Accessibility links

logo-print

„კურიოსიტი“ მარსიდან სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი მყარი ნიმუშებით დაბრუნდა


აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს, ”ნასას” თანახმად, მარსზე აღებული ნიმუშები აჩვენებს, რომ ამ პლანეტაზე შესაძლოა დიდი ხნის წინ სიცოცხლე არსებობდა. ”ნასას” მეცნიერებმა ეს შედეგები ყველგანმავალი ”კურიოსიტის” მარსზე დაჯდომის შვიდი თვის თავზე გამოაქვეყნეს. ”ნასა” აცხადებს, რომ ”კურიოსიტის” კოსმოსური მისია ამით არ ამოიწურება.

„მარსზე“ აღებულ ნიმუშებს შორის აღმოჩნდა წყლის კვალი, თიხა, სულფატები და სხვა მინერალები, რაც „ნასას“ მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ ამ პლანეტაზე შესაძლოა დიდი ხნის წინ სიცოცხლე არსებობდა.

„ალბათ, ადვილად წარმოიდგენთ, როგორ მოგვეშვებოდა გულზე, როცა აპარატის დაშვებისთანავე იქვე, ახლოს, აღმოვაჩინეთ წყლის კვალი და დავინახეთ უწინ არსებული მდინარის კალაპოტი. ახლა ჩვენ ვიკვლევთ ზედაპირისქვეშა სივრცეს - დამჟავებული შრეების ოდნავ ქვემოთ, ვეძებთ ერთგვარ ნეიტრალურ კლდეს. მთავარი იყო გვეპოვნა ადგილი, სადაც აღმოჩნდებოდა წარსულში არსებული სიცოცხლის ნიშნები. მე თუ მკითხავთ, ეს საოცრებაა! ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია, ანუ შეეხება იმას, თუ როგორ აპირებს ყველგანმავალი იქაურობის შესწავლას და ა.შ., რადგან ნამდვილად არის ყველა მაჩვენებელი იმისა, რომ დროის გარკვეულ პერიოდში პლანეტაზე მართლაც არსებობდა სიცოცხლე“, განაცხადა მაიკლ მაიერმა, „ნასას“ წამყვანმა მეცნიერმა.

მისი კოლეგა კი, ჯონ გროტზინგერი, აზუსტებს, რომ წყალი, რომელიც ოდესღაც უნდა ყოფილიყო პლანეტაზე, ცნობილი იყო სახელწოდებით „იელოუნაიფის ყურე“:

„ვფიქრობ, მივაგენით სიცოცხლისთვის ხელსაყრელ გარემოს, რომელშიც, თუ წყალიც იარსებებდა და ამ პლანეტაზე თქვენც მოხვდებოდით, ამ წყლის დალევას შეძლებდით.“

”ნასა” აცხადებს, რომ ”კურიოსიტი” მეორე ღრმულს მაისში გაბურღავს ორგანული ნაერთების მოსაძიებლად. აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ყველგანმავალმა, სახელწოდებით „ოფორტუნიტი ენდ სპირიტ“, ადრეც აღმოაჩინა მარსზე წყლის კვალი, თუმცა მაშინ „ნასას“ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ იმდენად დიდი იყო მჟავის შემცველობა, რომ მასში ცოცხალი მიკრობები ვერ იარსებებდნენ.
XS
SM
MD
LG