Accessibility links

logo-print

თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მოისმინეს მერის, დავით ნარმანიას, ანგარიში “გამწვანებული ტერიტორიების განკარგვისა და მოვლა-პატრონობის საკითხზე”. დავით ნარმანიას საკრებულოში მისვლა მოითხოვა 13-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომლებიც თბილისის მერს ყაზბეგის ქუჩაზე ხეების გაჩეხის გამო აკრიტიკებენ. საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა დაიწყეს ასევე ხელმოწერების შეგროვება დავით ნარმანიასთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე. საკრებულოს სხდომა რამდენჯერმე შეწყდა სამოქალაქო აქტივისტების მიერ ხმამაღლა გამოთქმული პროტესტის გამო. საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მსვლელობისას არასამთავრობო ორგანიზაციებმა საპროტესტო აქცია გამართეს საკრებულოს შენობის წინ, სადაც სიმბოლურად მერისთვის დატოვეს პლასტმასის ნაჯახი.

საკრებულოს სხდომა გაიხსნა დავით ნარმანიას ვრცელი ანგარიშით, რომელშიც თბილისის მერმა მიმოიხილა ის, თუ რა გაკეთდა თბილისში გასული ორი წლის განმავლობაში ეკოლოგიისა და გამწვანების კუთხით. მერის თქმით, პირველად ქალაქის ისიტორიაში, გაკეთდა გარემოსდაცვითი სტრატეგია, რომლის ფარგლებში აღდგა და მოეწყო რამდენიმე ახალი სკვერი და ფართო მასშტაბი მიეცა მასობრივი გამწვანების ღონისძიებებეს, კერძოდ, უკვე დაირგო 560 ათასი ხე, წელს კი, დამატებით, 79 ათასი ხის დარგვა იგეგმება.

თბილისის საკრებულოს სხდომა

თბილისის საკრებულოს სხდომა

დავით ნარმანიამ ილაპარაკა ასევე ყაზბეგის 22-ში მოჭრილ ხეებზე, რომელთა გამოც კვირაზე მეტია საპროტესტო აქციები იმართება თბილისის მერიის წინ მოთხოვნით, სამსახურიდან გათავისუფლდეს მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი, თუმცა დავით ნარმანიამ ამ მოთხოვნის პასუხად საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ იგეგმება სამსახურის სტრუქტურული რეორგანიზაცია. რაც შეეხება საკადრო გადაწყვეტილებას, ამასთან დაკავშირებით ითქვა, რომ ელოდება პროკურატურაში დაწყებული გამოძიების დასრულებას და ვიდრე ხელთ არ ექნება დასკვნა, მიზანშეუწონლად მიაჩნია საკადრო გადაწყვეტილების მიღება.

დავით ნარმანიას მშვიდი და მონოტონური თხრობა შეაწყვეტინა ცოტნე გამსახურდიამ, რომელიც სხვა სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებთან ერთად მეორე იარუსიდან აკვირდებოდა თბილისის მერის გამოსვლას. დაცვის თანამშრომლებმა ცოტნე გამსახურდიას დარბაზიდან გაყვანა სცადეს.

„აღმაშფოთა ქალაქის მერის თავხედობამ და უტიფრობამ. მოჭრეს ჯანსაღი, ხასხასა, გირჩებიანი ასწლოვანი ფიჭვი და ის კი გვეუბნება, რომ არ სჯერა ამ ფაქტის და ელოდება გამოძიების დასრულებას. რისთვის არსებობს მერი, ქალაქის მერია და შესაბამისი სამსახურები, რაში ვუხდით მათ ფულს ჩვენი ჯიბიდან, თუ მან არაფერი იცის, რა ხდება ჩვენს ქალაქში და თუ უუნაროა, რომ მერიიდან 500-600 მეტრში შეამოწმოს, რა მოხდა. ასე რომ, ეს არ იყო ანგარიში, ჩვენ ვისმენდით რაღაც სადღეგრძელოს ბატონი დავითის მიერ გაკეთებულ კარგ საქმეებზე“, განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ.

შეხლა-შემოხლა საკრებულოს სხდომათა დარბაზში

შეხლა-შემოხლა საკრებულოს სხდომათა დარბაზში

თბილისის მერმა მოხსენების წაკითხვის შემდეგ საკრებულოს წევრების შეკითხვებსაც უპასუხა, თუმცა პასუხებმა კითხვების ავტორებს პოზიცია ვერ შეაცვლევინა. რესპუბლიკელ დავით ზურაბიშვილის თქმით, ოპოზიციას არ აქვს თბილისის მერისთვის იმპიჩმენტის მოწყობის რესურსი, თუმცა გამოსავალი მაინც არსებობს: გადადგეს და გაათავისუფლოს ამ მძიმე ტვირთისგან თავისი თავიც და ქალაქიც.

საკრებულოს წევრების გარდა, დავით ნარმანიას გადადგომისკენ მოუწოდეს საკრებულოს შენობის წინ შეკრებილმა არასამთავრობყო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებმაც შენობის შესასვლელთან მერის სახელზე პლასტმასის ნაჯახი დატოვეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ბესო გაზდელიანის, კომენტარი:

„მან თბილისში მოჭრა ასობით და, შეიძლება, ათასობით უნიკალური ჯიშის წიწვოვანი ხე. ეს ნაჯახი არის ერთგვარი სიმბოლო ბატონი დავითის სამწლიანი მმართველობისა“.

დავით ნარმანიას გადადგომას ყველაზე აქტიურად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მოითხოვენ. ფრაქციის თავმჯდომარის, ირაკლი აბესაძის, თქმით, მოქმედ მერს თანამდებობაზე დარჩენის არანაირი რესურსი არ აქვს, თუმცა პასუხად საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ნუგზარ მალაღურაძემ, თქვა, რომ მერი არ გადადგება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ბევრად სჯობია წინა, „ნაციონალური მოძრაობის“, ხელისუფლებას.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა კი განაცხადა, რომ საკრებულოს უმრავლესობა მზად არის ოპოზიციასთან კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ გაიზიარებს მოთხოვნას, თანამდებობა დატოვოს თბილისის მერმა.

„ეს საკითხი უმრავლესობაში არ განიხილება“, განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა. თავად დავით ნარმანიამაც განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს და რომ ბოლომდე დარჩება, რათა შეასრულოს თბილისელებისთვის მიცემული დაპირებები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG