Accessibility links

ავღანეთის უსაფრთხოების დაფინანსებაში წვლილს საქართველოც შეიტანს


ჩიკაგოში მუშაობა დაასრულა ნატოს ორდღიანმა სამიტმა

ჩიკაგოში მუშაობა დაასრულა ნატოს ორდღიანმა სამიტმა

ნატოს ჩიკაგოს სამიტმა, რომელიც 21 მაისს დასრულდა, საქართველოს დელეგაციას თავდაჯერებულობა შეჰმატა. სამიტის დეკლარაციაში ალიანსის წევრებმა გაიმეორეს ადრინდელი გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, შეაქეს საქართველო წარმატებული რეფორმებისათვის, ხაზი გაუსვეს 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარების მნიშვნელობას და საქართველოს უწოდეს „გაწევრიანების მაძიებელი ქვეყანა“, რომელსაც სხვა ასპირანტ სახელმწიფოებთან ერთად დიდი წვლილი შეაქვს ნატოს სარდლობით მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში. საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში ხაზი გაუსვა ტერმინ „ასპირანტის“ მნიშვნელობას:

„ფაქტიურად ეს ერთგვარ იდიომად იქცა. პირდაპირი თარგმანი იქნებოდა ალბათ, ქვეყანა, რომელიც მიისწრაფის ნატოში გაწევრიანებისაკენ, მაგრამ ეს დატვირთვა ნატოში სულ სხვა შინაარსს იძენს, რადგან ამ სიტყვის ქოლგის ქვეშ გაერთიანდა ის ოთხი ქვეყანა, რომელთა მიმართაც ნატოში აზრი პრაქტიკულად არის ჩამოყალიბებული, რომ ეს ქვეყნები გახდებიან ნატოს წევრები“, - აღნიშნა ბარამიძემ.

სამიტის ბოლო დღეს საქართველოს დელეგაციამ რამდენიმე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო ავღანეთის ირგვლივ ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების ლიდერთა დახურულ შეხვედრას; ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მონაწილეობა მიიღო ნატოს წევრი ქვეყნებისა და ე.წ. ნატოს ასპირანტების „შორტ-ლისტში“ შემავალი ოთხეულის - ბოსნია-ჰერცეგოვინის, ჩერნოგორიის, მაკედონიისა და საქართველოს - საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების შეხვედრაში. ყველა შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს წვლილს გლობალურ უსაფრთხოებაში, რაც უწინარესად ავღანეთის ოპერაციაში აქტიური მონაწილეობით გამოიხატება. თუმცა, როგორც ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ გვითხრა, ეს წვლილი მხოლოდ სამხედრო ელემენტით არ შემოიფარგლება: საქართველო მოკრძალებულ ფინანსურ წვლილსაც შეიტანს ავღანეთის უშიშროების დასაფინასებლად შექმნილ საერთაშორისო ფონდში.

„ჩვენ რაც შეგვიძლია - პატარა და ჯერ კიდევ ღარიბ ქვეყანას, ჩვენს მოკრძალებულ წვლილს შევიტანთ საერთო უსაფრთხოებაში“, - თქვა ბარამიძემ. – „ეს იქნება ათეულ მილიონზე ბევრად ნაკლებიც, რადგან ფინანსურზე განუზომლად დიდი სამხედრო კონტრიბუცია შეგვყავს და, ფაქტიურად, ვაორმაგებთ ავღანეთში. ეს ყველაფერი ძალაშია. ჩვენ ვართ მომხრე პრინციპისა: ‘ერთად შესვლა და ერთად გამოსვლა’, და ამას ნატოში ძალიან აფასებენ.“

ნატოს ჩიკაგოს სამიტის დეკლარაციაში ალიანსის წევრმა ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდეს რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება; იკისროს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, როგორც ეს ცალმხრივად გააკეთა საქართველომ. თუმცა, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, გაითვალისწინებს თუ არა ნატოს რეკომენდაციას რუსეთი, რომელიც ჩიკაგოში მხოლოდ საგარეო უწყების ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელით იყო წარმოდგენილი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG