Accessibility links

ზედოზირების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 31 აგვისტოს არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს რამდენიმე ქალაქში საერთაშორისო კამპანიას ატარებენ. „რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ზრდის ზედოზირებით გარდაცვალების რისკს, გადავარჩინოთ სიცოცხლე!“ - ასეთია კამპანიის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების, „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელისა“ და „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ მთავარი გზავნილი. რა მდგომარეობაა ზედოზირების შესახებ ინფორმირებულობის კუთხით საქართველოში, როგორია სახელმწიფოს დამოკიდებულება ამ საკითხისა და, ზოგადად, ნარკოდამოკიდებულების პრობლემის მიმართ?

„ზედოზირება, იგივე ინტოქსიკაცია, ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი იმაზე მეტ ერთი სახის ან კომბინირებულ ნარკოტიკს მოიხმარს, ვიდრე მის ორგანიზმს შეუძლია გაუმკლავდეს“, - ვკითხულობთ ორგანიზაცია „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ ვებგვერდზე. ამავე ტექსტში ასევე განმარტებულია, რომ იგივე პრობლემა დგება მაშინაც, თუ ადამიანი ნარკოტიკს გარკვეული დროის განმავლობაში არ მოიხმარს, შემდეგ კი ჩვეულ დოზას მიიღებს.

შარშანდელთან შედარებით, ნარკოტიკების ინექციურად მომხმარებლების რაოდენობა საქართველოში გაიზარდა. თუ შარშან, დაახლოებით, 42 500 იყო, დღეს, დაახლოებით, 47900-ია...

როგორც ამ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი თამარ გერმანიშვილი ამბობს, საქართველოში ნარკოდამოკიდებულების პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას. შესაბამისად, ბევრია ზედოზირების შემთხვევაც, რაც ხშირად ადამიანის სიკვდილით მთავრდება:

„შარშანდელთან შედარებით, ნარკოტიკების ინექციურად მომხმარებლების რაოდენობა საქართველოში გაიზარდა. თუ შარშან, დაახლოებით, 42 500 იყო, დღეს, დაახლოებით, 47900-ია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი იმის თაობაზე, რაც ნარკოტიკების მოხმარებასთანაა დაკავშირებული, მოსახლეობის ცნობიერება ამაღლდეს“.

თამარ გერმანიშვილი დასძენს, რომ ყველაზე მთავარია შეიცვალოს სახელმწიფო პოლიტიკა ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით და ნარკოდამოკიდებულება აღარ იყოს დანაშაული, თუმცა აქვე აღნიშნავს დადებით ცვლილებასაც: ჯანდაცვის მინისტრის 2014 წლის 11 აგვისტოს ბრძანებით, ზედოზირებისას გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო სამსახური არ არის ვალდებული პოლიციას მიმართოს.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე ამბობს, რომ ზუსტი სტატისტიკა ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა ამ ცვლილებამ საგრძნობლად შეამცირა ზედოზირების გამო ადამიანების დაღუპვის რაოდენობა:

„ხშირად, რადგან იცოდნენ, რომ პოლიცია საქმის კურსში იქნებოდა, თანმხლები პირები თავს არიდებდნენ სასწრაფოს გამოძახებას“.

კოკა ლაბარტყავა

კოკა ლაბარტყავა

ორგანიზაცია „ნარკოტიკების მომხმარებელთა ქსელის“ გამგეობის თავმჯდომარე კოკა ლაბარტყავა მიიჩნევს, რომ ეს ცვლილება ძალიან ცოტაა იმასთან შედარებით, რაც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს, და საქართველოს მთავრობის ნარკოპოლიტიკას რეპრესიულს უწოდებს:

„რეპრესიული ნარკოპოლიტიკა გრძელდება და ამ ბრძანებისა და მის შემდეგ დამდგარი შედეგის მიუხედავად, ძალიან, ძალიან დიდია რისკი, რომ ზედოზირების ფაქტები ფატალურად დამთავრდეს“.

კოკა ლაბარტყავა ამბობს, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ბოლო ქვეყანაა, სადაც ნარკოდამოკიდებულება კანონით ისჯება, და იმედი აქვს, ამ საკითხის მიმართ მოსახლეობისათვის მეტი ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, სახელმწიფო გადადგამს ნაბიჯებს ნარკოპოლიტიკის შესამსუბუქებლად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG