Accessibility links

logo-print

ირანზე თავდასხმის ჰუმანიტარული საფრთხეები


ირანი: ურანის გამამდიდრებელი საწარმო ნატანცში, თეირანის სამხრეთით

ირანი: ურანის გამამდიდრებელი საწარმო ნატანცში, თეირანის სამხრეთით

ირანის ბირთვულ ობიექტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში შესაძლოა, ათიათასობით ირანელი დაიღუპოს. ასეთ დასკვნამდე მიდიან ექსპერტები, რომლებმაც ჩაატარეს პირველი გამოკვლევა ირანზე თავდასხმის შესაძლო, ჰუმანიტარული შედეგების დასადგენად.

ირანში, სავარაუდოდ, ოთხ ბირთვულ ობიექტზე მიიტანენ იერიშს, თუ ისრაელმა, ან შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტეს სამხედრო ოპერაციის განხორციელება ირანის ბირთვული პროგრამისთვის ზიანის მისაყენებლად, ან მისთვის ბოლოს მოსაღებად.

გამოკვლევაში, რომელიც ერთად ჩაატარეს იუტის უნივერსიტეტის ჰინკლის პოლიტიკის ინსტიტუტმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ „ომიდი ირანისათვის“, მიდიან დასკვნამდე, რომ სამხედრო იერიშს, მაგალითად, ისპაჰანის ურანის გადამამუშავებელ საწარმოზე ტრაგიკული შედეგები მოჰყვებოდა ქალაქის ათასობით მკვიდრისათვის. ორმილიონიანი ქალაქის 70 000-მდე მკვიდრი დაიღუპებოდა, ან მძიმედ დაავადდებოდა ქალაქში ტოქსიკური ნაწილაკების გავრცელების შედეგად.
ადამიანების კანი დამწვრობებით დაზიანდებოდა, მათ დაბრმავება დაემუქრებოდა, ფილტვები გაუნადგურდებოდათ, თირკმელები დაუზიანდებოდათ, მომავალში, შესაძლოა, გაუჩნდებოდათ ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც, მათ შორის კანის კიბო და კიბოს სხვა ფორმები...

ამ სცენარით, ისპაჰანის მოსახლეობას ჩერნობილის მსგავსი კატასტროფა დაატყდებოდა, ამბობს ხოსრო სემნანი, თანაავტორი კვლევის საფუძველზე მომზადებული ანგარიშისა „აიათოლას ბირთვული ავანტიურა“.

„ადამიანების კანი დამწვრობებით დაზიანდებოდა, მათ დაბრმავება დაემუქრებოდა, ფილტვები გაუნადგურდებოდათ, თირკმელები დაუზიანდებოდათ, მომავალში, შესაძლოა, გაუჩნდებოდათ ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც, მათ შორის კანის კიბო და კიბოს სხვა ფორმები“, – ამბობს სემნანი.

ირანის ოთხ ბირთვულ ობიექტზე სამხედრო იერიშების შემთხვევაში, პირველ მსხვერპლს შორის იქნებოდა იქ დასაქმებული ხალხი - მკვლევრები, მუშები, ჯარისკაცები. სავარაუდოდ, ყველა დაიღუპებოდა. სემნანი გამოთქვამს შეფასებას, რომ „ოთხი ობიექტის დაბომბვის შედეგად დაიღუპებოდა 5 000-მდე ადამიანი. თუ ამ ოთხზე მეტ ობიექტს დაბომბავენ, მაშინვე დაღუპული მსხვერპლის რიცხვი 10 000-მდე გაიზრდებოდა“.

კვლევის ავტორები, მათ შორის ხოსრო სემნანი, გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ ისედაც მძიმე შედეგები შესაძლოა, კიდევ უფრო გააუარესოს ირანის ხელისუფლების მოუმზადებლობამ. ის არ გამოირჩევა კატასტროფების შედეგებთან გამკლავებისათვის მზადყოფნით და ძნელი წარმოსადგენია, თავი გაართვას ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმის შედეგად რადიაქტიული ნივთიერებებისაგან მოსახლეობის მაქსიმალურად დაცვის ამოცანას.
ეს ჰუმანიტარული შედეგები ძალიან მძიმეა... და ჩემი აზრით, ეს ანგარიში ავსებს ძალიან მნიშვნელოვან ვაკუუმს. ის უნდა წაიკითხონ პოლიტიკოსებმა უმაღლეს ეშელონებში დასავლეთის მთავრობებში, ის უნდა წაიკითხონ ისრაელში, ის უნდა წაიკითხონ მთელს მსოფლიოში...

ირანის ექსპერტი, აფშინ მოლავი აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგად მომზადებულმა ანგარიშმა ვაკუუმი შეავსო ირანის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო დარტყმების შესახებ დასავლეთში მიმდინარე დისკუსიებში.

„ხალხი გაცხარებული მსჯელობს სამხედრო დარტყმების პერსპექტივაზე და ამას წარმოსახავს გეოპოლიტიკური უარყოფითი შედეგების, გეო-ეკონომიკური უარყოფითი შედეგების კონტექსტში: რა მოელის ნავთობის ფასსა და მთელ ასეთ საკითხებს. მაგრამ არავის არასოდეს უმსჯელია ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმის ჰუმანიტარულ შედეგებზე. ეს ჰუმანიტარული შედეგები ძალიან მძიმეა... და ჩემი აზრით, ეს ანგარიში ავსებს ძალიან მნიშვნელოვან ვაკუუმს. ის უნდა წაიკითხონ პოლიტიკოსებმა უმაღლეს ეშელონებში დასავლეთის მთავრობებში, ის უნდა წაიკითხონ ისრაელში, ის უნდა წაიკითხონ მთელს მსოფლიოში“, – ამბობს მოლავი.

ირანის ბირთვულ ობიექტებზე შესაძლო სამხედრო იერიშებთან დაკავშირებული ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხე არა მარტო დასავლელი ანალიტიკოსების მიერ არის იგნორირებული. მასზე არ მსჯელობენ არც ირანში, სადაც ოფიციალური მედია ყურადღებას ამახვილებს უმეტესწილად იმაზე, თუ როგორ, რა სამხედრო ზომებით უპასუხებდა თეირანი უცხოეთიდან შესაძლო სამხედრო დარტყმებს.
XS
SM
MD
LG