Accessibility links

ეროვნული პროგრამის შესრულება პოზიტიურად შეფასდა


ნატოს და საქართველოს დროშები

ნატოს და საქართველოს დროშები

საქართველოს მიერ 2012 წლის წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელება ნატომ პოზიტიურად შეაფასა, - აღნიშნულია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ნატოს 2012 წლის ეროვნული პროგრამის შეფასების დოკუმენტის თანახმად, საქართველო წლიური ეროვნული პროგრამისა და ნატო-საქართველოს კომისიის ეფექტურ გამოყენებას განაგრძობს.

საქართველოს მიერ 2012 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შესრულების საკითხზე საგანგებო პრესკონფერენცია გამართა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა. მისი განმარტებით, დოკუმენტი კონფიდენციალურია და, შესაბამისად, დეტალებზე საუბარი შეუძლებელია. საკითხები კი, რომლებიც მან გამოყო, არის: 2012 წლის არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლა საქართველოში; პოლარიზებული წინასაარჩევნო გარემო; რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მცდელობები, მათ შორის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა; ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში საქართველოს, როგორც ნატოს არაწევრი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი სახელმწიფოს, წვლილი და სხვა.

ალექსი პეტრიაშვილი ამბობს, რომ დოკუმენტს ახლავს რეკომენდაციებიც, რომლებიც რეფორმების კურსის გაღრმავების აუცილებლობას ეხება ისეთ სფეროებში, როგორიცაა თავდაცვის სისტემა, სამართლებრივი სისტემა, მედია და სხვ.

”ახლა მუშავდება ახალი ყოველწლიური პროგრამა, გადაეცემა ჩვენს ნატოელ კოლეგებს და ამის შემდეგ გაგრძელდება შესაბამისად. ეს იყო მეოთხე ფაზა, დასრულდა და იქნება მეხუთე ფაზა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ნატო-საქართველოს კომისიასთან ერთად. ყოველწლიური ეროვნული პროგრამა წარმოადგენს იმ უმნიშვნელოვანეს მექანიზმს და ინსტრუმენტს, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ნატოში შემდგომ ინტეგრაციას”.
ძალიან ადვილი გასაკეთებელია დასკვნა, რომ დოკუმენტი, მთლიანობაში, არის პოზიტიური და მის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს პოზიტიურად ჩატარებული არჩევნები ...

2012 წლის წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელების თვითშეფასების დოკუმენტი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საქართველომ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს გაუგზავნა. დოკუმენტის განხილვის მიზნით, 15-16 ოქტომბერს საქართველოში ნატოს შემფასებელთა მისია იმყოფებოდა. მისიამ სამუშაო შეხვედრები წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელებაში ჩართულ უწყებებთან გამართა. ნატოს შემფასებელთა მისიის უშუალო მასპინძელთა შორის იყო ევროპისა და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მაშინდელი მოადგილე ელენე ხოშტარია. ამჟამად იგი დოკუმენტზე საიდუმლო დაშვების უფლებით აღარ სარგებლობს, მაგრამ ამბობს, რომ შეუძლია ძირითადად განსაზღვროს, რა წერია შიგ:

”ძალიან ადვილი გასაკეთებელია დასკვნა, რომ დოკუმენტი, მთლიანობაში, არის პოზიტიური და მის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს პოზიტიურად ჩატარებული არჩევნები. მიუხედავად ამისა, მე დარწმუნებული ვარ, რომ დოკუმენტში მოხვედრილია არაერთი კონკრეტული რეკომენდაცია თუ კრიტიკა, რა უნდა გამოსწორდეს. მათ შორის, მე დარწმუნებული ვარ, რომ წინასაარჩევნო პერიოდის გარკვეულ მომენტებზეც იქნება ამ დოკუმენტში რაღაცა რეკომენდაციები ან კრიტიკა, როგორ უნდა გამოსწორდეს. გარდა ამისა, აქ, ამ დოკუმენტში, საუბარია სასამართლო რეფორმაზე, მედიის თავისუფლების საკითხებზე, პროკურატურის ფუნქციონირებაზე, თავდაცვის რეფორმაზე და ასე შემდეგ.”

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე, საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ, მიუხედავად წლიური პროგრამის შესრულების დოკუმენტის პოზიტიური ტონისა, იქნება ბევრი კონკრეტული შენიშვნაც, რომლებიც ახალმა მთავრობამ გამოსასწორებელ ორიენტირებად უნდა დაისახოს.

ნატოს მიერ საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის შეფასების დოკუმენტის კრიტიკული შენიშვნებიდან კი საჯარო პრაქტიკულად მხოლოდ ის პუნქტი გახდა, რომლის თანახმად წინასაარჩევნო გარემო საქართველოში პოლარიზებული იყო და ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებისა და ზეწოლის შემთხვევებს, მისგან მომდინარე შედეგებით - დაკავებებითა და ჯარიმებით, რომლებიც ძირითადად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მიმართ ხორციელდებოდა.

წლიური ეროვნული პროგრამა და მისი შეფასების დოკუმენტი თავისი არსით არის დოკუმენტი, რომელიც სახელმწიფოს ფუნქციონირებას ნატოს სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით ასახავს და აფასებს. 2012 წლის პროგრამის მთავარი პოლიტიკური საკითხი საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იყო. არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა დოკუმენტში შეფასებულია როგორც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიის განვითარების გზაზე და მიღწევა რეგიონის ისტორიაში.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG