრო მეტად მოიხმარენ ალკოჰოლს და სიგარეტს, მგონი, რომ საგანგაშოა ჩვენნაირი პატარა ერისათვის, მით უმეტეს, რომ მოზარდებზე ვსაუბრობთ...
ნინო ბერძული

თამბაქოს, ალკოჰოლის, აკრძალული ნარკოტიკების, ინტერნეტისა და აზარტული თამაშების მოხმარების შემსწავლელი ევროპის სასკოლო გამოკვლევის, ESPAD-ის შედეგები არც თუ ისე სახარბიელოდ გამოიყურება. ამაზე მეტყველებს ის პროცენტული მაჩვენებლები, რომლებიც მკვლევარებმა საქართველოს მასშტაბით 190 სკოლაში ჩატარებული გამოკვლევის შედეგად მიიღეს. მეათე კლასელმა, 16 წლის მოსწავლეებმა, ანონიმურად შეავსეს კითხვარები და მაგალითად, გასცეს პასუხები კითხვებს: მიუღიათ თუ არა ალკოჰოლი? რა არის ალკოჰოლის მიღების მოტივი? სხვადასხვა ტიპის სასმელის მიღებისა და თრობის დაწყების ასაკი. მოიხმარენ თუ არა თამბაქოს? რა სიხშირით? თამბაქოს მოხმარების დაწყების ასაკი. ადვილია თუ ძნელი კანაფის, ანუ „პლანის“ შოვნა. ჰქონიათ თუ არა მარიხუანის გასინჯვის საშუალება? თამაშობენ თუ არა ონლაინში მომგებიან თამაშებს? რა დროს ატარებენ სოციალურ ქსელში და სხვ. მსგავსი ტიპის პილოტური გამოკვლევა საქართველოში 2009 წელს ჩატარდა, თუმცა, გასულ, 2015 წელს ამ გამოკვლევამ უკვე ძირეული ხასიათი მიიღო და მასში მონაწილეობდნენ არა მხოლოდ ქართულენოვანი სკოლები, არამედ კვლევაში ჩაერთვნენ აზერბაიჯანული და სომხურენოვანი მოზარდები. გამოკვლევის მიხედვით, მოსწავლეთა 60% უთითებს, რომ მათთვის საკმაოდ ადვილია თამბაქოს შეძენა. თამბაქოს მოიხმარს გამოკითხული ბიჭების 54% და გამოკითხული გოგონების 30%. ლელა სტურუა, გამოკვლევის კოორდინატორი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, არაგადამდები დაავადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი საქართველოში მიღებულ მონაცემებს გამოკვლევაში მონაწილე სხვა, 34 ევროპული ქვეყნის შედეგებს ადარებს და მიუთითებს თამბაქოს მოხმარების საკმაოდ მაღალ მაჩვენებელზე:

„ბიჭებში მოხმარება არის უფრო მაღალი, ვიდრე ეს არის ESPAD-ის საშუალო მაჩვენებელი. რაც შეეხება გოგონებში თამბაქოს მოხმარების საშუალო მაჩვენებელს, ESPAD-ის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, ის დაბალია. თუმცა, ეს არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას და ეს არ ნიშნავს, რომ კარგი მდგომარეობა გვაქვს თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით. ისევე, როგორც მამაკაცებში გვაქვს ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელი თამბაქოს მოხმარებისა, ასევე არის მოზარდ ბიჭებშიც“.

რაც შეეხება, ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებელს, თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ მოსწავლეთა 69%-ის აზრით, „საკმაოდ ან ძალიან ადვილია“ ღვინის შოვნა. კიდევ უფრო მაღალია პროცენტული მაჩვენებელი, როდესაც საუბარია ლუდზე. ალკოჰოლის მოხმარების ყველაზე გავრცელებულ მოტივად კი სახელდება გართობა. მოსწავლეების მხოლოდ 10% კი – ალკოჰოლს იმიტომ იღებს, რომ „გარიყულად არ იგრძნოს“ თავი. მოზარდების 11%-მა აღნიშნა, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოუხმარია მარიხუანა ან ჰაშიში. მოსწავლეებმა სხვადასხვა ნივთიერებები, მათ შორის ტრანკვილიზატორები, ექსტაზი და „ბიო“ სპაისი ყველაზე უფრო ხელმისაწვდომ ნივთიერებებად აღიარეს. აღსანიშნავია ისიც, რომ სხვადასხვა ნივთიერებების მიღების გამოცდილება 13 წლის ან უმცროს ასაკში საკმაოდ იშვიათია. კიდევ ერთი საკითხი, რასაც გამოკვლევა ითვალისწინებდა, ეს არის ინტერნეტით სარგებლობა და აზარტული თამაშები. ყველაზე პოპულარული ინტერნეტ აქტივობებია სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია. 6% კი ინტერნეტს მომგებიანი თამაშობებისთვის იყენებს. „სამაგიდო დოკუმენტი“ სახელმწიფოსთვის, მშობლებისა და საზოგადოების აქტიური წევრებისათვის, – ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული გამოკვლევის შედეგებს:

„მართალია, შეგვიძლია თავი დავიმშვიდოთ იმით, რომ საერთო ევროპულ მაჩვენებლებს დიდად არ ვცილდებით, მაგრამ თუნდაც ის მცირე ცვლილება, რომ ჩვენი ბიჭები უფრო მეტად მოიხმარენ ალკოჰოლს და სიგარეტს, მგონი, რომ საგანგაშოა ჩვენნაირი პატარა ერისათვის, მით უმეტეს, რომ მოზარდებზე ვსაუბრობთ. ეს ტენდენციები, რომელიც ამ ასაკობრივ ჯგუფში უკვე გამოკვეთილია, შესაძლებელია, გახდეს მაგალითი სხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის“.

ლია გიგაური
ლია გიგაური

ის, რომ ამგვარი კვლევები მნიშვნელოვანია საერთო ტენდენციების გამოსავლენად და მომავალი აქტივობების დასაგეგმად, ამის შესახებ საუბრობს ლია გიგაურიც, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სკოლებში სამოქალაქო ცნობიერების განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ფაქტია, რომ ამ მხრივ კვლავაც მეტი მუშაობაა საჭირო როგორც თავად მოსწავლეებთან, ისე მშობლებთან. სწორედ ამიტომ, მისი განცხადებით, ეს გამოკვლევა უნდა დაედოს საფუძვლად სკოლებში ახალი პროგრამების შექმნას. ამ კუთხით, ლია გიგაურის აზრით, მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს მშობელთა პროგრამების განვითარებაზე:

„მოგეხსენებათ, დღევანდელი ცხოვრების რიტმი როგორია. სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემების გამო, მშობლების პრიორიტეტი და დროის მართვა ყოველთვის სკოლასთან კომუნიკაციას არ მოიაზრებს, მაგრამ ეს ვალდებულება სახელმწიფომ სკოლას გაუჩინა – მასწავლებელი, სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია მაქსიმალურად ინფორმირებული ამყოფოს მშობელი, ხელი შეუწყოს მშობლების ჩართვას შვილის ცხოვრებაში“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG