Accessibility links

logo-print

რუსეთ-საქართველოს თემა ნატოს სემინარზე


ნატოს და საქართველოს დროშა

ნატოს და საქართველოს დროშა

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა მსჯელობის საგანი იყო 30 აპრილს სასტუმრო ”ქორთი-იარდ მერიოტში” ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ”როუზ-როსის სემინარის” მეორე დღის ფარგლებში. რამდენად სასურველ კალაპოტში ვითარდება პროცესები, რამდენად შედეგიანია რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის დაწყებული პირდაპირი დიალოგი და შერბილდა თუ არა მიდგომები რუსეთის, როგორც საფრთხის, მიმართ? ამ საკითხების გარშემო კვლავაც აზრთა სხვადასხვაობაა ძველი და ახალი ხელისუფლების რიგებში.

ცხადია, რომ სემინარი, სახელწოდებით ”სამხრეთ კავკასია: გეოპოლიტიკა, ევროინტეგრაცია და შიდა გამოწვევები” გვერდს ვერ აუვლიდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების თემას. სხვადასხვა საკითხზე მსჯელობის პროცესში სემინარის მონაწილეებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ რუსეთი ხელს ვერ შეუშლის საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და ეს ჟურნალისტებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჰიუ ბეილიმაც განუცხადა, თუმცა ანალიტიკოსების არცთუ მცირე ნაწილი საპირისპირო აზრზეა. ისინი ფიქრობენ, რომ რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობის რეალურ გაუმჯობესებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუკი საქართველო უარს იტყვის ნატოზე.

რაც შეეხება ამ ფონზე ორი ქვეყნის ურთიერთობას, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა საქართველოს არანაირად არ წარმოუდგენია მანამდე, ვიდრე მას არ დაუბრუნდება რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები. ეს რომ ასე იქნება, სხვადასხვა დროს არაერთხელ აღუნიშნავთ საქართველოს როგორც ძველი, ასევე ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს. თუმცა აზრთა სხვადასხვაობას იწვევს რუსეთთან სხვა სახის ურთიერთობების გაუმჯობესების პერსპექტივები. მაგალითად, როგორც საქართველო-რუსეთის ურთიერთობის საკითხში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აღნიშნავს, რომელმაც სამშაბათს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარის მონაწილეებსაც მიმართა, გარკვეულ შედეგებზე უკვე შეიძლება ლაპარაკი:

ეს გახლავთ გარკვეული წინსვლა ქართული პროდუქციის დაბრუნების თვალსაზრისით რუსულ ბაზარზე...
”კერძოდ, ეს გახლავთ გარკვეული წინსვლა ქართული პროდუქციის დაბრუნების თვალსაზრისით რუსულ ბაზარზე. ჩვენი საზოგადოება კარგად არის ინფორმირებული, რომ საკმაოდ პროდუქტიულად ვიმუშავეთ ამ თვალსაზრისით და საკმაოდ სწრაფად გადაიდგა პრაქტიკული ნაბიჯები არსებული ბარიერების მოსახსნელად. გარკვეული სატრანსპორტო წინაღობები მოგვარდება, მხედველობაში მაქვს ყაზბეგი-ზემო ლარსის გამშვები პუნქტი, რომელიც 1 ივნისიდან დაიწყებს 24-საათიან რეჟიმში ფუნქციონირებას. ეს საჭიროა იმისათვის, რომ ჩვენი ექსპორტი გავიდეს უმოკლესი გზით”.

ზურაბ აბაშიძის თქმით, თურქეთი დაინტერესებულია, რომ 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადისთვის დიდი მასშტაბის ტვირთი გადაზიდოს საქართველოს ტერიტორიის გავლით და ეს ინტერესიც სწორედ ყაზბეგი-ზემო ლარსის საკონტროლო გამშვებ პუნქტს უკავშირდება. გარდა ამისა, 4-5 ივნისს, როცა პრაღაში გაიმართება ზურაბ აბაშიძის მორიგი შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან, საუბარი შეეხება გარკვეული კატეგორიის საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შესაძლო შემსუბუქებასაც. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, როგორც ოფიციალურმა პირმა, უკომენტაროდ დატოვა სემინარის კიდევ ერთი გამომსვლელის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის და აწ უკვე მე-3 სექტორის წარმომადგენლის გიორგი კუნაძის კომენტარები იმასთან დაკავშირებით, რომ ნატოში გაწევრიანება ვერ გადაწყვეტს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემებს.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ”როუზ-როსის" სემინარი თბილისში

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ”როუზ-როსის" სემინარი თბილისში

კუნაძის გამოსვლა უკომენტაროდ არ დარჩენია ”ნაციონალურ მოძრაობას”. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობის ერთიანი სტრატეგია არ გააჩნია. მისი შთაბეჭდილებით, თბილისს აქვს სურვილები, რასთან დაკავშირებითაც სკეპტიკურად არის განწყობილი საერთაშორისო თანამეგობრობის ”გამოცდილი ნაწილი”.

”როგორც რუსეთის წარმომადგენელმა აქ თქვა, რუსეთისთვის მთავარ გამაღიზიანებელ ფაქტორად რჩება საქართველოს სწრაფვა ნატოში. ჰოდა, ახლა, აი, ამ დილემიდან ბორჯომით და ვაშლებით და მსხლებით როგორ უნდა გამოვიდეს ახალი ხელისუფლება, მე ვერ წარმომიდგენია. თუ უარს იტყვის ნატოზე, რისი ეჭვებიც გვაქვს ხოლმე, მიუხედავად იმისა, რა საპარლამენტო დეკლარაციას მივიღებთ, მაშინ ეს ისეთი ფასი იქნება, რომ არაფერს ფასი აღარ აქვს მერე - არც ვაშლს და არც მსხალს. წავა ამაზე ახალი ხელისუფლება?”
საქართველოს ახალი მთავრობა ნატოზე უარის თქმას არ აპირებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა სემინარის პირველ დღეს, ნატო ქართველი ხალხის კარგად გააზრებული არჩევანია და ”ქართველი ხალხის ამ ნებას ვერც ერთი ხელისუფლება ვერ უგულებელყოფს, ვერ გადაუხვევს ამ გზიდან”.

გაჩენილი ახალი რეალობა და მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან - სავაჭრო, ჰუმანიტარულ თემებზე - აჩენს იმედს, რომ მომავალში რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პერსპექტივა არსებობს. მეტი არაფერი არ დამატებია ამ დოკუმენტს...
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში აუცილებლად უნდა აღინიშნოს ბოლო პერიოდის კიდევ ერთი მწვავე საკამათო თემა, რაც საქართველოს „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის“ დოკუმენტს უკავშირდება. აქვე ვთქვათ, რომ „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა“ თავდაცვის მიმართულების განვითარების პროცესში მთავარ სახელმძღვანელო დოკუმენტს წარმოადგენს, სადაც გაწერილია საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების ძირითადი მიმართულებები 2017 წლამდე.

”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მტკიცებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ დოკუმენტში, რომლისთვისაც ჯერჯერობით პრეზიდენტს ხელი არ მოუწერია, რუსეთი აღარ არის მოხსენიებული საფრთხედ საქართველოსთვის. ასეთ რადიკალურ ცვლილებას უარყოფს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. მან ეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარზე გამოსვლისასაც თქვა და ცალკე ჟურნალისტებსაც განუმარტა, რომ დოკუმენტში, რომელზე მუშაობაც ძველმა ხელისუფლებამ დაიწყო და ახალმა დაამთავრა, მხოლოდ ბოლო პერიოდის პროცესი აისახა:

”აქ დაემატა პატარა პოსტულატი, რომელიც საუბრობს იმაზე, რომ გაჩენილი ახალი რეალობა და მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან - სავაჭრო, ჰუმანიტარულ თემებზე - აჩენს იმედს, რომ მომავალში რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პერსპექტივა არსებობს. მეტი არაფერი არ დამატებია ამ დოკუმენტს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საფრთხეების შეფასება არის იგივე, რაც ადრე იყო”.

ირაკლი ალასანიას მიაჩნია, რომ რუსეთ-საქართველოს ბოლო პერიოდის ურთიერთობებში ”ფრთხილი ოპტიმიზმის” საფუძველი გამოიკვეთა და რომ ამ პროცესში საქართველომ მეტი გონიერება უნდა გამოიჩინოს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG