Accessibility links

logo-print

“ნაციონალური მოძრაობა“: დემოკრატია ოცნების ნაცვლად


"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე

"გადავარჩინოთ დემოკრატია საქართველოში“ - ამ მოწოდებით შეიკრიბნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მხარდამჭერები 28 დეკემბერს ვერის საკალათბურთო დარბაზში, საიდანაც საზოგადოებას გიგი უგულავამ და დავით ბაქრაძემ მიმართეს. აქციის ორგანიზატორთა თქმით, თბილისის არჩეული მერისათვის უფლებამოსილების შეჩერება სასამართლოს გადაწყვეტილებით ძირს უთხრის დემოკრატიას და ზიანს აყენებს ქვეყნის განვითარებას.

ვერის საკალათბურთო დარბაზში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა შეკრება დათქმულ დროზე ადრე დაიწყეს, ორი საათისთვის კი სავსე დარბაზის წინაშე წარდგა გიგი უგულავა, რომელსაც 22 დეკემბერს, პროკურატურის მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მერის უფლებამოსილება შეუჩერა. გიგი უგულავამ გამოსვლისას მთავარი პროკურორის ნასამართლობაზეც გაამახვილა ყურადღება:

„ეს დანაშაულია! გუშინ კი ჩვენ ვიხილეთ, რომ ამ დანაშაულის თანამონაწილე არის ქვეყნის პირველი პირი, პრემიერ-მინისტრი, რომელმაც იცოდა, მაგრამ გვითხრა, რომ თურმე ბავშვობაში ჩადენილ დანაშაულს არა უშავს, რა მოხდაო. მითხარით ერთი, 25 წლის მუტრუკი როდის აქეთ გახდა ბავშვი?!“

გიგი უგულავამ ასევე ილაპარაკა ვანო მერაბიშვილის საკნიდან არასანქცირებული გაყვანისა და მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიორგი ვაშაძის თქმით, მთავრობის მიერ ბოლო დროს გადადგმული ეს და სხვა ნაბიჯები - განსაკუთრებით კი არჩეული მერისათვის უფლებამოსილების შეჩერება - ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას:

„დემოკრატიის ფუნდამენტს - არჩევანის უფლებას დაემუქრა საფრთხე. ამ პრეცედენტით მთავრობა გვეუბნება, რომ მნიშვნელობა არ აქვს ხალხი ვის აირჩევს - იქნება ეს მერი თუ გამგებელი, რაზეც ახლა მიდის საუბარი. სასამართლომ შეიძლება პოლიტიკური წნეხის ქვეშ გადააყენოს ისინი თანამდებობიდან. ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ სასამართლო ღამის პირველ საათზე თავისუფალ გადაწყვეტილებას არ იღებს? ვინმეს ეჭვი ეპარება იმაში, რომ არ იყო პოლიტიკური ზეწოლა და ზეგავლენა?!“

გიორგი ვაშაძის მიერ დასმული ამ შეკითხვის პასუხად, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გიგი უგულავასათვის უფლებამოსილების შეჩერება არ ყოფილა პოლიტიკურად მოტივირებული. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო და არა ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ:

„მე არ ვიცი, უნდა გადაეყენებინა თუ არ უნდა გადაეყენებინა. ეს არის თავისუფალი მოსამართლის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. მოვუწოდებ ყველას, - როგორც ოპოზიციას, ასევე სამოქალაქო სექტორს, - რომ კარგად აწონ-დაწონონ და სათანადოდ იმსჯელონ, სანამ შეფასებას გააკეთებენ კონკრეტული მოსამართლის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე. ეს არის პირდაპირი ზეწოლა სასამართლოზე“.

ირაკლი ღარიბაშვილმა ეს განცხადება „რუსთავი 2“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრის ამ ინტერვიუდანაც კარგად ჩანს, რომ მთავრობა ვერ აცნობიერებს პასუხისმგებლობას საზოგადოების მიმართ:

„მთავრობას არანაირად არ ეტყობა, რომ ის მოქმედებს პასუხისმგებლობითა და ანგარიშვალდებულებით საზოგადოების წინაშე. ღარიბაშვილის ინტერვიუმ მძიმე შთაბეჭდილება დამიტოვა. ის უყურებს მხოლოდ რიცხვებს: ჯერჯერობთი ოცნებას აქვს მაღალი რეიტინგი და პრემიერიც მიიჩნევს, რომ არანაირი საჭიროება იმისა, რომ გაითვალისწინოს, ვთქვათ, საპარლამენტო უმცირესობის, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ან არასამთავრობო ორგანიზაციების აზრი, არ არსებობს. ეს ნამდივლად არ მიიყვანს ამ მთავრობას ნორმალურ პოლიტიკურ შედეგებამდე და არც ქვეყანას იქამდე, საითაც გვინდა რომ ვიაროთ“.

აქციის ორგანიზატორთა თქმით, საპროტესტო შეკრებები სამომავლოდაც გაგრძელდება, თუმცა, როგორც დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი ამბობს, პარტია ასევე აპირებს სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანას. მისივე თქმით, პრაქტიკულად წინასაარჩევნო კამპანია დაწყებულია, „ხელისუფლებამ უკვე გახსნა ცეცხლი“ და სასამართლოს დახმარებით ცდილობს თავის კანდიდატს ჩამოაშოროს ყველაზე ძლიერი კონკურენტი გიგი უგულავას სახით, თუმცა „ნაციონალების“ კანდიდატის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას წინ ვერაფერი დაუდგება. მოქმედი კანონმდებლობით, წინასწარი პატიმრობაც კი არ წარმოადგენს გადაულახავ წინაღობას არჩევნებში მონაწილეობისათვის. ვერის პარკში გამართული შეკრების შემდეგ აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირით მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG