Accessibility links

logo-print

საქართველო ნატოს საწვრთნელი ცენტრისთვის ემზადება


თამარ ბერუჩაშვილი, იენს სტოლტენბერგი

თამარ ბერუჩაშვილი, იენს სტოლტენბერგი

საქართველო ბრიუსელში ნატოსთან ახლებური ურთიერთობის დეტალებს ათანხმებს და ნატოს საწვრთნელი ცენტრის მასპინძლობისთვის ემზადება. ალიანსის გენერალური მდივანი აცხადებს, რომ რუსეთი ხელს ვერ შეუშლის ნატოსა და საქართველოს პარტნიორობას, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა დატერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ეფუძნება. ალიანსის შტაბბინას სტუმრობს საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის ხელმძღვანელობით.

საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, რომელმაც ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში არაერთი შეხვედრა გამართა, 3 დეკემბერს ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემად დასახელდა საქართველოსთვის ბოლო პერიოდის ყველაზე დიდი გამოწვევა, ე.წ. ხელშეკრულება „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ, რომელიც რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთთან გააფორმა და ეს საკითხი რეგიონალური უსაფრთხოების ჭრილში იქნა განხილული:

„შეფასდა როგორც ანექსიისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯი, რაც არის გამოწვევა ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის“.

საქართველო ნატოს პარტნიორია. ჩვენ გადავწყვიტეთ ერთად ვიმუშაოთ და გადავწყვიტეთ დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ საქართველოს ამ საწვრთნელი ცენტრის საშუალებით. ეს არის სუვერენული ქვეყნის მიერ მიღებული გადაწყვეტილება...

თამარ ბერუჩაშვილის თქმით, უკვე დაწყებულია უელსის სამიტზე მიღებული „არსებითი პაკეტის“ შესრულება და რომ ახლა მუშაობა მიმდინარეობს ამ პაკეტის თითოეული სეგმენტის განსახორციელებლად. სწორედ აქ იგულისხმება საწვრთნელი ცენტრის ამოქმედებაც.

როდესაც პარტნიორი ქვეყნების დახმარებასა და მხარდაჭერაზე ლაპარაკობდა, ნატოს გენერალურმა მდივანმა ერთად მოიხსენია საქართველო, მოლდავეთი და იორდანია. სამშაბათს, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, იენს სტოლტენბერგმა განმარტა, რომ ამ სამ ქვეყანას ალიანსი მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად დაეხმარება და რომ საქმე ძირითადად შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიც არის წვრთნები და თავდაცვის სფეროს რეფორმირება. ალიანსი ამ სამ ქვეყანაში ექსპერტების გაგზავნას აპირებს. თუმცა მაინც განსხვავებულია საქართველოსთან დაკავშირებული გეგმა და ის ნატოს ინსტრუქტორების დახმარებით ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრის ამოქმედებას გულისხმობს:

„საქართველო ნატოს პარტნიორია. ჩვენ გადავწყვიტეთ ერთად ვიმუშაოთ და გადავწყვიტეთ დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ საქართველოს ამ საწვრთნელი ცენტრის საშუალებით. ეს არის სუვერენული ქვეყნის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ალიანსთან, ნატოსთან თანამშრომლობის პროცესში, რომელსაც ვერც ერთი სხვა ქვეყანა, ვერც ერთი მესამე ქვეყანა ვერ დაადებს ვეტოს და ვერ შეაჩერებს პარტნიორობას ნატოსა და სუვერენულ ქვეყანას, საქართველოს, შორის“.

ძნელი არ არის იმის გამოცნობა, რომ მესამე ქვეყანაში, რომელსაც არ მოსწონს საქართველოსა და ნატოს დაახლოება, სწორედ რუსეთი იგულისხმება. ალიანსის გენერალური მდივანი კატეგორიულად არ იზიარებს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოში ამოქმედებული საწვრთნელი ცენტრი საფრთხის შემცველია რუსეთისთვის.

ირაკლი ალადაშვილი

ირაკლი ალადაშვილი

როგორც უელსის სამიტზეც ითქვა და მას შემდეგ არაერთხელ გამეორდა, „არსებითი პაკეტი“ განიხილება მნიშვნელოვან ნაბიჯად ალიანსში საქართველოს გაწევრიანების გზაზე. მაგრამ ვიდრე ქვეყანა გაწევრიანების მიზანს მიაღწევს, როგორც სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ნატო საქართველოში მეტი წარმომადგენლობით ყოფნას ცდილობს:

„ეს ცენტრი ნიშნავს იმას, რომ საქართველოში იქნება მუდმივი წვრთნები, გაგრძელდება სწავლება როგორც ნატოს წევრი ქვეყნების, ასევე პარტნიორების მონაწილეობით. ეს ნიშნავს, რომ ნატოს წარმომადგენლები, სამხედროები, მუდმივად იქნებიან ამ წვრთნებში ჩართული საქართველოს ტერიტორიაზე. ანუ ერთი წვრთნა რომ დამთავრდება, მეორე დაიწყება და მუდმივად იქნება რომელიმე კონტინგენტი“.

არაერთი სხვა ექსპერტის მსგავსად, ნატოს საწვრთნელ ცენტრს ირაკლი ალადაშვილიც განიხილავს მოსკოვისგან მომავალი საფრთხის შემაკავებელ ფაქტორად. მართალია, მისთვის ძნელი სათქმელია, რამდენად ეფექტიანად ამოქმედდება ეს ფაქტორი, მაგრამ ფაქტია, რომ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ნატომ ძალების ახლებური მობილიზება დაიწყო და მორიგი აგრესიის გამოვლენამდე, მოსკოვს მოუწევს დაფიქრება, თუ რა საფასურის გადახდა იქნება საჭირო.

XS
SM
MD
LG