Accessibility links

logo-print

ნატომ საქართველოს მიულოცა ევროპასთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება


ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში (3 დეკემბერი)

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში (3 დეკემბერი)

3 დეკემბერს ნატოს ბრიუსელის შტაბ-ბინაში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრით გაიხსნა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. დღის წესრიგის მთავრი საკითხია ნატოს თაოსნობით მოქმედი სამხედრო დახმარება ავღანეთისათვის, რაც საფრთხის ქვეშ დგას. 4 დეკემბერს კი ბრიუსელშივე გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის მორიგი სხდომა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე. სამშაბათს ფანჯიკიძე დახურულ კარს მიღმა შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჯონ კერის. დღესვე ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოსა და მოლდავეთს მიულოცა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება.

3 დეკემბერს, ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოსა და ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ, ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ტრადიციული ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს მოკლედ გააცნო მინისტერიალის დღის წესრიგი. ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხია ავღანეთში 2014 წლის შემდეგ საერთაშორისო სამხედრო და ფინანსური დახმარების გაგრძელება, რასაც, რასმუსენის თქმით, საფრთხე დაემუქრება, თუ პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი დროულად არ მოაწერს ხელს შესაბამის შეთანხმებას.

„2014 წლის შემდეგ უსაფრთხოების ძალებისათვის ავღანეთში ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი წვრთნის, კონსულტაციისა და დახმარების მისიის გასაგზავნად, აუცილებელია საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება. მომდევნო კვირების განმავლობაში ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ავღანეთის მთავრობასთან ამ პრობლემის გადასაჭრელად. მაგრამ აშკარაა, რომ თუ არ გაფორმდა საკანონმდებლო შეთანხმება, არ მოხდება მისიის გაგზავნა და საფრთხე შეექმნება დაგეგმილი დახმარების განხორციელებას“, განაცხადა რასმუსენმა.

ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი

ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი

ნატოსა და უსაფრთხოების საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილე პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ავღანეთზე 4 დეკემბერსაც იმსჯელებენ. ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე. საქართველოს ავღანეთში 1550 ჯარისკაცი ჰყავს და ამ მაჩვენებლით მეხუთე ადგილზეა აშშ-ის გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის შემდეგ. საქართველო მომავალშიც აპირებს ნატოს ოპერაციებში მონაწილეობას, რაც ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის თქმით, ალიანსის მხრიდან ჯეროვან შეფასებას იმსახურებს.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს წვლილს ISAF-ის ოპერაციაში და იმ მისიაში, რომელიც ავღანეთში სამომავლოდ იგეგმება“, თქვა აპატურაიმ რადიო თავისუფლებასთან საუბარში. – „ვაფასებთ საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებას, 2015 წელს და, შესაძლოა, შემდეგაც, მიიღოს მონაწილეობა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში. ვაპირებთ, ვისაუბროთ საქართველოსთან თანამშრომლობაზე რეფორმების კუთხით. დარწმუნებული ვარ, ყველა ქართველმა იცის, რომ ნატოს საქართველოში აქვს ოფისი, რომელიც სულ უფრო იზრდება და ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რათა დავეხმაროთ საქართველოს პრიორიტეტული სფეროების რეფორმებში. ვაპირებთ, მხარი დავუჭიროთ თავდაცვის სამინისტროს საქმიანობას და მისი გამჭვირვალე მართვის, მასში შემავალი სამოქალაქო სამსახურების მუშაობის გაუმჯობესებას.“

ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრაზე, 4 დეკემბერს, შეაფასებენ საქართველოს მიერ ეროვნული ყოველწლიური პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოს. 3 დეკემბერს კი ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა წარმატებული უწოდა საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და საქართველოსა და მოლდავეთს მიულოცა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება. შემდეგ რასმუსენი ნატო-საქართველოს კომისიის მომავალ სხდომასაც შეეხო: „მინისტრ ფანჯიკიძესთან ერთად გავმართავთ ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრას, რომელზეც ვიმსჯელებთ იმაზე, როგორ განვავითაროთ ჩვენი შემდგომი ურთიერთობა საქართველოში წარმატებით ჩატარებული არჩევნების შემდეგ. მივესალმები საქართველოს მკაფიო გადაწყვეტილებას და მისწრაფებას, განაგრძოს რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა. და მივესალმები გასულ კვირაში ვილნიუსში საქართველოსა და მოლდავეთის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებას. ნატოს პოზიცია ძალიან მკაფიოა – ნებისმიერ დამოუკიდებელ ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს თავისი გზა და გაწევრიანდეს მისთვის სასურველ ორგანიზაციაში. ჩვენი მიზანია საერთო ფასეულობებზე დაფუძნებული თავისუფალი, მთლიანი და მშვიდობიანი ევროპა“.

აშშ-ისა და საქართველოს საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების, ჯონ კერისა და მაია ფანჯიკიძის შეხვედრა ბრიუსელში (3 დეკემბერი).

აშშ-ისა და საქართველოს საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების, ჯონ კერისა და მაია ფანჯიკიძის შეხვედრა ბრიუსელში (3 დეკემბერი).

რასმუსენის გარდა, საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას მიესალმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, რომელიც 3 დეკემბერს დახურულ კარს მიღმა შეხვდა თავის ქართველ კოლეგას.

„ამერიკულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებას მალე მოეწერება ხელი, ამუშავდება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, რაც ახალ იმპულსს მისცემს სავაჭრო დიალოგს ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. - „ვისაუბრეთ იმ შესაძლო წნეხზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს რუსეთის მხრიდან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებიდან ხელმოწერამდე და, საერთოდ, მომავალ წელზე, რომელიც არის ძალიან დატვირთული მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებით“.

ნატოს ჩდილოატლანიკური საბჭოსა და საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრის დასრულების შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა გამართა პრეს-კონფერენცია და კვლავ დაგმო უკრაინაში გადაჭარბებული ძალის გამოყენება და მოუწოდა მხარეებს, თავი შეიკავონ ძალადობისაგან. შეკითხვაზე, დაპატიჟებენ თუ არა ნატოს მომავალ სამიტზე საქართველოს ალიანსის გაწევრიანების სამოქმედო პროგრამაში, ანდერს ფოგ რასმუსენმა თქვა, რომ სამიტის დღის წესრიგი ბოლომდე არ არის შემუშავებული: „დღეს ჩვენ ვისაუბრეთ სამიტის ზოგად თემებზე, ზუსტი დღის წესრიგი ჯერ არ გადაგვიწყვეტია. ასე რომ, ჯერჯერობით ნაადრევია იმის თქმა, სამიტზე ზუსტად რა ზომებს გავატარებთ ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით. ეს ჯერ კიდევ გასაკეთებელია, წინ ჯერ ცხრა თვეა.“

ნატოს მომავალი სამიტი 2014 წლის სექტემბერში გაიმართება უელსში. ხოლო 4 დეკემბერს ალიანსის მინისტერიალის ბოლო დღე ჯერ ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომით გაიხსნება, შემდეგ კი ალიანსის საგარეო საქმეთა მინისრები ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებენ მონაწილეობას. ნატო-საქართველოს კომისიის დასრულების შემდეგ ანდერს ფოგ რასმუსენი და მაია ფანჯიკძიე ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
XS
SM
MD
LG