Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბევრი სხვა ბექა - „ბექა არ არის კრიმინალის“ ლოზუნგის მიღმა


აქცია „ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის“ წინააღმდეგ
აქცია „ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის“ წინააღმდეგ
საპროტესტო აქცია „ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის“ წინააღმდეგ 31 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან დაიწყო და პარლამენტთან გაგრძელდა. კამპანია „ბექა არ არის კრიმინალი“ დიდი ხანია გასცდა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, ბექა წიქარიშვილის მიმართ სოლიდარობას და, ზოგადად, მარიხუანის დეკრიმინალიზაციის იდეის გარშემო გაერთიანდა. ამ კამპანიის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ნარკოტიკის მომხმარებელსა და გამსაღებელს შორის კანონმა მკაცრი ზღვარი უნდა დააწესოს - სახელმწიფომ ასეთი ადამიანი კი არ უნდა დასაჯოს, არამედ სარეაბილიტაციო სერვისები შესთავაზოს.

სანამ სასამართლო 2 ივნისს მარიხუანის შენახვა-მოხმარებისათვის ბრალდებული ბექა წიქარიშვილის საბოლოო განაჩენს გამოაცხადებს და გავიგებთ, კანონით დაწესებული 7-დან 14 წლამდე სასჯელის რამდენ წელს მიუსჯის მას მოსამართლე, თბილისში მის მხარდასაჭერად და,ზოგადად, მკაცრი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ კიდევ ერთი აქცია-მსვლელობა გაიმართა.

უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან პლაკატებით, სასტვენებითა და ტამტამებით ხელში საზოგადოების ერთმა ნაწილმა, მათივე თქმით, ქვეყანაში არსებული რეპრესიული და ძალადობრივი ნარკოკანონმდებლობა გააპროტესტა. უნივერსიტეტის კიბეზე ჩამომსხდარმა ახალგაზრდებმა კამპანიის „ბექა არ არის კრიმინალი“ ფარგლებში მომზადებული მანიფესტიც ჩაიკითხეს, რომლის მთავარი იდეა ისაა, რომ ბექა არ არის ერთადერთი, ვინც უსამართლოდ შეიძლება დაისაჯოს, და რომ ბექა ამ შემთხვევაში ბევრ სხვა ადამიანს აერთიანებს.
აქცია „ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის“ წინააღმდეგ
აქცია „ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის“ წინააღმდეგ
მანიფესტში კი წერია: „ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაპროტესტებთ სამართლის უსამართლო პრინციპებს და კი არ ვითხოვთ, არამედ კატეგორიულად მოვითხოვთ ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის შეწყვეტას და იმ თავისუფლების უზრუნველყოფას, რომელიც ყველა ჩვენგანს ეკუთვნის!
საკუთარი მოქალაქეებისათვის აუცილებელი სიკეთეების უზრუნველყოფაზე მუშაობის ნაცვლად, სახელმწიფო სისტემა და პოლიტიკური ელიტა წლების განმავლობაში დამსჯელობითი ქმედებებით არიან დაკავებული. დაუშვებელია ქვეყანაში, სადაც დახშულია ყველანაირი თავისუფლების განცდა და არ არსებობს ინდივიდის განვითარების თითქმის არანაირი სოციალური და ეკონომიკური პირობა, სახელმწიფო აწარმოებდეს დამამცირებელ და დაუნდობელ პოლიტიკას ნარკომომხმარებლების წინააღმდეგ. ამ კანონმა წლების განმავლობაში უამრავ ადამიანსა და ოჯახს დაუმახინჯა ცხოვრება და საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას იგივეს გაგრძელება აწმყოსა და მომავალში.
ჩვენ არ ვაპირებთ კონკრეტული შემთხვევის გაპროტესტებით დაკმაყოფილებას, თითოეული ბექას მიმართ სოლიდარული ადამიანი ასევე იბრძვის საკუთარი და საზოგადოებრივი თავისუფლებისათვის. ჩვენი მიზანია არა გართობისა და ნარკოტიკების, არამედ, პირველ რიგში, სოლიდარობისა და ემპათიის პოპულარიზაცია!“


ბექა წიქარიშვილიც აქციაზეა. ის გვეუბნება, რომ ამ სახელის - ბექას - უკან სხვა უამრავი ადამიანიც იგულისხმება, რომელიც სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკის მსხვერპლი გახდა, სხვა ბევრი ბექა, რომელსაც, მისგან განსხვავებით, უბრალოდ, არ ჰქონია არც აქციის ჩატარების შესაძლებლობა და არც ასეთი მხარდაჭერა:

„რიტორიკად რჩება განცხადებები, რომ ამ ქვეყანაში ადამიანი მნიშვნელოვანია, თუმცა ეს რეალურად არსად ჩანს - მათ შორის, არ ჩანს ნარკოპოლიტიკასთან მიმართებით, რადგან არსებული ნარკოპოლიტიკა მათ აბოროტებთ, რადგან წლობით უშვებს მათ ციხეში. ადამიანები, რომლებიც არ არიან კრიმინალები, მხოლოდ იმის გამო, რომ მათ მოიხმარეს გარკვეული ნარკოტიკული საშუალება, ამ გზით შესაძლოა
აქცია „ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის“ წინააღმდეგ
აქცია „ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის“ წინააღმდეგ
აქციონ ბოროტმოქმედებად. ციხე სწორედ ის სისტემაა, რომელიც ბოროტმოქმედებისთვისაა განკუთვნილი და წესიერი ადამიანის იქ გაშვება მხოლოს მის გაბოროტმოქმედებას გამოიწვევს“.

ალექსი ჩიღვინაძე აქციის მონაწილეა. ის ამბობს, რომ ეს აქცია კარგი პრეცედენტია და, შესაძლოა, ის გახდეს კანონმდებლობის და, ზოგადად, ნარკოპოლიტიკის შეცვლის ერთგვარი ბიძგი:

„შესაძლოა, სწორედ ამ აქციებიდან დაიწყო ამ პრობლემის გააზრება. ამერიკაშიც ასეთი პრეცედენტებით დაიწყო უაზრო ნარკოპოლიტიკის შეცვლა“.

„ჩვენ არ ვაპირებთ გაჩუმებას“, „სასტიკი სასჯელის გამოყენება აკრძალულია“, „შეწყდეს ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა“ - ამ ლოზუნგების ფონზე დგას ბესკა კაპჭელაშვილიც და თავის და თავისი მეგობრების მოთხოვნებზე ლაპარაკობს:

„გვინდა, რომ კანონი გადაიხედოს და ნარკოპოლიტიკა გახდეს უფრო ლიბერალური, რადგან კანონი, რომელიც ჩვენა გვაქვს, აბსოლუტური მარაზმია“.

უნივერსიტეტიდან, ხმაურითა და შეძახილებით, აქციის მონაწილეები პარლამენტის ყოფილი შენობისაკენ დაიძრნენ. თან გზად ყველას მოუწოდებდნენ შეერთებოდნენ აქციას.
ერთი რამ ნამდვილად ვიცი: როცა ახალგაზრდა კაცს 11 ან მეტი წლით სვამ ციხეში, ეს ნიშნავს, რომ მის მომავალს, ფაქტობრივად, წერტილს უსვამ. მე არ ვიცნობ ბექას, მაგრამ ვიცი, რომ ამ ადამიანის მომავალი ახლა ბეწვზე კიდია. და კიდევ ვიცი, რომ ბექა არ არის კრიმინალი...
რუსუდან გოცირიძე

სოციალურ ქსელში ამ კამპანიას არაერთი ცნობილი თუ უცნობი ადამიანი გამოეხმაურა. გავრცელდა არაერთი ვიდეომიმართვა. ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძეც ერთ-ერთი მათგანია, ვინც დარწმუნებულია, რომ ბექა კრიმინალი არ არის:

„სიტყვა „პენიტენს“ სინანულს ნიშნავს და სულაც არ არის დაკავშირებული სასჯელთან. შესაბამისად, პენიტენციური სისტემა ადამიანზე ინსტიტუციურ შურისძიებად არ უნდა იქცეს. ერთი რამ ნამდვილად ვიცი: როცა ახალგაზრდა კაცს 11 ან მეტი წლით სვამ ციხეში, ეს ნიშნავს, რომ მის მომავალს, ფაქტობრივად, წერტილს უსვამ. მე არ ვიცნობ ბექას, მაგრამ ვიცი, რომ ამ ადამიანის მომავალი ახლა ბეწვზე კიდია. და კიდევ ვიცი, რომ ბექა არ არის კრიმინალი“.

საქართველოს ხელისუფლებაში, კერძოდ, საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების ნაწილი ფიქრობს, რომ კანონი გადასახედია, თუმცა, როგორც ჩანს, ამ საკითხზე უმრავლესობაში ჯერჯერობით საერთო შეთანხმება არ არსებობს.

სასამართლომ კი, როგორც დასაწყისშიც ვთქვით, საბოლოო განაჩენი ბექა წიქარიშვილის საქმეზე 2 ივნისს უნდა გამოაცხადოს. ამავე დღეს მის მხარდასაჭერად კიდევ რთი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. ბექას მხარდამჭერები ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით სასამართლო ხელისუფლება ასობით სხვა ადამიანსაც გამოუტანს განაჩენს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG