Accessibility links

ნატო ევროკავშირს: დავეხმაროთ უკრაინას, მოლდავეთსა და საქართველოს


ნატოს გენერალური მდივანი მხარს უჭერს ალიანსისა და ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავებას და, მათ შორის, რუსეთის აგრესიის სამიზნე პარტნიორი ქვეყნების დახმარების კუთხითაც. ამ შინაარსის განცხადებები იენს სტოლტენბერგმა გააკეთა ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტისა და უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის სხდომაზე. უკრაინასა და მოლდავეთთან ერთად დასახელდა საქართველოც.

ნატოსა და ევროკავშირის თანამშრომლობას აქამდეც მეტად მნიშვნელოვან საჭიროებად მიიჩნევდა, მაგრამ, იენს სტოლტენბერგის აზრით, ახლა ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, უსაფრთხოების გარემოს ძირეული ცვლილებების ფონზე. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი დარწმუნებულია, რომ ახალი საფრთხეები და გამოწვევები ემუქრება როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირს, რადგანაც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ევროკავშირის 22 ქვეყანა ნატოს წევრიც არის.

ევროპარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე, საფრთხეებისა და გამოწვევების კონტექსტში, ხაზი გაესვა რუსეთის მცდელობას სამხედრო ძალით შეცვალოს მეზობელი ქვეყნის საზღვრები და მოახდინოს მისი ტერიტორიების ანექსია. ძირითადად სწორედ რუსეთისგან მომავალი საფრთხეების ჭრილში ხედავს იენს სტოლტენბერგი ნატოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის ახალ პოტენციალს და აქ ის, აღმოსავლეთის სხვა პარტნიორებთან ერთად, საქართველოსაც ახსენებს:

საქართველოში ჩვენ ვქმნით ერთობლივ საწვრთნელ ცენტრსა და თავდაცვითი პოტენციალის განვითარების სკოლას, რა მიზნითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მივავლენთ ექსპერტებს...

„ქვეყნები, როგორიც არის უკრაინა, მოლდავეთი და საქართველო, არიან ნატოს პარტნიორები და თანამშრომლობენ ევროკავშირთან. სამივე ქვეყანამ აირჩია გზა ევროპისკენ, ისინი იზიარებენ ჩვენსღირებულებებს და ჩვენ ძალიან მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ მათთან. სამივე ქვეყანა განიცდის წნეხს რუსეთისგან. ამიტომ უნდა დავეხმაროთ მათ, გავაძლიეროთ მათი შესაძლებლობები, რათა გაუმკლავდნენ დაშინებას რუსეთის მხრიდან“.

სწორედ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების პერსპექტივად განიხილება საქართველოსთვის უელსის სამიტზე მინიჭებული „არსებითი პაკეტი“, რომელიც, სხვა გეგმებთან ერთად, საქართველოში ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის ამოქმედებასაც გულისხმობს. როგორც 30 მარტს განაცხადა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ, „არსებითი პაკეტით“ გათვალისწინებული გეგმების შესრულების პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ორშაბათს, ონლაინ პრესკონფერენციის მსვლელობისას, მან საქართველოს მიერ თავდაცვითი საშუალებების მოძიების შესაძლებლობაზეც გააკეთა აქცენტი:

„საქართველოში ჩვენ ვქმნით ერთობლივ საწვრთნელ ცენტრსა და თავდაცვითი პოტენციალის განვითარების სკოლას, რა მიზნითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მივავლენთ ექსპერტებს. პარტნიორების ჩართულობით ნატოს წვრთნა საქართველოში ამ წელს ჩატარდება. არსებითად, ეს იქნება მეტი ნატო საქართველოში – როგორც ხედვის ჩამოყალიბების, ასევე კონკრეტული დახმარების კუთხით. თუკი ცალკეული ქვეყნები გადაწყვეტენ საქართველოს დახმარებას ორმხრივ ფორმატში, აღჭურვილობის მიწოდებისა თუ წვრთნის თვალსაზრისით, ეს მხოლოდ შეავსებს ნატოს ძალისხმევას“.

თავის გამოსვლაში ამ დეტალებზე არ უსაუბრია ნატოს გენერალურ მდივანს 30 მარტს, ევროპარლამენტში სტუმრობის დროს. სამაგიეროდ, მან თქვა, რომ მართალია, ნატო და ევროკავშირი განსხვავებული პროფილის სტრუქტურებია, ისინი საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს ემსახურებიან და სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით ეხმარებიან პარტნიორებს. ნატოს გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ ეს დახმარება ნაყოფს აღმოსავლეთის პარტნიორობის რიგის სამიტზე გამოიღებს.

პირველ რიგში, ალბათ, უნდა დაეხმარონ იარაღით, – თავდაცვითი იარაღი უნდა მიაწოდონ ამ ქვეყნებს, – უნდა მისცენ საშუალება, რომ შეისყიდონ ის, რაც მათთვის აუცილებელია და რასაც უსასყიდლოდ ვერ გადასცემენ მათ... მეორე, ეს არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მხარდაჭერა და მეტი ჩართულობა...

საქართველოს უახლოესი მომავლის მთავარი იმედი სწორედ რიგის სამიტს უკავშირდება. ქვეყანა მოელის, რომ მაისში ის ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ნებართვას მიიღებს. როგორც ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერმა ივანე ჩხიკვაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა საქართველომ პრაქტიკულად შეასრულა და მოსალოდნელია, რომ მალე დადებით შეფასებასაც მიიღებს ევროკომისიის მხრიდან, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. რიგის სამიტზე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები, რის მიმართაც, ივანე ჩხიკვაძის თქმით, ამ ეტაპზე შენგენის ზონის ქვეყნებს შორის კონსენსუსი არ არსებობს და, შესაბამისად, ამ მიმართულებით რიგის სამიტამდე აქტიური მუშაობის გაგრძელებაა საჭირო. ჩვენი რესპონდენტის აზრით, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭება ევროკავშირის მხრიდან ნათელი სიგნალი იქნებოდა რუსეთისთვის, რომ ბრიუსელი ყურადღებას არ ადუნებს პარტნიორების მისამართით.

ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის უფლების მონიჭების გარდა, ევროკავშირისა და ნატოს თანამშრომლობის გამოვლინებად სხვა სახის დახმარებასაც ისურვებდა ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი:

„პირველ რიგში, ალბათ, უნდა დაეხმარონ იარაღით, – თავდაცვითი იარაღი უნდა მიაწოდონ ამ ქვეყნებს, – უნდა მისცენ საშუალება, რომ შეისყიდონ ის, რაც მათთვის აუცილებელია და რასაც უსასყიდლოდ ვერ გადასცემენ მათ... მეორე, ეს არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მხარდაჭერა და მეტი ჩართულობა; რუსეთისთვის მინიშნება და მითითება, რომ ისინი მზად არიან რეალურად დაიცვან ეს ქვეყნები მინიმუმ ისევე, როგორც დაიცვეს უკრაინა ამ ომის დროს... სანქციები და ისეთი მასშტაბური პოლიტიკური ზეწოლა, როგორიც უკრაინის შემთხვევაში განახორციელეს, საქართველოს მიმართ აგრესიის დროს არ ყოფილა“.

როგორც კახა გოგოლაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, რომ რუსეთი რეალურ საფრთხეს წარმოადგენს უკრაინის, მოლდავეთისა და საქართველოსთვის და ნატოს გენერალური მდივნის მოწოდებებიც ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ.

XS
SM
MD
LG