Accessibility links

logo-print

რასმუსენის დაყვავება და ლავროვის მინიშნება


ნატოს გენერალური მდივნი ანდერს ფოგ რასმუსენი

ნატოს გენერალური მდივნი ანდერს ფოგ რასმუსენი

ნატოს გენერალური მდივნის მკაცრი ტონი ერთი თვის თავზე მკვეთრად შეიცვალა. „უაღრესად შეშფოთებული ვარ [არჩევნების შემდგომ] განვითარებული პროცესებით - უწინარეს ყოვლისა, საქართველოში ახლახან პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით“, - ასეთი საგანგაშო განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 12 ნოემბერს პრაღაში გამართულ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე გააკეთა. ამ შეკრებიდან ერთი თვეც არ არის გასული და, როგორც ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, ნატო უკვე „საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის“ აღიარებას აპირებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, რომელიც 5 დეკემბერს გაიმართება ალიანსის შტაბბინაში.

„ხვალ ჩვენ შევხვდებით ჩვენი ერთგული პარტნიორისა და ალიანსის წევრობის ერთ-ერთი ასპირანტი ქვეყნის, საქართველოს, საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს განაგრძოს დემოკრატიული რეფორმებისაკენ აღებული სიჩქარით სიარული“,- აღნიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმა 2012 წლის დასკვნითი მინისტერიალის წინ გაკეთებულ საგანგებო განცხადებაში.

ნატოს გენერალური მდივანი საქართველოსთან ურთიერთობის საკითხს საღამოს კიდევ ერთხელ შეეხო რუსეთ-ნატოს კომისიის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, ალიანსი მოელის, რომ მშვიდად წარიმართება კოჰაბიტაციის პერიოდი და შემდგომი არჩევნებიც საქართველოში დემოკრატიული პროცედურების დაცვით ჩატარდება. ნატოს გენერალურმა მდივანმა უარყო ხმები, თითქოს საქართველოსათვის მინისტერიალზე იგეგმებოდა მაპ-ის - გაწევრიანების სამოქმედო პროგრამის - მინიჭება, თუმცა საქართველო რომ რჩება ალიანსის წევრობის რეალურ კანდიდატად, ეს რასმუსენმა 4 დეკემბერს კიდევ ერთხელ გაიმეორა.
საქართველოს მთავრობის ამ განცხადების შესახებ ჩვენ მხოლოდ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით შევიტყვეთ. ამიტომ გვსურს გავიგოთ, თუ რას გვთავაზობენ კონკრეტულად ...

საქართველოსათვის მთავარი დღე 5 დეკემბერია. ნატო-საქართველოს კომისიაზე გაიმართება მსჯელობა საქართველოში დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობის შესახებ. მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ისაუბრებს იმ ცვლილებებზე, რომლებიც განხორციელდა და იმ სტრატეგიაზე, რომელიც საქართველოს ახალ მთავრობას ექნება ნატოში ინტეგრაციის გზაზე.

არ არის ცნობილი, შეხვდება თუ არა მაია ფანჯიკიძე ბრიუსელში თავის რუს კოლეგას, რომელიც ნატოს შტაბბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე თაბაშირში ჩასმული მარცხენა ხელით გამოცხადდა, როგორც მისმა პრესმდივანმა განმარტა, თურქეთში მიღებული „უმნიშვნელო ტრავმის“ გამო. თუმცა 4 დეკემბერს სერგეი ლავროვს რადიო თავისუფლებამ დაუსვა შეკითხვა საქართველოსთან ურთიერთობის განახლების შესაძლებლობაზე ახალი მთავრობის პირობებში.

სერგეი ლავროვი

სერგეი ლავროვი

„საქართველოს მთავრობის ამ განცხადების შესახებ ჩვენ მხოლოდ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით შევიტყვეთ. ამიტომ გვსურს გავიგოთ, თუ რას გვთავაზობენ კონკრეტულად და კონკრეტულად რისი გაკეთება იგულისხმება. ჩვენ ქართველ მეზობლებთან ურთიერთობაზე არასოდეს გვითქვამს უარი. არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ განვიხილოთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდების საკითხი იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელთაც რუსეთის ფედერაცია აყენებს მსგავი პროდუქციის იმპორტის შემთხვევაში. ჩვენ არასოდეს შეგვიწყვეტია ჰუმანიტარული კონტაქტები. ასე რომ, აქ ჩვენთვის არანაირი პრობლემები არ არის“, - განაცხადა ლავროვმა და დასძინა, საჭიროა გავიგოთ კონტექსტი, რომელშიც ეს ხდებაო.

„ჩვენი ქართველი მეზობლები ურთიერთობის ნორმალიზების მისწრაფებაზე საუბრობენ, მაგრამ ადასტურებენ, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს განიხილავენ როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებს. ვფიქრობ, ასეთი რიტორიკა ძალიან არ უწყობს ხელს დიალოგის დაწყებას ნებისმიერი წინაპირობის გარეშე“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რადიო თავისუფლების შეკითხვაზე.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG