Accessibility links

საქართველოს ”უზარმაზარ” პროგრესზე და მოახლოებული არჩევნების სახით ჩასაბარებელ მნიშვნელოვან გამოცდაზე ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ 11 ივნისს ილაპარაკა თბილისში. ის ნატოს კვირეულის გახსნასთან დაკავშირებით ჩამოვიდა საქართველოში, თუმცა ამ ვიზიტის ფარგლებში ასევე შეჯამდება ნატოს ჩიკაგოს სამიტის შედეგები და ქვეყნის სამომავლო ამოცანები.

ნატოს კვირეული, რომელიც 11 ივნისს სასტუმრო ”ქორთი იარდ მერიოტში” გამართული კონფერენციით გაიხსნა, ალიანსის საქმიანობის შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირებას ისახავს მიზნად, თუმცა კონფერენციის კარი დახურული იყო მედიისთვის. შესაბამისად, უცნობია, თუ რაზე ისაუბრა კონფერენციაში მონაწილე პარლამენტის წევრების, მესამე სექტორის, ექსპერტებისა თუ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ფართო წარმომადგენლობამ. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრაზე უნდა შეჯამებულიყო 20-21 მაისს ჩიკაგოში გამართული ნატოს სამიტის შედეგები და ყველა ის საკითხი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს სამომავლო ინტეგრაციას ნატოში.

ჩვენ ვიმსჯელეთ იმ სამომავლო გეგმებზე და ამოცანებზე და რეფორმებზე, რაც უნდა განახორციელოს ჩვენმა ქვეყანამ ...
ნატოს კვირეულის გახსნილად გამოცხადებამდე და დახურულ კარს მიღმა გამართული კონფერენციის დაწყებამდე ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი პირისპირ შეხვდა საქართველოს ვიცე-პრემიერს გიორგი ბარამიძეს და პირველი კომენტარებიც სწორედ ამის შემდეგ გაკეთდა. ბარამიძის თქმით, მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, საქართველომ ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში ”ნაბიჯი გადადგა წინ ნატოში გაწევრიანების გზაზე”, თუმცა ქვეყანა მიღწეულით არ კმაყოფილდება:

”ჩვენ ვიმსჯელეთ იმ სამომავლო გეგმებზე და ამოცანებზე და რეფორმებზე, რაც უნდა განახორციელოს ჩვენმა ქვეყანამ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე (ჩვენ გვესმის, რომ ეს არ იქნება ერთ და ორ თვეში, მაგრამ რაც შეიძლება მალე) საქართველომ საბოლოოდ მიაღწიოს თავის სანუკვარ მიზანს და საბოლოოდ გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი.”

როგორც ვიცე-პრემიერი ამბობს, საამაყოა, რომ, ბოლო გამოკითხვებით, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მოსახლეობის დაახლოებით 81 პროცენტი უჭერს მხარს და რომ ვერც ერთი სერიოზული პოლიტიკური პარტია ვერ გაუკეთებს იგნორირებას ხალხის ამ ძლიერ ნებას. ბარამიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ალიანსისკენ სწრაფვას საქართველოში მხარს მხოლოდ მისი პოლიტიკური გუნდი - ”ნაციონალური მოძრაობა” - არ უჭერს და რომ ნატოში გაწევრიანების იდეას, მართალია, სხვადასხვა ”ენთუზიაზმით”, მაგრამ პრაქტიკულად ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია - მათ შორის, ოპოზიციური პარტიებიც - ემხრობიან.

ხალხის ამ ნებას ნატო დიდ მნიშვნელობას რომ ანიჭებს, ამის შესახებ თავად ჯეიმს აპატურაიც ლაპარაკობს და, ამასთან, ის ”უზარმაზარს” უწოდებს საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს ნატოს სტანდარტებთან დაახლოების გზაზე. თუმცა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, ყოველ ახალ დღეს ახალი გამოცდა მოაქვს და ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ იჩენს თავს მოახლოებული არჩევნების თემა:

ჯეიმს აპატურაი

ჯეიმს აპატურაი

”მომავალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები კიდევ ერთი ტესტია და დასამალი არ არის, რომ - ტესტია. ვიცი, რომ მთავრობა აღიარებს ამას და ვფიქრობ, მეტად ბრძნული სვლა იყო - ამდენი საერთაშორისო გრძელვადიანი მეთვალყურის მოწვევა იმისათვის,რომ ყველა შეკითხვას გაეცეს პასუხი საერთაშორისო დონეზე და გამჭვირვალედ. ეჭვი არ მეპარება - მთავრობა მეტად აქტიურად მუშაობს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ამ არჩევნების უმაღლესი სტანდარტებით ჩატარება.”

ფაქტია, რომ ნატო ყურადღებით აკვირდება საქართველოში მოახლოებულ არჩევნებს და ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ ჯეიმს აპატურაი რადიო თავისუფლებას ბრიუსელშიც ესაუბრებოდა. გოგი გვახარიას მიერ ჩაწერილ ექსკლუზიურ ინტერვიუში გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მოკავშირეებისთვის საგანგებო მნიშვნელობის მქონეა ”საარჩევნო რეფორმა და კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიული სისტემა, ყველასათვის თანაბარი გარემო”.

ის, რომ წინასაარჩევნო გარემო ყველასათვის თანაბარი არ არის, ჯეიმს აპატურაიმ 11 ივნისს, ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრისას, მაგალითად, კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებისგან მოისმინა. ამ შეხვედრაში, კოალიციაში შემავალი პოლიტიკური ძალების გარდა, მონაწილეობდნენ: ”ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია, ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა და ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი გიორგი თარგამაძე.

ჩვენ ვთხოვეთ, რომ მათ ძალიან მკაფიო მესიჯები გააკეთონ, რადგანაც ხელისუფლება, სამწუხაროდ, არასწორად ახმოვანებს მათ ნათქვამებს და ცუდად იყენებს ...

როგორც პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, კოალიცია ”ქართულმა ოცნებამ” ჯეიმს აპატურაის მიაწოდა ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 11 ივნისს მიღებული ორი, მისი თქმით, ”უკანონო” გადაწყვეტილების შესახებ, რომელთა მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილი დაახლოებით 149 მილიონი ლარით დაჯარიმდა. აქვე ვთქვათ, რომ ხსენებული გადაწყვეტილებები კონტროლის პალატის მიერ მომზადებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ორი ოქმის საფუძველზე იქნა მიღებული. როგორც მანანა კობახიძე აღნიშნავს, ჯეიმს აპატურაისთან საუბარი ასევე შეეხო პოლიტიკური დევნის ფაქტებს, მედიის თავისუფლების პრობლემებსა თუ ხელისუფლების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომ თითქოს ”ქართული ოცნება” მხარს არ უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში და ქართველი სამხედროების მონაწილეობას ნატოს სამშვიდობო ოპერაციაში, ავღანეთში. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კოალიციის ლიდერებს ერთი სათხოვარიც ჰქონდათ:

”ჩვენ ვთხოვეთ, რომ მათ ძალიან მკაფიო მესიჯები გააკეთონ, რადგანაც ხელისუფლება, სამწუხაროდ, არასწორად ახმოვანებს მათ ნათქვამებს და ცუდად იყენებს. ხაზი გავუსვით იმასაც, რომ ასეთი მაღალი დონის სტუმრების წასვლის შემდეგ ამ ქვეყანაში ხელისუფლება რეპრესიებს სპეციალურად აძლიერებს იმის დემონსტრირებისთვის, რომ - აი, ჩვენ რა მაგრები ვართ, ვმოქმედებთ ისე, როგორც ჩვენ ვთვლით საჭიროდ...”

როგორც მანანა კობახიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ჯეიმს აპატურაი მათ მონათხრობს, ანუ ბრიუსელში ჩასატან ინფორმაციას, დიდი ყურადღებით ისმენდა და ინიშნავდა.

რაც შეხება აპატურაის სხვა შეხვედრებს თბილისში, ორშაბათს ის საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძესა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდა. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში ერთდღიანი ვიზიტი 11 ივნისს დაასრულა, ნატოს კვირეული კი გრძელდება.
XS
SM
MD
LG