Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ნაში” ესტონეთზე კიბერშეტევის ავტორია


კიბერომი
კიბერომი

კრემლის ახალგაზრდული ორგანიზაცია ”ნაშის” ერთ-ერთმა აქტივისტმა აღიარა, რომ ის იყო ბალტიისპირეთის ქვეყნებზე კიბერთავდასხმის სულისჩამდგმელი.

ამ თვეში საინტერესო განვითარება პოვა ორი წლის წინანდელმა შემთხვევამ, კერძოდ კი ესტონეთზე განხორციელებული კიბერშეტევის ამბავმა. კრემლის ახალგაზრდული ორგანიზაციის, ”ნაშის”, ერთ-ერთმა აქტივისტმა აღიარა, რომ ის იყო ბალტიისპირეთის ქვეყნებზე კიბერთავდასხმის სულისჩამდგმელი. ანალიტიკოსების აზრით, ყველა საფუძველი არსებობს იმის სავარაუდოდ, რომ შეტევის უკან კრემლი იდგა. შეგახსენებთ, ანალოგიური კიბერშეტევა საქართველოზეც განხორციელდა 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს.

ორი წლის წინ ესტონეთზე განხორციელებულმა კიბერშეტევამ სერიოზული კითხვის ქვეშ დააყენა ნატოს წევრი სახელმწიფოების ელექტრონული უსაფრთხოების საკითხი. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებში კიბერთავდასხმა ტერორიზმთანაა გათანაბრებული. და ეს რომ მართლაც ტერორიზმია, 2007 წელს სამი კვირის მანძილზე ესტონეთის სამთავრობო საიტებსა და სერვერებზე განხორციელებულმა შეტევამ აჩვენა. ამ ხნის მანძილზე ესტონეთში თითქმის პარალიზებული იყო ცხოვრება, რადგან ცნობილია, რომ ეს ქვეყანა ყველაზე კომპიუტერიზებული ქვეყანაა მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. იგი სახელგანთქმულია სახელმწიფოს ელექტრონული მმართველობით და იქ არჩევნებიც კი ინტერნეტის მეშვეობით ტარდება.

ესტონეთში საინფორმაციო ტექნოლოგიების წამყვანი ექსპერტი პეტერ მარვეტი ამბობს, რომ კიბერშეტევის მიზანი იყო ბალტიის ქვეყნების ინტერნეტხერხემლის განადგურება.

(მარვეტი) ”ესტონეთში ერთ-ერთი მსხვილი ბანკის ვებსერვერმა მუშაობა შეწყვიტა დაახლოებით ნახევარი საათით. აღნიშვნის ღირსია, რომ დანარჩენ მსოფლიოში, როგორც წესი, იყენებენ საკრედიტო ბარათებსა და ჩეკებს. ესტონეთში კი ყოველდღიური საბანკო ოპერაციები ხორციელდება ინტერნეტით. ამიტომ 30 წუთიანი შეფერხება სერიოზული საკითხია იმის გათვალისწინებით, რომ ბანკებს ერთ-ერთი ყველაზე დაცული ონლაინოპერაციები აქვთ.”

ეს იმის საჩვენებლად, რამდენად მნიშვნელოვანია ესტონეთისთვის ელექტრონული უსაფრთხოება და არამხოლოდ ესტონეთისთვის.

2007 წელს მომხდარი კიბერშეტევა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ესტონეთში საბჭოთა ხანის ძეგლი აიღეს. ამ ქვეყნის მთავრობამ თავდასხმა მოსკოვს გადააბრალა, კრემლი კი ყველაფერს უარყოფდა და კონფლიქტი ბოლო დრომდე ბურუსით იყო მოცული.

მიმდინარე თვეში მოულოდნელად, საინფორმაციო ომის შესახებ გამართული დისკუსიის დროს, რუსეთის დუმის დეპუტატმა მმართველი პარტიიდან სერგეი მარკოვმა განაცხადა, რომ კიბერთავდასხმა მისმა თანაშემწემ განახორციელა. დისკუსიის მონაწილეთა დაჟინებული მოთხოვნის შემდეგაც მან არ დაასახელა თანაშემწის ვინაობა და დარბაზიც დატოვა.

მოგვიანებით თავად მარკოვის თანაშემწემ კონსტანტინ გოლოსკოვმა გამოიჩინა ინიციატივა და ესტონეთზე კიბერთავდასხმის ორგანიზება აღიარა. კრემლის მომხრე ახალგაზრდული ორგანიზაცია ”ნაშის” აქტივისტმა გოლოსკოვმა რადიო ”თავისუფლებას” განუცხადა, რომ მას კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია:

(გოლოსკოვი) ”პირველ ყოვლისა, დავაზუსტებ, რომ ეს არ იყო თავდასხმა, ეს არ იყო ომი. ეს იყო სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია.”

გოლოსკოვი ამბობს, რომ მისი ქმედება იმ დიპლომატიურ დაპირისპირებას მოჰყვა, რომელიც რუსეთსა და ესტონეთს შორის გაჩაღდა წითელი არმიის ძეგლების გადატანის გამო.

”დდოს” შეტევის სახელწოდებით ცნობილი მეთოდის გამოყენებით, გოლოსკოვმა და მისმა მეგობრებმა 3 კვირის მანძილზე, 2007 წლის აპრილსა და მაისში, ესტონეთში უამრავი სერვერი დააზიანეს.

ესტონელმა ესქპერტებმა ეჭვი შეიტანეს გოლოსკოვის მტკიცებაში, რადგან თავდასხმა იმდენად მასშტაბური იყო, რომ მას ჰაკერების ცალკე აღებული ერთი ჯგუფი სპეციალისტების ჩაურევლად ვერ განახორციელებდა.

გოლოსკოვის აღიარებამ ბევრს აფიქრებინა, რომ მისი ქმედების უკან კრემლი დგას, თუმცა თავად გოლოსკოვი ამას უარყოფს:

(გოლოსკოვი) ”ჩვენ გამოვიყენეთ საკუთარი პერსონალური კომპიუტერები და კავშირის საკუთარი არხები. სულ ვიყავით შვიდი ადამიანი, მაგრამ ამ შვიდმა ბევრი თავისი ნაცნობი ჩართო, ისინი კი კომპიუტერის სპეციალისტები არიან და ფართო ქსელი აქვთ. და ყველა ერთად ვმოქმედებდით. ზუსტ რიცხვს ვერ გეტყვით, მაგრამ შეიძლება ათობით ან ასობით იყვნენ.”

ექსპერტები ამბობენ, რომ თუ გოლოსკოვის ნაამბობი რეალობას შეესაბამება, მაშინ შეუძლებელია კიბერთავდასხმა კრემლის მდუმარე თანხმობის გარეშე მაინც განხორციელებულიყო. ბევრი ყურადღებას აქცევს იმასაც, რომ გოლოსკოვი ღიად საუბრობს ამაზე და არ ეშინია სისხლისსამართლებრივი დევნის.

მოსკოვში დაფუძნებული საინფორმაციო კვლევითი ცენტრის ”პანორამის” პრეზიდენტის და ვებსაიტის ანტიკომპრომატ. რუსი ავტორის ვლადიმირ პრიბილოვსკის კომენტარი:

(პრიბილოვსკი) ”ვინ დაჭის ამ გოლოსკოვს, თუ მან გააკეთა ის, რაც მოსწონს ხელისუფლებას. მე ვფიქრობ, რომ თუ ის ამ საქმესთან კავშირშია, ესე იგი ვიღაცამ მას ამისთვის ფული მისცა ან ფედერალური ბიუჯეტიდან, ან ვიღაც ბიზნესმენის ბიუჯეტიდან, რომელმაც პატრიოტული გრძნობები გამოავლინა, ან მიუთითეს, რომ პატრიოტული გრძნობები გამოევლინა.”

კიდევ ერთი ექსპერტი, ჰერიტიჯის ფონდის დირექტორი ევგენი ვოლკი, ამბობს, რომ გოლოსკოვის ქმედებას საფუძველი შეუქმნა იმ ქსენოფობიურმა განწყობებმა, რომელიც რუსეთის საზოგადოებაში კრემლმა დაამკვიდრა და ორგანიზაცია ”ნაში” სწორედ ამ მისიას ემსახურება.

ესტონეთზე და შემდეგ საქართველოზე განხორციელებულმა კიბერშეტევებმა ბევრი დააფიქრა იმაზე, თუ რამდენად საშიში შეიძლება იყოს, როდესაც კიბერშეტევაში დაინტერესებულია რომელიმე სახელმწიფო. ბევრი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ კრემლმა მწვანე შუქი აუნთო კიბერთავდასხმათა ორგანიზატორებს. და ამას ვერც ნავთობიდან მიღებული შემოსავლების კატასტროფული შემცირება შეაჩერებს და ვერც დღითი დღე მზარდი უმუშევრობა, რადგან კრემლს გადაწყვეტილი აქვს, მიუხედავად ყველაფრისა, აღადგინოს ძველი გავლენა საბჭოთა კავშირის დროინდელ სივრცეზე და არა მხოლოდ მასზე.
XS
SM
MD
LG