Accessibility links

„ეროვნული ფორუმი“ - კოალიციის მოკრძალებული ნაწილი თუ პირველი ბზარი?


„ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარე კახა შარტავა

„ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარე კახა შარტავა

საქართველოს მომავალ მთავრობაში, რომლის წევრობის კანდიდატები კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 8 ოქტომბერს დაასახელა, „ეროვნული ფორუმი“, სავარაუდოდ, წარმოდგენილი არ იქნება. კოალიციის ლიდერის განცხადებით, „ფორუმის“ თავმჯდომარემ კახა შარტავამ ყველა შეთავაზებაზე უარი თქვა, იდეოლოგიურმა მდივანმა გუბაზ სანიკიძემ კი შესაძლოა პარლამენტში ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავოს. საგულისხმოა ისიც, რომ ივანიშვილის მთავრობის პრეზენტაციას არც კახა შარტავა დასწრებია და არც გუბაზ სანიკიძე. რას უნდა ნიშნავდეს ყოველივე ეს და როგორ აფასებენ „ფორუმში“ ივანიშვილის მიერ შეთავაზებულ სქემას?

კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი სუბიექტებიდან მომავალ ხელისუფლებაში - როგორც აღმასრულებელში, ასევე საკანონმდებლოში - ყველაზე შთამბეჭდავად წარმოდგენილი იქნებიან „რესპუბლიკური პარტია“ და ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები“, რასაც ვერ ვიტყვით „ეროვნულ ფორუმზე“, რომლის ლიდერები, კოალიციის ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, მთავრობის მიღმა დარჩებიან, კომიტეტის თავმჯდომარეზე მაღალ თანამდებობას „ფორუმელები“ ვერც პარლამენტში დაიკავებენ.

„დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს უხელმძღვანელებს გუბაზ სანიკიძე, თუმცა მითხრეს, რომ გუბაზი ფიქრობს და რაღაც პატარა კორექტირება შეიძლება შევიტანოთ“, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
კახა პოლიტიკიდან არ მიდის. კახა პარტიის თავმჯდომარეა და რჩება პარტიის თავმჯდომარედ და ჩვენ შევეცდებით, რომ პარტია განვითარდეს ...

რაც შეეხება „ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარეს კახა შარტავას, მის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისთვის თანამდებობა საერთოდ არ შეუთავაზებია:

„უფრო ადრე კახამ გააკეთა განცხადება, რომ მას არ აქვს არც სახელმწიფო სამსახურში ყოფნის და არც საერთოდ პოლიტიკაში ყოფნის სურვილი. კახასთან მე ვმეგობრობ. მთავრობა როცა ავირჩიეთ, ის ესწრებოდა და ღიმილით უყურებდა ყველა კანდიდატურას. რამდენჯერმე შევახსენე, ხომ არ შეიცვალე პოზიცია-მეთქი, მაგრამ მან დამიდასტურა, რომ არ აქვს სურვილი დარჩეს პოლიტიკაში და იყოს ხელისუფლებაში.“

ბიძინა ივანიშვილმა ეს განცხადება გააკეთა მთავრობის წევრთა წარდგენისას, რომელსაც არც გუბაზ სანიკიძე დასწრებია და არც კახა შარტავა, ფორუმის გენერალურმა მდივანმა რევაზ შავიშვილმა კი რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ შარტავას რადიკალურად განსხვავებული გეგმები აქვს:

„კახა პოლიტიკიდან არ მიდის. კახა პარტიის თავმჯდომარეა და რჩება პარტიის თავმჯდომარედ და ჩვენ შევეცდებით, რომ პარტია განვითარდეს, გაძლიერდეს. მოგეხსენებათ, დაფინანსება გაიზრდება და ა.შ.“

გუბაზ სანიკიძე

გუბაზ სანიკიძე

რადიო თავისუფლებამ გუბაზ სანიკიძესა და კახა შარტავასთან დაკავშირებაც სცადა, თუმცა „ეროვნული ფორუმის“ პრესსამსახურმა ნახევარსაათიანი ძალისხმევის შემდეგ კომუნიკაციის იმედი გადაგვიწურა.

„ყველანი ქუთაისში არიან წასულები. ჩვენი პარტიის რამდენიმე აქტივისტია დაკავებული, მათი საქმის განხილვაზე არიან ჩასულები ყველანი და არ აქვთ საშუალება განცხადებები აკეთონ, უფრო მნიშვნელოვანია მისახედი“, უთხრეს რადიო თავისუფლებას პარტიის პრესსამსახურში.

პოლიტიკის ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ „ეროვნულ ფორუმს“ აქვს საფუძველი იფიქროს, რომ ძალაუფლების განაწილებისას არასამართლიანად მოექცნენ, თუმცა ასე არ ფიქროს რევაზ შავიშვილი, „ფორუმის“ გენერალური მდივანი:

„ ‘ფორუმს’ არ უზრუნია წილის მიღებაზე. არ დაუყენებია ასე საკითხი. „ფორუმს“ ჰყავს თავისი ექვსი წევრი პარლამენტში. გარდა ამისა, ფორუმელები დაიკავებენ ალბათ ორ ყველაზე მთავარ თანამდებობას - ეროვნული ბანკისა და კონტროლის პალატის თავმჯდომარეებისას. ეროვნული ბანკი და კონტროლის პალატა ცოტა არ არის, ალბათ, არა?“
კოალიციაში შემავალი ყველა პარტია დამოკიდებულია ლიდერზე და არც ერთი არ არის ისეთი, რომელმაც არაფერი არ მიიღო, მაგრამ რას მიიღებენ, ეს არის მთლიანად ბიძინა ივანიშვილზე ...

რევაზ შავიშვილის განცხადების პასუხად, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი თორნიკე შარაშენიძე ამბობს, ყველაფერი ფარდობითიაო, თუმცა ამ ეტაპზე ის კოალიციის დაშლის შესაძლებლობასაც გამორიცხავს:

„პრობლემას ვხედავ არა იმდენად მინისტრთა კაბინეტში, რამდენადაც პარლამენტში. მინისტრთა კაბინეტს აერთიანებს ივანიშვილის ფიგურა, რომლის გარეშეც ბევრი პოლიტიკოსი პოლიტიკაში ვერ მოვიდოდა. სხვაგვარი ვითარებაა პარლამენტში. პარლამენტში ძალთა ბალანსი ისეთია, რომ ნებისმიერი ფრაქცია თუ გამოეყოფა „ოცნებას“, შეეძლება უმრავლესობა შექმნას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად“.

თორნიკე შარაშენიძის თქმით, კოალიციის მდგრადობას დიდწილად კოალიციის ცალკეულ წევრთა დაბალი რეიტინგი და გავლენა განაპირობებს. ფილოსოფოსი გია ნოდიაც ამბობს, რომ კოალიციის მიღმა ვერც ერთი პარტია დამოუკიდებლად გადარჩენას ვერ შეძლებს, რაც, თავის მხრივ, კოალიციის სხეულზე ბზარების გაჩენის წინაპირობას ამცირებს.

„კოალიციაში შემავალი ყველა პარტია დამოკიდებულია ლიდერზე და არც ერთი არ არის ისეთი, რომელმაც არაფერი არ მიიღო, მაგრამ რას მიიღებენ, ეს არის მთლიანად ბიძინა ივანიშვილზე. შეიძლება ისინი უკმაყოფილო არიან (დარწმუნებული ვარ, რომ უკმაყოფილოა ზოგიერთი მათგანი), მაგრამ ხმა არ ამოეღებათ, იმიტომ რომ, რომ ამოიღონ, რას მიიღებენ?“, უთხრა გია ნოდიამ რადიო თავისუფლებას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG