Accessibility links

logo-print

საქართველოში ნატოს კვირეული დაიწყო


ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი.

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი.

„ნატოში საქართველოს ინტეგრაციის თვალსაზრით ახალი გეგმების განხორციელებისა და გასულ წელს დასახული მიზნების შეფასების ღონისძიება“ - ასე უწოდა სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა ნატოს კვირეულს, რომელიც 3 ივნისს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაისთან ერთად გახსნა. კვირეულის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით დაგეგმილი ღონისძიებების გარდა, ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრებზე ივნისის ბოლოს საქართველოში დაგეგმილი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის მოსამზადებელი დეტალებიც განიხილება. ნატოს კვირეული საქართველოში მეექვსედ ტარდება.

ნატოს დღეებმა საქართველოში სტარტი სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართული საერთაშორისო სემინარით აიღო, სახელწოდებით „საზოგადოების ინფორმირება ნატოში ინტეგრაციის პროცესის შესახებ“. საქართველოში ჩატარებული ნატოს კვირეულების ისტორიაში (და ეს რიგით მეექვსე კვირეულია) პირველად, ამ სემინარს ნატოს ასპირანტი ქვეყნების - მონტენეგროს, ბოსნიისა და ჰერცოგოვინის და მაკედონიის - წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. კვირეული ალექსი პეტრიაშვილმა გახსნა და აღნიშნა, რომ მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ბევრს ილაპარაკებენ იმაზე, თუ რას აკეთებს საქართველო ნატოში გასაწევრიანებლად:
„ვილაპარაკებთ იმაზე, თუ რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს საქართველო. იმასაც ვხედავ, რომ აქ დამსწრეთა აბსოლუტური უმრავლესობა მოწადინებულია, რომ საქართველო აუცილებლად გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი“.

ჯეიმს აპატურაიმ კი განაცხადა,მართალია, საქართველოში შეიცვალა ხელისუფლება, მაგრამ არ შეცვლილა ქვეყნის პრიორიტეტებიო:

„ეს უკვე მეორედ მომეცა შანსი ნატოს კვირეულის გახსნაში მიმეღო მონაწილეობა, რის გამოც ძალიან მოხარული ვარ. ეს ქვეყანა უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს პროგრესს რეფორმების, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის, ნატოსთან მიახლოების თვალსაზრისით. მოხარული ვარ ასევე, რომ ახალი მთავრობა ამ მხრივ განაგრძობს წინა მთავრობის აღებულ კურსს, განაგრძობს და აუმჯობესებს რეფორმებს ბევრ სფეროში. ნატოს ვალდებულებები საქართველოს მიმართ უცვლელი რჩება, უცვლელია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაც საქართველო გახდეს ნატოს წევრი, როცა ის მზად იქნება ამისთვის. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ნატოში ინტეგრაციის მიმართ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა და კარგია, რომ ეს პარლამენტის რეზულუციითაც არის გამყარებული. მე ვიცი, რომ ჩემს ქვეყანაშიც, კანადაში, ნატოს მოსახლეობის 70% უჭერს მხარს, მაგრამ თუ ხალხს ვკითხავთ, რას აკეთებს ნატო, ეს მაჩვენებელი 20%-მდე ეცემა. ეს კი ძალიან ცოტაა. ვფიქრობ, იქნებ ასეთი კვირეული ჩემს ქვეყანაშიც ჩაგვეტარებინა. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ მაგალითი მისცეთ ჩემს ქვეყანას“.

მნიშვნელოვანია მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები, ვილნიუსის სამიტის შედეგები, კოჰაბიტაციის გაგრძელება და ნორმალურად დასრულება საპრეზიდენტო არჩევნებით...
კვირეულის გახსნამდე ჯეიმს აპატურაი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს, შეხვდა. ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ უსუფაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ მისი და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის საუბრის თემა იყო ის, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ მომავალი წელი ნატოში ინტეგრაციისთვის პროგრესულ წლად იქცეს:

„ამისათვის კი მნიშვნელოვანია მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები, ვილნიუსის სამიტის შედეგები, კოჰაბიტაციის გაგრძელება და ნორმალურად დასრულება საპრეზიდენტო არჩევნებით“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, ნატოს ეს კვირეული მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ საქართველო განსაკუთრებულად ემზადება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტისთვის, რომელიც ივნისის ბოლოს არის დაგეგმილი.

ალექსი პეტრიაშვილი და ჯეიმს აპატურაი

ალექსი პეტრიაშვილი და ჯეიმს აპატურაი

ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე გოცაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, რომ ნატოს კვირეული,რომელიც 3-დან 10 ივნისამდე გაგრძელდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასში ნატოს ასპირანტი ქვეყნების მონაწილეობის თვალსაზრისით:

„მონტენეგროს, ბოსნიისა და ჰერცოგოვინის და მაკედონიის გვერდით საქართველო არის მეოთხე ასპირანტი ქვეყანა. მართალია, ამ სამ ქვეყანას უკვე აქვს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, საქართველოს კი ჯერჯერობით არა, მაგრამ რეფორმების განხორციელებისა და ინტეგრაციის გათვალისწინებით ამ ქვეყნებს საქართველო არ ჩამოუვარდება... ამ ფორმატის შეხვედრა კი არის პირველი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, ზოგადადაც. ჩვენ ვცდილობთ გავამყაროთ ამ ფორმატის შეხვედრები, მით უმეტეს, რომ მოახლოვდა 2014 წლის სამიტი“.

ახალი ხელისუფლება ძველის შეცდომებისგან თავისუფალია და მას შეუძლია დღეს გამოიყენოს ის კარგი, რაც ძველი ხელისუფლების დროს გაკეთდა. თუ პროცესი ასე წავა, ეს მხოლოდ დაგვაახლოებს ნატოსთან...
ბოლო სოციოლოგიური გამოკვლევების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 76% მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას. ეს საიმედო რიცხვი, ამბობს ელენე გოცაძე, წლების განმავლობაში სტაბილური რჩება. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ამ მხრივ ბოლო წლების განმავლობაში 67% იყო. ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმღვანელი მიიჩნევს, რომ საზოგადოების ინფორმირება კიდევ უფრო ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს სწორედ იმიტომ, რომ ეს მხარდაჭერა კარგად იყოს გაცნობიერებული. საქართველომ უნდა იცოდეს, რომ ნატო არ ნიშნავს მხოლოდ სარგებლის მიღებას ქვეყნისთვის, მისი წევრობა საქართველოსათვის დიდი პასუხისმგებლობაცაა. სწორი პოლიტიკით კი საქართველოს ახალ ხელისუფლებას შეუძლია დააჩქაროს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი. ამ აზრს იზიარებენ პოლიტოლოგები თორნიკე შარაშენიძე და თენგიზ ფხალაძე:

თორნიკე შარაშენიძე: „ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო ახლოს ვიყოთ ნატოსთან, რადგან ახალ ხელისუფლებას გაცილებით მეტი შესაძლებლობა გააჩნია საამისოდ, რადგან ხელისუფლება შეიცვალა მშვიდობიანად და მას აქვს უპირატესობა თქვას, რომ საქართველო დემოკრატიის მხრივ წინ წავიდა. მას ასევე აქვს უფრო ლიბერალურის იმიჯი, ვიდრე ძველ ხელისუფლებას ჰქონდა, ამიტომ დღეს ჩვენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული - სწორი პოლიტიკით შეგვიძლაი ეს პროცესი დავაჩქაროთ“.

თენგიზ ფხალაძე: „ახალი ხელისუფლება ძველის შეცდომებისგან თავისუფალია და მას შეუძლია დღეს გამოიყენოს ის კარგი, რაც ძველი ხელისუფლების დროს გაკეთდა. თუ პროცესი ასე წავა, ეს მხოლოდ დაგვაახლოებს ნატოსთან“.

ნატოს დღეების განმავლობაში ღონისძიებები თბილისის გარდა ფოთში, სამტრედიაში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში გაიმართება. ღონისძიებებს შორისაა საქართველოსა და რუმინეთის ერთობლივი ფოტოგამოფენა, რომელიც ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ქართველი და რუმინელი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობას ასახავს და 4 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნება.
XS
SM
MD
LG