Accessibility links

logo-print

ნატოს სარდლობა ავღანეთის ხელისუფლების ბრალდებას უარყოფს


ნატოს სამხედრო მისია ავღანეთში

ნატოს სამხედრო მისია ავღანეთში

ავღანეთში ნატოს ძალების წარმომადგენლის, გენერალ გიუნტერ კაცის თანახმად, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ავღანეთის მხარის ბრალდება, თითქოს აშშ-ის სპეცდანიშნულების ნაწილს ვარდაკის პროვინციაში დანაშაული ჩაედინოს.

კვირას ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ თავდაცვის სამინისტროს დაავალა, ორი კვირის განმავლობაში გაიყვანონ აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმები ამ ქვეყნის ცენტრალური - ვარდაქისა და ლოგარის - პროვინციებიდან. დავალება სამინისტროს წარმომადგენლებს გადაეცათ უშიშროების საბჭოს 24 თებერვლის სხდომაზე. ავღანეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი შერ მუჰამედ ქარიმი, 24 თებერვალს „როიტერსს“ პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის შესაბამისი ბრძანების შინაარსზე ესაუბრა:

„უმთავრესი მიზეზი ამ არეალში სპეცდანიშნულების ძალების მოქმედებით უკმაყოფილებისა ხალხის დაშინება, ხალხის წამება და დახოცვაა. გამოითქმის ბრალდება, რომ გაუჩინარებულია 9 ადამიანი, რომ ისინი სპეცდანიშნულების ძალებმა წაიყვანეს და მათი ადგილსამყოფელი არავინ იცის.“

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის აპირებენ საერთაშორისო ძალების წარმომადგენლები და ავღანეთის ხელისუფლება ამ მგრძნობიარე პოლიტიკურ თემაზე სალაპარაკოდ შეხვედრას. მანამდე კი ავღანეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა შერ მუჰამედ ქარიმიმ კიდევ ერთხელ გაიხსენა ისტორია, რის გამოც ავღანეთის ხელისუფლებამ აშშ-ის სპეცდანიშნულების ნაწილების ვარდაქის პროვინციიდან გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, ქარიმის თანახმად, ვარდაქში ისლამისტი ექსტრემისტების წინააღმდეგ ჩატარებული ერთ-ერთი სპეცოპერაციის შემდეგ ცხრა ადამიანი დაიკარგა:
ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ყველანაირ ბრალდებას არამართლზომიერი ქმედებების შესახებ და ბევრ დროს ვახმართ ამ ბრალდების ირგვლივ არსებული ყველა ფაქტის გამოძიებას...

„იმის დასადგენად, თუ ვინ ჩაიდინა ეს, ერთ-ერთი საშუალება ის არის, რომ ამ ხალხმა საერთოდ შეწყვიტოს ოპერაციები. ამიტომ გაცემულია განკარგულება და ინსტრუქცია ავღანეთის ეროვნული უშიშროების მიერ, რომ სპეცდანიშნულების ძალებმა ორი კვირის განმავლობაში დატოვონ ვარდაქის პროვინცია.“

თუმცა ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციური ძალების სარდლობა უარყოფს ბრალდებას სპეცდანიშნულების ძალების მიერ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ. ამ თემაზე რადიო თავისუფლების ავღანურმა სამსახურმა ნატოს სპეციალური წარმომადგენლის, გენერალ კიუნეს კაცის კომენტარი მოიპოვა.

„ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ყველანაირ ბრალდებას არამართლზომიერი ქმედებების შესახებ და ბევრ დროს ვახმართ ამ ბრალდების ირგვლივ არსებული ყველა ფაქტის გამოძიებას. რამდენიმე კვირის წინ სხვადასხვანაირი ბრალდება გამოითქვა იმაზე, თუ როგორ არაპროფესიულად მოქმედებდნენ სპეციალური ძალის წარმომადგენლები ვარდაქის მოედანზე. მაგრამ აქამდე ჩვენ ვერ მოვიძიეთ მტკიცებულებები, რომლებიც ამ ბრალდებას დაადასტურებდნენ “, - განაცხადა გენერალმა კაცმა.

ნატოს ძალების წარმომადგენლის თანახმად, სხვა კომენტარს ისინი არ გააკეთებენ მანამ, სანამ ISAFI-ს სარდლობა ავღანეთის მთავრობას არ შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ, ბოლო ექვს წელიწადში პირველად, ავღანეთის სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლმა შემცირება იწყო. გაეროს მიერ 18 თებერვალს გავრცელებული ანგარიშის თანახმად, ავღანეთში მოწყობილ თავდასხმათა 80 პროცენტის უკან თალიბანი დგას.
XS
SM
MD
LG