Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნარკოტიკების ტრანზიტი და საქართველო


დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების ამოღების გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრემიერ-მინისტრის მაღალი შეფასება დაიმსახურა. საერთაშორისო ნარკოდანაშაულის გამომჟღავნება ქვეყნის იმიჯის განმტკიცების ხელშემწყობ ფაქტორად განიხილება. როგორია ნარკოტიკების გადაადგილების საქართველოზე გამავალი მარშრუტი, რამ შეიძლება გააუარესოს ვითარება და რა როლს თამაშობს ოკუპირებული ტერიტორიები?

სამ ტონამდე თხევადი ჰეროინი სამართალდამცველებმა საქართველოში სატვირთო ავტომობილის ჩხრეკისას აღმოაჩინეს. ნარკოტიკული ნივთიერება, რაც 80% სუფთა ჰეროინს შეიცავს, 30-კილოგრამიან პლასტმასის ბიდონებში სარეცხი საშუალების იარლიყით იყო დაფასოებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ”სატვირთო ავტომობილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან შემოვიდა და თურქეთის მიმართულებით მოძრაობდა”. ამ ფაქტის გამო დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე.

საერთაშორისო ნარკოტრანზიტის ფაქტის გამოვლენა, ანუ ახალი რეკორდის დამყარება, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა მთელ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს 14 ივლისს მთავრობის სხდომაზე მიულოცა:

”მართლაც დასაფასებელია ის მუშაობა, რომელსაც თქვენი უწყება ახორციელებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური ნება არსებობს, რომ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა იყოს მართლაც უკომპრომისო. გასულ წლებში ჩვენ არასოდეს არ გვინახავს არათუ მსგავსი, არaმედ მიახლოებულიც ოდენობის ნარკოტიკების ამოღების ფაქტი. ჩვენ გასულ წელს ამოვიღეთ 116 კილო, რაც იყო რეკორდული. ახლა უკვე ლექსომ (ალექსანდრე ჭიკაიძემ) მოხსნა ეს რეკორდი”.

ამ შემთხვევაში ამუშავდება ჩრდილოეთის ვექტორი. სომხეთის ვექტორმა იმუშავა გასულ წელს, შემდეგ იმუშავა აზერბაიჯანის ვექტორმა... ჩრდილოეთის ვექტორი რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი...
ჯემალ ჯანაშია

მასშტაბური საერთაშორისო ნარკოდანაშაულის გამომჟღავნებას, ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსად, საქართველოს საერთაშორისო იმიჯის განმტკიცების წინაპირობად განიხილავენ ექსპერტებიც. საქმე ის არის, რომ ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლის სტრატეგიის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში საქართველო უკვე წლებია მოხსენიებულია როგორც ”სატრანზიტო”, ასევე ”დანიშნულების” ქვეყნად. ამავე წყაროს ცნობით, ნარკოტრანზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი მარშრუტი ავღანეთიდან და ირანიდან მოდის და, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, დასავლეთ ევროპისკენ მიემართება. ვითარების შედარებითი გაუმჯობესება აღინიშნება 2014 წლის ანგარიშის თანახმად და ეს საზღვრებზე კონტროლის შედარებით გამკაცრებას მიეწერება. ამ კონტექსტში დიდ მიღწევად მიიჩნევა ის ფაქტი, რომ 2013 წლის ივლისში საქართველოში პოლიციამ 116 კილოგრამი ჰეროინი აღმოაჩინა.

საერთაშორისო ნარკოტრანზიტის ჭრილში საქართველოს არცთუ სახარბიელო იმიჯს, წინა წლების ტენდენციის - სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის - კვალდაკვალ, სავაჭრო ტვირთბრუნვის გაზრდას უკავშირებს იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პოლიციის გენერალ-მაიორი ჯემალ ჯანაშია. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ზოგადად ტვირთბრუნვის გაზრდა დადებითი მოვლენაა, მაგრამ ამ პროცესს კონტროლის გაზრდაც უნდა ახლდეს თან. ექსპერტის აზრით, ვითარება დამძიმდება იმ შემთხვევაში, თუკი შესაბამისი კონტროლის გარეშე განხორციელდება საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს ერგნეთის ბაზრობის ტიპის მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრები ამოქმედდეს. უკანონო პროცესებში შესაძლოა ასეთ შემთხვევაში რუსეთიც ჩაერთოს:

თუ ასეთი ფორმით თანამშრომლობა არსებობს და ერთობლივი ძალებით უტევენ, ამას რა სჯობია... ამ ტიპის დანაშაულის გახსნა ძალიან რთულია და თუკი მაქსიმუმ 5 პროცენტი ხვდება პოლიციის ხელში, ესეც დიდი წარმატებაა...
გიორგი ღლონტი

”ამ შემთხვევაში ამუშავდება ჩრდილოეთის ვექტორი. სომხეთის ვექტორმა იმუშავა გასულ წელს, შემდეგ იმუშავა აზერბაიჯანის ვექტორმა... ჩრდილოეთის ვექტორი რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი. ერთ-ერთია ვლადიკავკაზი-ყაზბეგის მიმართულება. თუმცა უფრო კარგად იმუშავებს როკის გვირაბი-ცხინვალის ტერიტორია და შემდეგ უკვე თბილისისკენ და დასავლეთისკენ... ამიტომ ამ ვექტორზე ოპერატიული სამსახურების გაძლიერებაა საჭირო”.

გასული კვირის მიწურულს მასშტაბური საერთაშორისო დანაშაულის გამოვლენას საქართველოში მასშტაბური საერთაშორისო ოპერაციის ნაწილად - ანუ საზღვრებს გარედან გამოგზავნილი სიგნალის შედეგად - მიიჩნევს გიორგი ღლონტი, გრიგოლ რობაქისძის სახელობის უნივერსიტეტის პრორექტორი, სამართლის დოქტორი, პროფესორი. თუმცა, როგორც ის ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ამით არ კნინდება ადგილობრივი სამართალდამცველების ღვაწლი:

”თუ ასეთი ფორმით თანამშრომლობა არსებობს და ერთობლივი ძალებით უტევენ, ამას რა სჯობია... ამ ტიპის დანაშაულის გახსნა ძალიან რთულია და თუკი მაქსიმუმ 5 პროცენტი ხვდება პოლიციის ხელში, ესეც დიდი წარმატებაა”.

გიორგი ღლონტი, სხვა ექსპერტების მსგავსად, ფიქრობს, რომ ბოლოს აღმოჩენილი 3 ტონამდე ნარკოტიკული ნივთიერებიდან საქართველოს შიდა ბაზრისთვის არაფერი იქნებოდა გამიზნული, რადგანაც, საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, ასეთი დიდი მოცულობის ტვირთი, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ხელუხლებლად ჩადის დანიშნულების ადგილამდე. ამასთან, ექსპერტების შეფასებით, ჰეროინზე, ძირითადად სიძვირის გამო, უკვე წლებია, მოთხოვნა ქართულ ბაზარზე ძალიან მცირეა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG