Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატალია ესტემიროვას მკვლელობის სასამართლო პროცესი გადაიდო


ჩეჩენი უფლებადამცველის, ნატალია ესტემიროვას მკვლელობის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესი ორშაბათს 15 აგვისტომდე გადაიდო. უფლებადამცველი ქალის მკვლელობაში მთავარ ეჭვმიტანილ ალხაზურ ბაშაევზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული, თუმცა ოფიციალური ვერსიისა არ სჯერათ რუს უფლებადამცველებს, რომლებიც ვარაუდობენ, რომ ესტემიროვას მკვლელობის უკან სამართალდამცველი სტრუქტურები დგანან.

რუსეთის საგამომძიებლო კომიტეტის თავმჯდომარის ვლადიმირ მარკინის თქმით, ძიება ვარაუდობს, რომ ესტემიროვას მკვლელობის მოტივი შესაძლოა გამხდარიყო მისი პუბლიკაცია, რომელშიც ბაშაევის მიერ სხვა უკანონო მებრძოლების გადაბირებასა და მოსკოველი ბიზნესმენის ოჯახზე მომხდარ თავდასხმაზე იყო საუბარი.

პეტერბურგსა და გროზნოში ესტემიროვას სასამართლო პროცესის პარალელურად გაიმართა საპროტესტო გამოსვლები, რომელიც ჩეჩენი უფლებადამცველი ქალის მკვლელობის მეოთხე წლისთავს მიეძღვნა. გროზნოში აქციაზე იმყოფებოდა ჩეჩენი აქტივისტი ქალი კედა სარატოვა, რომელიც რუსეთის უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალის“ ჩრდილოეთკავკასიურ ოფისში ესტემიროვასთან ერთად მუშაობდა. სარატოვა არ ენდობა ხელისუფლების ვერსიას და ესტემიროვას მკვლელობის საქმის გამოძიებას:

“დარწმუნებული ვარ, რომ რასაც ხელისუფლება ამბობს, სრული როშვაა. არავითარი გამოძიება არ მიმდინარეობს და ამ საქმის თანამონაწილეები არ ყოფილან არავითარი ბაშაევები და არავითარი უკანონო მებრძოლები, რომლებმაც თითქოსდა მოკლეს ნატალია. ეს ყველაფერი ყველასთვის გასაგებია ზუსტად იმდენადვე, რამდენადაც ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის გამოძიების დროს იყო ეს გასაგები“.

ნატალია ესტემიროვა, „მემორიალის“ თანამშრომელი და ცნობილი უფლებადამცველი ქალი, 2009 წლის 15 ივლისს მოიტაცეს და მოკლეს. ჩეჩნეთში ორგანიზაცია „მემორიალის“ ოფისის თანამშრომლის ნატალია ესტემიროვას მკვლელობიდან მეოთხე წლისთავზე უფლებადამცველები სკეპტიკურად აფასებენ რუსი გამომძიებლების განცხადებას, რომ მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ისლამისტ ექსტრემისტებს. ეს ეჭვი გამოითქვა მალევე მას შემდეგ, რაც უფლებადამცავმა ორგანიზაცია „მემორიალმა“ გამოაქვეყნა დამოუკიდებელი ანგარიში, რომელშიც რუსეთის უშიშროების სამსახურს ადანაშაულებს საკვანძო მნიშვნელობის მტკიცებულებათა უგულებელყოფაში, სავარაუდოდ, ესტემიროვას ნამდვილი მკვლელებისთვის ხელის დასაფარებლად. ამიტომაცაა კედა სარატოვა, ნატალია ესტემიროვას თანამებრძოლი, სკეპტიკურად განწყობილი გამოძიების ოფიციალური ვერსიისადმი:

„ამ ყველაფერს გამომძიებლები ჰყვებიან იმისათვის, რომ, როგორც ჩანს, ვიღაცას ჩააბარონ ანგარიშები. ჩვენთვის კი, ადამიანებისთვის, რომლებმაც ყველანაირი გაჭირვება გამოვცადეთ, შეურაცხმყოფელიც კია ასეთი ანგარიშების მოსმენა“.

ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრ „მემორიალის“ ლიდერის, ალექსანდრ ჩერკასოვის ინფორმაციით, საქმეს დროებით ჩამოაშორეს გამომძიებლები, რომლებიც ესტემიროვას მკვლელობას იძიებდნენ. ჩერკასოვის თქმით, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც თავდაპირველმა გამოძიებამ დანაშაულში ადგილობრივი სამართალდამცველი ორგანოების შესაძლო მონაწილეობა აჩვენა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG