Accessibility links

”საქართველო პრაქტიკულად ამოვიყვანეთ ჩვენი რეგიონიდან და გადავსვით ბალკანეთის რეგიონში”, - ამის შესახებ ნატოს ჩიკაგოს სამიტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოსთან ერთად ნატოს ასპირანტად ჩამოთვლილი ბალკანეთის 3 ქვეყანა ალიანსში ყველა შემთხვევაში გაწევრიანდება. მაკედონიასთან, მონტენეგროსა და ბოსნია და ჰერცოგოვინასთან ერთად საქართველოს დასახელებას პრეზიდენტმა სააკაშვილმა სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდა. მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა და სხვა გამომსვლელებმაც აღნიშნეს, რომ ნატოს შემდეგი სამიტი ალიანსის გაფართოების სამიტი იქნება. ”ალბათ, შემდეგი სამიტი იქნება 2014 წელს და ვფიქრობ, საქართველოს აქვს ძალიან მაგარი შანსები. არასდროს არ ვყოფილვარ ასე დარწმუნებული ამაში, როგორც ახლა”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, ”თუ საქართველოს პროგრესი ასე გაგრძელდა, და აუცილებლად გაგრძელდება, აუცილებლად ვიქნებით უმაგრეს ფორმაში იმ სამიტისთვის, როცა უკვე ძალიან ძნელი იქნება ახსნა იმისა, საქართველოს რატომ აღარ იღებენ ნატოში.”

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს ინფორმაციას ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენისა და საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ამ ცნობის თანამხმად, ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და აღნიშნა, რომ საქართველო ერთადერთი პარტნიორი ქვეყანაა, რომელიც ამ სამიტზე სამივე პარტნიორულ ღონისძიებას ესწრებოდა. ”კიდევ ერთხელ, მინდა დავადასტურო ის, რაც ნატომ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე გადაწყვიტა - საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი" - თქვა რასმუსენმა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG