Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნარკოტიკი - რეპრესიის იარაღი?


22 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბნენ ის ადამიანები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ მათი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა თუ ნათესავებს სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალებები, განსხვავებული აზრის გამო თუ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, განზრახ ჩაუდეს. მათ პროტესტის ნიშნად ჯიბეები ამოიკერეს. შინაგან საქმეთა მინისტრი და საპარლამენტო უმრავლესობა მსგავს ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. ნარკოპოლიტიკის ცვლილებებზე მომუშავე ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დღეს არსებულ ნარკოპოლიტიკას სახელმწიფო სადამსჯელო იარაღად იყენებს.

ნარკოტიკი - რეპრესიის იარაღი?
please wait

No media source currently available

0:00 0:05:20 0:00
გადმოწერა

„მინდა ვთხოვო და მოვუწოდო პოლიციას, ნუ გახდებიან ხელისუფლების დანაშაულის იარაღი, რადგან ნარკოტიკის და სხვა კანონსაწინააღმდეგო ნივთის ჩადება არის უმძიმესი დანაშაული და ადრე თუ გვიან ამ დანაშაულის გამო აუცილებლად დაისჯებით“, - ზვიად კუპრავამ, სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის წარმომადგენელმა, ხმის გამაძლიერებლით მოუწოდა სამართალდამცავებს, უარი თქვან, მისი თქმით, გავრცელებულ მანკიერ პრაქტიკაზე, რომელიც მოქალაქეებისათვის ნარკოტიკული საშუალებების ე. წ. ჩადებას გულისხობს.

საპროტესტო აქცია, სახელწოდებით „არა ჩადებას“, ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან, გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად ჯიბეები ამოიკერეს. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან უმეტესწილად ის ადამიანები შეიკრიბნენ, რომლებიც ირწმუნებიან, რომ მათი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა თუ ნათესავებს სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალებები, განსხვავებული აზრის გამო თუ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, განზრახ ჩაუდეს. ასე ფიქრობს პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილიც, რომელიც აქციაზე მივიდა რამდენიმე დღის წინ დაკავებული თავისი მეგობრის, მიხეილ თათარიშვილის, მხარდასაჭერად. სამართალდამცავებმა ის 17 მარტს დიდი ოდენობით ნარკოტიკების შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს, ანა მარგველაშვილი კი მეგობრის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს. სავარაუდოდ, ის გულისხმობს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, რომელიც მან რამდენიმე თვის წინ, მას შემდეგ გააკეთა, რაც მისი სიძის, მინდია გოგოჭურის, სახლში ჩხრეკა ჩატარდა. მაშინ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრზე რეპრესიები ხორციელდება:

„ვფიქრობ, რომ რაკი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები ასე იდევნებიან, ალბათ, ამ ყველაფერში არის რაღაც კავშირი და მგონი, რომ ამ ყველაფერზე ყურადღება უნდა გამახვილდეს“.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე. მისი ვაჟი, დავით ხარშილაძე, 13 მარტს ნარკოტიკული საშუალების შენახვის ბრალდებით დააკავეს. ჟურნალისტი აღნიშნულ ფაქტს თავის საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ მსგავსი ტიპის მუქარები მან არაერთხელ მიიღო. ელისო კილაძის მტკიცებით, მის შვილს სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს:

„კონკრეტულად ჩემ შვილთან დაკავშირებით ხდება უპრეცედენტო რამ. პოლიცია მეუბნება, რომ ჩემ შვილს ჰქონდა ქურთუკი და ქურთუკის ჯიბეში ჰქონდა ნარკოტიკი. ქურთუკი არის დაკარგული, რომელიც ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებულება, რადგან მე ვაპირებდი ამ ქურთუკზე უცხოეთში ექსპერტიზის ჩატარებას, ისევე როგორც მათთვისაც მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა ეს, რადგან როცა ამბობენ, რომ ქურთუკის ჯიბიდან ამოიღეს ნარკოტიკი და არ არსებობს ნივთი, საიდანაც ნარკოტიკი ამოიღეს. ანუ აქ ლაპარაკია პირდაპირ ძალადობაზე. რეპრესიული სახელმწიფო მანქანა ამუშავდა და ჩვენ ყველანი შევეცდებით იმას, რომ ეს რეპრესიული მანქანა შევაჩეროთ“.

ნარკოტიკი - რეპრესიის იარაღი?
please wait

No media source currently available

0:00 0:02:03 0:00

​ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ახალგაზრდების დაკავების ფაქტებს ეხმაურებიან საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ნიკა მელიას, განცხადებით, როდესაც პრეზიდენტის ოჯახის ახლობელი დაკავებულია მთელი რიგი დარღვევებით, ეს არის საგანგაშო ფაქტი და ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს რეაგირება როგორც ხელისუფლების, ისე თითოეული მოქალაქის მხრიდან:

„შსს-ს მხრიდან შეინიშნება კამპანია და ამ კამპანიას ჰქვია იარაღისა და ნარკოტიკის ჩადება“.

„პიარ-აქციას“ უწოდებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე დაკავებული ახალგაზრდების ახლობლების მიერ წამოწყებულ კამპანიას. მისივე სიტყვებით, საყურადღებოა ის განცხადებები, რომლებიც პრეზიდენტის ოჯახის წევრების მხრიდან ვრცელდება, თუმცა ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია საზოგადოება დაელოდოს გამოძიების შედეგებს:

„ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ბრძოლა ნარკოტრეფიკთან უნდა გაგრძელდეს ისევე უკომპრომისოდ, როგორც ეს იყო დღემდე. საქართველო არის საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ პოზიციაში, მათ შორის, ნარკოტრეფიკთან დაკავშირებით“.

კატეგორიულად უარყოფს ნარკოტიკული საშუალებების ე. წ. ჩადების ფაქტებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. მან ამის შესახებ განცხადება 20 მარტს გააკეთა. მისი თქმით, მსგავსი ტიპის განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება:

„ეს არის მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდება და მეტი არაფერი. არავის შვილობა, არავის პროფესია... არ არსებობს ამ საკითხში ინდულგენცია. ის ფაქტები, რაც სახეზე გვაქვს, ეს არის რეალური ფაქტები და ყველა საუბარი ე. წ. ჩადებებზე, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მოგონილი“.

დავით სუბელიანი, საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ შექმნილი მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ წარმომადგენელი, ამბობს, რომ, ერთი მხრივ, დღევანდელი რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ებრძვის მომხმარებლებს და, მეორე მხრივ, ებრძვის იმ უდანაშაულო ადამიანებს, რომელთა დასჯა შეიძლება ჩათვალოს საჭიროდ პოლიტიკური თუ სხვა მიზეზებით. მისი თქმით, იმისათვის, რომ სახელმწიფოს მსგავსი ცდუნებები აღარ ჰქონდეს, აუცილებელია შეიცვალოს ნარკოპოლიტიკა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG